არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 35.12 მლრდ ლარი შეადგინა

5

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2021 წლის პირველი აგვისტოსათვის 35.12 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 593.09 მლნ ლარით, ანუ 1.72%-ით მეტია პირველი ივლისისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.41%-ით მეტი).

ივლისში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების შემცირებას 471.45 მლნ ლარით, ანუ 2.93%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.27%-ით შემცირდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 1.06 მლრდ ლარით, ანუ 5.77%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 6.49%-ით).

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი აგვისტოსათვის 39.99 პროცენტი შეადგინა. პირველი ივლისის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 0.008 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით შემცირდა 0.26 პროცენტული პუნქტით).

ივლისში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6.45% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 10.23%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 0.91%.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 83.83%, ხოლო ევროს წილმა 14.75% შეადგინა.

Comments
Loading...