არჩილ კაიკაციშვილი: გიგა ზედანიას დუმილი თეა გოდოლაძეზე ხელის დაფარებას ნიშნავს

8

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი, კიდევ ერთხელ მოუწოდებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ გიგა ზედანიას საჯარო გახადოს უნივერსიტეტის პოზიცია, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ცენტრის მხრიდან სეისმური მონაცემების ხელმისწადვომობისა და ღიაობის არსებულ პრობლემასთან დაკავშირებით.

კაიკაციშვილი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, საჯარო გახდეს, თუ რა როლი და მონაწილეობა აქვს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ცენტრის დირექტორ თეა გოდოლაძის გადაწყვეტილებებში, რატომ არ ხდება გეოფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერებისთვის პირველადი სეისმური მონაცემების მიწოდება და რა სამართლებრივ პასუხისმგებლობას იღებს უნივერსიტეტი მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურის მუშაობაზე.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საკითხის შესწავლის პროცესში, ილიას უნივერსიტეტის რექტორს, 2021 წლის 28 ივლისს ოფიციალური წერილით მიმართა, რომლითაც ეთხოვა პრობლემის მიმართ შესაბამისი რეაგირება და პრობლემის გადაწყვეტა. „ჩვენ გვქონდა პოზიტიური მოლოდინი, რომ რექტორი გიგა ზედანია, რომელიც თავადაც მეცნიერია, მეცნიერების წინაშე დასმულ პრობლემურ საკითხს მეტი სოლიდარობით დაუთმობდა ყურადღებას და შეძლებდა სათანადო გამოხმაურების წარმოდგენას. ველოდით მისი მხრიდან საკითხით დაინტერესებას და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წინაშე დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ცენტრის მუშაობის შემოწმების საკითხის დასმას. თვეზე მეტი გავიდა, მაგრამ გიგა ზედანიამ გამოხმაურებას დუმილი ამჯობინა, ეს დუმილი კი თეა გოდოლაძეზე ხელის დაფარებას ნიშნავს“ – აცხადებს არჩილ კაიკაციშვილი.  

მისი განმარტებით, რამდენადაც ივლისის მიმართვას პასუხად რექტორის მხრიდან გამოხმაურება არ მოჰყვა, ორგანიზაციამ სექტემბრის თვეში, გიგა ზედანიას კიდევ ერთი წერილით მიმართა. კერძოდ, მოთხოვნილი იქნა ინფორმაცია, თუ რა შემოწმება განახორციელა 2008-2021 წლებში უნივერსიტეტის შიდა აუდიტის სამსახურმა ცენტრში და რა შედეგები იქნა დადებული. ასევე, ინფორმაცია შპს „სეისმიკ კონსალტინგ“-სა (ს/კ 204542021) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულებების მიხედვით, წლებისა და შესრულებული დაკვეთების მიხედვით, თუ რა შემოსავალი მიიღო თავად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა. აღნისნული საკითხი უაღრესად საინტერესოა იმდენად, რამდენადაც „სეისმიკ კონსალტინგი“ არის 2007 წელს დაფუძნებული კომპანია, რომლის მიზნებიც ემთხვევა სეისმური მონიტორინგის ცენტრის მიზნებს და რომლის 40%-იანი წილის მფლობელიც არის თეა გოდოლაძე და რომელიც ასევე იყო აღნიშნული კომპანიის პირველი დირექტორი. სხვა მეწილეებიც პირდაპირ კავშირში იყვნენ და არიან სეისმური მონიტორინგის ცენტრთან. კერძოდ: ზურაბ ჯავახიშვილი (30% წილის მფლობელი), მიხეილ ელაშვილი (20% წილის მფლობელი) და მალხაზ გიგიბერია (10% წილის მფლობელი), – აღნიშნავს კაიკაციშვილი.

„ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, ჯერ-ჯერობით, გამოხმაურება, არც მოთხოვნილ ამ  საჯარო ინფორმაციაზე გვაქვს. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, უნივერსიტეტის კანცელარიასთან კომუნიკაცია უშედეგოდ სრულდება. კანცელარიის წარმომადგენელი ინიშნავს ზარის მიზეზს, ჩვენს მონაცემებს და შემდეგ არავინ გვიკავშირდება. აღნიშნული ისევ გვაფიქრებინებს, რომ რექტორ გიგა ზედანიას პრინციპულად არ სურს საკითხზე პოზიციის დაფიქსირება, თუმცა უნივერსიტეტს თეა გოდოლაძისა და ცენტრის საქმიანობაზე, აუცილებლად მოუწევს სათანადო ახსნა-განმარტების გაკეთება“ – მიაჩნია კაიკაციშვილს.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ საკითხზე და სეისმურ მონაცემებზე ხელმისაწვდომობის მიზნით სამოქალაქო ადვოკატირებას ახორციელებს. ორგანიზაციის მოთხოვნას: ხელმისაწვდომი და ღია გახდეს საქართველოში  მიწისძვრის სრული კატალოგები (მცირე მაგნიტუდის მიწისძვრის ჩათვლით), შეიქმნას ერთიანი ეროვნული სტრატეგია სეისმური მონაცემების შესახებ და მეცნიერების სასარგებლოდ გადაიჭრას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ცენტრის მხრიდან შექმნილი, ხელოვნური პრობლემები, საქართველოს მთავრობა უკვე გამოეხმაურა. კერძოდ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საკითხი განსახილველად ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაეცა.

Comments
Loading...