ამნისტია სამშენებლო სექტორისთვის – რას სთავაზობს მერია მშენებლებს

12

გუშინდელი დღიდან, საქართველოს პარლამენტმა დაიწყო საკომიტეტო მოსმენები სამშენებლო ამნისტიის საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით და იმედი მაქვს, პარლამენტი მხარს დაუჭერს ამ საკანონმდებლო წინადადებას. – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

“საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს 2020 წლის 18 აგვისტომდე დასრულებულ მშენებლობებზე დაფიქსირებული დარღვევების პატიებას და მათ საფუძველზე გამოწერილი ადმინისტრაციული ჯარიმების გაუქმებას.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რაც მინდა ინფორმაციის სახით მივაწოდო სამშენებლო სექტორს, არის ის რომ, მათივე თხოვნით, რეგულაცია, რომელიც ითვალისწინებს ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობა-ნაგებობების ელექტროენერგიით და ბუნებრივი აირით მომარაგების აკრძალვას, ამოქმედდება 2022 წლის პირველი იანვრიდან და გავრცელდება მხოლოდ ამ თარიღის შემდგომ გაცემულ სამშენებლო ნებართვებზე.

საკანონმდებლო პაკეტი ასევე ითვალისწინებს პასუხისმგებლობის დამძიმებას დაუმორჩილებლობაზე. მხედველობაში მაქვს, მუნიციპალური ინსპექციის მხრიდან მშენებლობის შეჩერების მოთხოვნის დაუმორჩილებლობა და ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.

ვფიქრობ, მნიშვნელოვანი გარემოებაა როგორც სამშენებლო დარღვევების პატიება, სამართლებრივი ტვირთის მოხსნა სამშენებლო კომპანიებზე და უძრავი ქონების მესაკუთრეებზე, ასევე პასუხისმგებლობის დამძიმება, რაც მომავალში აგვარიდებს ასეთი ტიპის დარღვევებს დედაქალაქის მასშტაბით.”- განაცხადა კახა კალაძე.

Comments
Loading...