არჩილ კაიკაციშვილი გიგა ზედანიას – ნუ დაემსგავსებით ჩრდილოეთ კორეას

6

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ გიგა ზედანიას მიმართავს და მოუწოდებს გადამჭრელი ზომები მიიღოს საქართველოში სეისმური ინფორმაციის ხელმისწავდომობაზე, აიღოს პასუხისმგებლობა სეისმური მონაცემების ღიაობაზე, საშუალება მისცეს ყველა მეცნიერს და დაინტერესებულ პირს ამ მონაცემების თავისუფალ წვდომაზე, ვინაიდან მიწისძვრის სრული კატალოგები (მცირე მაგნიტუდის მიწისძვრის ჩათვლით) ყველა ქვეყანაში ღიაა, გარდა ისეთი მმართველობის მქონე ქვეყნებში, როგორიც ჩრდილოეთ კორეა და რუსეთია, ინფორმაციის გაუმჭვირვალობა და ხელმისწავდომობაზე არსებული ბარიერები კი, საქართველოს მათ რიცხვში ამყოფებს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, საკითხი შეეხება ქვეყნის სეისმურ მონაცემებს, რომელსაც ფლობს და დღემდე ამუშავებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი. ირკვევა, რომ დაწესებულება უარს ამბობს მეცნიერებისთვის ხელმისწავდომი გახადოს სეისმური მონაცემები და განმარტებულია, რომ მეცნიერები აღნიშნულ მონაცემებს იღებენ საერთაშორისო ბაზებიდან, სადაც განთავსებულია მწირი მონაცემები მაგნიტუდა 3-ის ზემოთ საქართველოს ტერიტორიისთვის. ორგანიზაცია დაინტერესდა საკითხის შესწავლით და სხვადასხვა უწყებიდან გამოითხოვა ინფორმაცია, აქვს თუ არა სახელმწიფოს სეისმური უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია და ერთიანი ხედვა. ამასთან, რამდენად ხელმისწავდომია ან ღია უნდა იყოს სეისმური მონაცემები დაინტერესებული პირებისთვის, მეტადრე სფეროს კვლევით დაინტერესებული მეცნიერებისთვის, რომელთა პრეტენზიები სეისმური მონაცემების ხელმისწავდომობაზე – სამართლიანია.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, როგორც წარმატებული საგანმანათლებლო და მეცნიერული ცენტრი საქართველოში, არ უნდა დაემსგავსოს ჩრდილოეთ კორეას.

ორგანიზაციამ შესწავლის ფარგლებში წერილით მიმართა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას და მოისმინა ოფიციალური პოზიცია საკითხზე, ვის ეკუთვნის სეისმური მონაცემები საქართველოში. აკადემიის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა განყოფილება მიიჩნევს, რომ მ. ნოდიას სახ. გეოფიზიკის ინსტიტუტის მოთხოვნა მისთვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნულ ცენტრში დაცული ე.წ. საწყისს მონაცემთა ბაზაზე ხელმისწვდომობასთან დაკავშირებით – სამართლიანია. ამავდროულად, როგორც ირკვევა, ილიას უნივერსიტეტის შესაბამისი ერთეულის ხელმძღვანელი, თეა გოდოლაძე, კვლავ კატეგორიულ უარს აცხადებს ამ მონაცემების გადაცემაზე.

მსოფლიოს უამრავი ქვეყნის პრაქტიკის შესწავლის შემდეგ სამწუხარო დასკვნამდე მივდივართ,  – სეისმური ცენტრის ცენტრის დირექტორის ქმედებების გამო, საქართველო ჩრდილოეთ კორეას ემსგავსება. სეისმურ მონაცემებს მეცნიერებს მხოლოდ კიმ ჩენ ინი და თეა გოდოლაძე უმალავენ.

მოცემულობა ასეთია, რომ მეცნიერებათა აკადემიას არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი, ასეთ შემთხვევაში, რაიმე დირექტიული გადაწყვეტილების მისაღებად და საკითხზე მიუკერძოებელი და ობიექტური კომისიის შექმნა შეუძლებელია, ვინაიდან საქართველოში ამ დარგის ყველა სპეციალისტი წარმოადგენს ან ერთ ან მეორე მხარეს, კომისიის მუშაობა კი კვლავ უსაშველო დავად გადაიქცევა. საკითხზე გადაწყვეტილება, როგორც ჩანს, სასამართლომ უნდა მიიღოს.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ აგრძელებს საკითხზე ადვოკატირებას. ორგანიზაციამ უკვე მიმართა საქართველოს მთავრობას, საქართველოს პარლამენტს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტსა და სეისმური მონიტორინგის ეროვნულ ცენტრს, ნ. ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტს. შესაბამისად, ორგანიზაცია გამოთქვამს მზადყოფნას საკითხი დასვას, მათ შორის საერთო სასამართლოების გზით, თუკი სეისმური მონაცემების ხელმისწავდომობის საკითხი არ გადაწყდება მხარეთა ურთიერთშეთანხმებით.

Comments
Loading...