ამხანაგობა “აქოლისი” მცხეთის მუნიციპალიტეტის განცხადებას ეხმაურება და  წაყენებულ ბრალდებებზე არგუმენტაციას ითხოვს

7

ამხანაგობა „აქოლისი“, რომელიც 8 კვალიფიციურ კომპანიას, 3 ქვეკონტრაქტორ ორგანიზაციასა და მაღალპროფესიონალ  დარგობრივ ექსპერტებს აერთიანებს, ეხმაურება მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის განცხადებას და მის ბრალდებებზე არგუმენტაციას ითხოვს.

ყველასათვის ცნობილია, რომ 2009 წლის 28 ივნისს მცხეთის ისტორიული ძეგლები UNESCO-მ, უკონტროლო-ქაოტური მშენებლობების გამო, საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების სიაში შეიყვანა. საქართველოს ხელისუფლების დიდი ძალისხმევით, 2016 წლის 13 ივლისს, მცხეთის ისტორიული ძეგლები, იუნესკოს საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხიდან რამდენიმე პირობით ამოიღეს, რომელთაგან ერთ-ერთი მთავარი ქალაქ მცხეთის მართვის ქალქმშენებლობითი დოკუმენტაციის, მათ  შორის გენერალური გეგმის შემუშავება იყო.

მცხეთის გენგეგმის კონცეფციაზე მუშაობა ამხანაგობა „აქოლისმა“ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვების საფუძველზე დაიწყო და ათამდე დარგის 100-ზე მეტი დარგობრივი ექსპერტისაა და სპეციალისტის რამდენიმე  თვიანი მუშაობის შედეგად, შეიმუშავა მცხეთის გენერალური გეგმის ისეთი კონცეფცია, რომელიც უზრუნველყოფს ქალაქის მდგრად განვითარებას, მის ისტორიულ-კულტურულ იერსახის შენარჩუნებას მოსახლეობისა და  საპატრიარქოს ინტერესების გათვალისწინების პირობებში და რაც მთავარია, ისე,  რომ არ დაზიანდეს საერთო ეროვნული ინტერესი და მცხეთამ  თავისი დამსახურებული ადგილი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს შორის შეინარჩუნოს.

გენგეგმის შემუშავების ხანგრძლივი პროცესი მოიცავდა საბაზისო და დარგობრივ კვლევებს, საკვლევი არეალის სრულ დაფარვით ინვენტარიზაციას, 3D (საჰაერო) გადაღებას, ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმისა და სტრატეგიული გარემოსდაცვითი დოკუმენტების მომზადებას,  სოციოლოგიურ კვლევებს. გარდა ამისა, ოცამდე შეხვედრა ჩატარდა მოსახლეობასა და სხვა დაინტერესებულ პირებთან. აღსანიშნავია, რომ კონცეფციაში ასახულ იდეებზე საკუთარი მოსაზრებები გამოგზავნა შეეძლო ყველა დაინტერესებულ პირს.

სწორედ ასეთი მოცულობითი სამუშაოების საფუძველზე, შემუშავდა კონცეფციის შემოთავაზებები, თუ  როგორ უნდა განვითარდეს ისტორიული ქალაქი ყველა მასთან დაკავშირებული მხარის და საერთო ეროვნული ინტერესის გათვალისწინებით. ამასთან, კონცეფციაში მოყვანილი ყველა იდეა შემდგომში უნდა შეფასდეს HIA-ს ანუ ისტორიულ-კულტურულ ძეგლებზე ზემოქმედების დამატებითი შეფასებით.

ამხანაგობა „აქოლისის“ მიერ მომზადებული გენერალური გეგმის კონცეფცია მოიწონა მთავრობის მიერ შექმნილმა პროეფესიულმა საბჭომ,  ხოლო UNESCO-სა და ICOMOS-ის საერთაშორისო ექსპერტები ადგილზე გაეცნენ ჯგუფის მუშაობას და  განიხილეს შემუშავებული კონცეფცია, რის შედეგადაც მათი რეკომენდაციების გათვალისწინებით მეორე ეტაპზე მომზადებული კონცეფცია დადებითად შეაფასეს და პროექტის გაგრძელების მხარდაჭერა დაადასტურეს. https://www.youtube.com/watch?v=AlXoSEBVXHw

2020 წლის 30 დეკემბერს უწყებათაშორისმა საბჭომ, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნის შესაბამისად, დოკუმენტი განსახილველად მცხეთის მუნიციპალიტეტს გადაუგზავნა.

ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტმა, ნაცვლად კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულების შესრულებისა – გამოექვეყნებინა დოკუმენტი  და  საჯარო განხილვისა და ობიექტური შეფასების საგნად ექცია იგი, კონკრეტული არგუმენტების გარეშე, დაიწყო ცილისმწამებლური კამპანია ამხანაგობა „აქოლისის“ მიმართ და მცხეთის გენერალური გეგმის კონცეფცია კონკრეტულ პირებსა და კერძო ბიზნეს-ინტერესებზე მორგებულად გამოაცხადა.

ვინაიდან გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ქალაქის მუნიციპალიტეტის ქმედება ემსახურება  საზოგადოებაში, განსაკუთრებით მცხეთის მოსახლეობაში მხოლოდ არასწორი დამოკიდებულების წინასწარ ჩამოყალიბებას გენგეგმის კონცეფციის მიმართ, კატეგორიულად მოვითხოვთ მცხეთის მუნიციპალიტეტმა, ადგილობრივმა თვითმართველობამ და ბატონმა დიმიტრი ხუნდაძემ წარმოადგინონ მტკიცებულებები, რითაც დადასტურდება მათ მიერ გამოთქმული ბრალდებები.

ამასთან, ვინაიდან მცხეთის მუნიციპალიტეტი არ ასრულებს დოკუმენტის გასაჯაროების კანონით დაკისრებულ ვალდებულებას და რადგან მცხეთა თავისი მსოფლიო მნიშვნელობით ეკუთვნის როგორც მცხეთის მუნიციპალიტეტს, ისე  სრულიად საქართველოს, ამხანაგობა „აქოლისი“ მზად არის საჯარო გახადოს კონცეფციის დოკუმენტი, არამხოლოდ მცხეთის მუნიციპალიტეტისთვის, არამედ მთლიანად საქართველოს მოსახელობისთვის და გამართოს საჯარო შეხვედრები პროფესიული წრეებისა თუ სხვა დაინტერესებული მხარეებისათვის.

აღნიშნული მოქმედება დააჩქარებს გენერალური გეგმის შემუშავების პროცესს, რაც  ერთადერთი გამოსავალია მათ შორის იმისათვის, რომ დროულად გაუქმდეს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ცენტრის რეკომენდაციით საქართველოს მთავრობის მიერ ქალაქ მცხეთაში დადგენილი დროებითი რეჟიმი – მორატორიუმი.

აქვე, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია ქალაქ მცხეთის გენგეგმის კონცეფციის შემუშავებაში და  ამხანაგობა „აქოლისის“ შემადგენლობაში ჩართული კომპანიების ჩამონათვალი: (ა(ა)იპ „საქართველოს სივრცითი განვითარების მართვის ინსტიტუტი“; შპს „ნიუ სითი დეველოპმენტი“; შპს „თავისუფალი არქიტექტორები“,  შპს „დისტანციური ზონდირებისა და გეოინფორმაციული სისტემების საკონსულტაციო ცენტრი გეოგრაფიკი“, ა(ა)იპ „ინჟინრული აზრი“; შპს „ეს თი ეს“, შპს „პროექტ სერვისი XXI“, შპს „ჯ.თ.გ სტუდია“, შპს „რუკა მაპინგი“, შპს „დი პი ეი კონსალტინგი“, შპს „კოლიერსი“.

Comments
Loading...