აფბა: მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ეკონომიკურ და ფინანსურ გამოწვევებს ვერ პასუხობს

210

"ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბამ" თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის(მგგ) ეკონომიკური და ფინანსური ნაწილის შესწავლაზე მუშაობა დაასრულა და კვლევის შედეგები გაასაჯაროვა.

კერძოდ აფბას კვლევაში საკვანძო საკითხებად განხილულია ფუნქციური ზონირების ცვლილება, ეკონომიკური ეფექტი და ფინანსური ნაწილის გადაწყვეტის შედეგად დედაქალაქის ბიუჯეტისთვის წარმოშობილი სავარაუდო ვალდებულებები. როგორც აღმოჩნდა თითოეული მიმართულებით უამრავი კითხვა დარჩა პასუხგაუცემელი.

ამ კუთხით პირველ რიგში აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მგგ-ს არსებული ვერსიის მიღების შემთხვევაში მნიშნელოვნად ზარალდება კერძო სექტორი. როგორც აფბა-სთვის კვლევის პროცესში უამრავი მოქალაქის მიერ ორგანიზაციაში შემოსული საჩივრების შედეგად გაირკვა, სახეზეა უამრავი კერძო საკუთრების შეზღუდვის ფაქტი, იმის გამო, რომ ყოველგვარი ინფორმირებულობისა და წინასწარი კონსულტაციების გარეშე მოხდა მოქალაქეთა კერძო საკუთრებაში არსებული დღეს მოქმედი ზონალობის შეცვლა. ასეთი კი დაახლოებითი გათვლებით 25-30 ათასი ადამიანის კერძო საკუთრებას ეხება. ეს კი იმას გულისხმობს, რომ ამ რაოდენობის მესაკუთრეების დაკმაყოფილება მოუწევს დედაქალაქის ბიუჯეტს.

როგორც აფბა-ს კვლევაშია აღნიშნული, საქმე გაცილებით უფრო რთულადაა კომერციულ ზონებში, რომლებსაც რეკრეაციული ზონის სტატუსი მიენიჭათ. ამ კუთხით ყველაზე დიდ ყურადღებას იპყრობს ე.წ. ელიავას ბაზრობის დემონტაჟი და მისი სხვადასხვა ადგილებში რელოკაცია, რაც ცხადია უამრავ კითხვებს ბადებს, როგორც უფლებრივი საკითხების ნაწილში, ისე ფინანსური საკითხების გადაწყვეტის ნაწილშიც.

ჯამში აღნიშნულ ტერიტორიას, რომელიც მოიცავს ხოშარაულისა და აგლაძის ქუჩებს, მტკვრის მარცხანა სანაპიროსა და ვახუშტის ხიდს შორის არსებულ მონაკვეთს, ფლობს 144 მესაკუთრე ფიზიკური პირი, ხოლო მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ჯამური ღირებულება აფბა-ს გათვლებიტ 230 მილიონ დოლარს აღემატება,  რასაც ემატება ამ ტერიტორიაზე განთავსებული შენობა-ნაგებობების ღირებულება, პლუს მათი დემონტაჟის ხარჯები და ახალ ტერიტორიებზე ამ ნაგებობების ხელახალი კონსტრუირება. გასათვალისწინებელია ასევე, რომ არსებული მიწის ნიადაგი რეკრეაციული ზონის განსავითარებლად გამოუსადეგარია, რისთვისაც საჭირო გახდება მიწის საფარის მოხსნა და შესაბამისი ნაყოფიერი მიწის შემოტანა, მისი სარწყავი სისტემის დამონტაჟება და შემდგომი მოვლა-პატრონობა. გადაუწყვეტელია ვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორიის ათვისების საკითხი და ასევე გვირაბების სისტემა, რომელიც ელიავას ბაზრობის და მტკვრის მარცხენა სანაპიროებს შორის უნდა მოეწყოს. სავარაუდოა, რომ ჯამში მხოლოდ ელიავას ბაზრობის საკითხის გადაწყვეტა მილიარდ დოლარს გადააჭარბებს, ხოლო ზუსტი თანხების გაანგარიშება სამწუხაროდ აფბა-სთვის მიმდინარე ეტაპზე შეუძლებელია. ცხადია ამ ყველაფრის უზრუნველყოფას დედაქალაქის ბიუჯეტი არ ეყოფა და თბილისის მერია აუცილებლად დადგება ალტერნატიული თანხების მოძიების აუცილებლობის წინაშე.

აფბამ შესაბამისი რეკომენდაციებიც შეიმუშავა. მათ შორისაა ფუნქციური ზონირების ცვლილების ნაწილში, შესაბამისი არგუმენტების და დასაბუთების მკაფიოდ წარმოდგენა და კერძო მესაკუთრეების ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინება. აგრეთვე უმჯობესი იქნება, თუ ელიავას ბაზრობას მოეხსნება რეკრეაციული ზონის სტატუსი, ვინაიდან ამ ტერიტორიის რელოკაციასთან დაკავშირებული არცერთი ფინანსური საკითხი გადაწყვეტილი არ არის და უამრავი მიკრო-ბიზნესმენი რჩება გაკოტრების რისკის წინაშე.

Comments
Loading...