“ანაკლიის განვითარების კონსორციუმი” და “ანაკლია სითი” სატრანსპორტო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

266

3 ნოემბერს, სასტუმრო Radisson Blu Iveria-ში, "ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა" და "ანაკლია სითის" წარმომადგენლებისა და სატრანსპორტო და სამეწარმეო სექტორის შეხვედრა შედგა.  ღონისძიებაზე პროექტის ხელმძღვანელებმა ისაუბრეს პორტისა და ანაკლიის ეკონომიკური ზონის პროგრესსა და შესაძლებლობებზე. აღნიშნულის შესახებ შესაბამისს ინფორმაციას ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ავრცელებს.

"ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა და "ანაკლია სითის" აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთი ბოჭორიშვილმა პორტის, ქალაქ ანაკლიისა და ეკონომიკური ზონის პროექტების დეტალებზე ისაუბრეს და ტრასნპორტის სფეროს წარმომადგენლების კითხვებს უპასუხეს.

"ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურს ალტერნატივა არ აქვს. ეს მომავლის პროექტია, რომელიც საქართველოს დიდ ლოგისტიკურ ჰაბად და მთავარ მოთამაშედ აქცევს. პორტი განავითარებს კორიდორს და აამოქმედებს იმ პოტენციალს და შესაძლებლობებს, რომელიც ბუნებრივად მიეცა ჩვენს ქვეყანას", – განაცხადა "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა.

"ანაკლია სითის" აღმასრულებელმა დირექტორმა, ქეთი ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ ქალაქ ანაკლიისა და ეკონომიკური ზონის განვითარების კონცეფციაზე მუშაობისას, კომპანიამ უკვე 100-ზე მეტ კომპანიასთან კომუნიკაცია დაიწყო.

დღესვე ხელი მოეწერა კორეულ კომპანია "პანტოს ლოგისტიკთან" თანამშრომლობის მემორანდუმს და კორეული კომპანიის წარმომადგენლები სატრანსპორტო სექტორთან შეხვედრასაც დაესწრნენ.

ანაკლიის პორტის სამშენებლო სამუშაოები 2017 წლის 20 დეკემბერს დაიწყება. ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პირველი ფაზის გახსნა 2021 წელს იგეგმება.

Comments
Loading...