არემჯის მხარდაჭერით,  დიდგორელის მონაწილეებმა უცნობი ბოლნისის თემაზე შემეცნებითი მინი ფილმები გადაიღეს

8

საგანმანათლებლო პროექტ დიდგორელის მონაწილეებმა გოეთეს ინსტიტუტში უცნობი ბოლნისის თემაზე შექმნილი მინი ფილმების პრეზენტაცია გამართეს.

უცნობი ბოლნისი  –  დიდგორელის კიდევ ერთი შემეცნებითი კომპონენტია, რომელიც სასკოლო კონკურსში ჩართული ახალგაზრდების მიერ საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი ისტორიული ფაქტებისა თუ ძეგლების შესახებ ვიდეოების სერიის მომზადებას ითვალისწინებს.

დიდგორელის ავტორი, ისტორიკოსი ლევან ჟვანია, პრეზენტაციაზე მოწვეულ სტუმრებს  პროექტისთვის მოძიებული მასალების შესახებ ესაუბრა და არაერთი საინტერესო ისტორიული ფაქტი გაიხსენა.  მისი თქმით,  მინი დოკუმენტურ ფილმებზე,  მუშაობა საკმაოდ შრომატევადი აღმოჩნდა, თუმცა შედეგმა გაამართლა და ვიდეოებმა მაყურებლების დიდი ინტერესი გამოიწვია:

„ყველასათვის საყვარელი და მრავალსაუკუნოვანი ბოლნისი, არაერთ მნიშვნელოვან  ისტორიულ ფაქტს თუ ნაკლებად ცნობილ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს ინახავს. სწორედ ამ უცნობი ადამიანების, ფაქტებისა თუ მნიშვნელოვანი ძეგლების შესახებ ისტორიაზე შეყვარებულმა ბოლნისელმა დიდგორელებმა, ჩვენთან ერთად მოიძიეს და დაამუშავეს საარქივო მასალები და მათი კვლევის შედეგს მინი ფილმების სახით ვთავაზობთ საზოგადოებას, სადაც მთხრობელებიც ჩვენი დიდგორელები არიან“  – აღნიშნა ლევან ჟვანიამ.

უცნობი ბოლნისის  –  ფარგლებში გადაღებული 6 მინი ფილმი ბოლნისის სიონის უძველესი წარწერების, XIII საუკუნის ისტორიული ძეგლის წუღრუღაშენის, სულხან-საბა ორბელიანის უმცროსი ძმის თბილელი მიტროპოლიტისა და მეცნიერის ნიკოლოზ ორბელიანის, ბოლნისელი ეპისკოპოსი დავითისა და კატარინენფელდში მცხოვრები  გერმანელების შესახებ საინტერესო ცნობებს  აერთიანებს.

„ძალიან გვიხარია, რომ პანდემიის მიუხედავად დიდგორელმა 2021 წელსაც მოახერხა, არაერთი საკონკურსო ტურის, კონფერენციის თუ სხვა შემეცნებითი ღონისძიების გამართვა. ვფიქრობ, რომ მინი ფილმების სერია განსაკუთრებით საინტერესო გამოვიდა და მნიშვნელოვანია, რომ ეს პროდუქტი თავად  დიდგორელების ჩართულობით მომზადდა და გავრცელდება ახალგაზრდებში.„განაცხადა არემჯის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ნატალი ნოზაძემ.

Comments
Loading...