არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა 1-ლი დეკემბრისთვის 3.4%-ით მეტია წინა თვის მაჩვენებელზე

460

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2016 წლის პირველი დეკემბრისათვის 16.2 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 532.5 მილიონი ლარით ანუ 3.4 პროცენტით მეტია პირველი ნოემბრისათვის არსებულ მაჩვენებელზე, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 403.7 მილიონი ლარით ანუ 4.7 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე 0.5 პროცენტით), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები გაიზარდა 128.7 მილიონი ლარით, ანუ 1.8 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე შემცირდა 1.0 პროცენტით).

მიმდინარე წლის პირველი დეკემბრისათვის დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 28.85 პროცენტი შეადგინა. პირველი ნოემბრის მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, დეპოზიტების ლარიზაცია 0.45 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 4.4 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 7.8 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 3.4 პროცენტი.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 84.9 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 12.4 პროცენტი შეადგინა.

Comments
Loading...