ამერიკის საელჩო TBC ბანკის საქმეზე: შეშფოთებას გამოვთქვამთ ბრალის წაყენების კონტექსტთან დაკავშირებით

36

ამერიკის საელჩო, თავის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე, საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ თიბისი ბანკის თანადამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ წაყენებული კრიმინალური ბრალდებების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც შეშფოთებას გამოთქვამს ბრალის წაყენების კონტექსტსა და დროის გარემოებასთან დაკავშირებით.

გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ „თი-ბი-სი“ ბანკის თანადამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ წაყენებული კრიმინალური ბრალდებების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.

ჩვენ შეშფოთებას გამოვთქვამთ ბრალის წაყენების კონტექსტსა და დროის გარემოებასთან დაკავშირებით.

მიუკერძოებელი და გამჭვირვალე სამართლებრივი სისტემა, რომელიც თავისუფალია პოლიტიკური გავლენისაგან, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს დასავლური ინტეგრაციისა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის საქმეში.

ჩვენ კვლავ მხარს ვუჭერთ ანაკლიის პორტის პროექტს, რომელიც ამერიკული ინვესტიციის მნიშვნელოვანი წყაროა საქართველოში და, რომელსაც აქვს პოტენციალი, ხელი შეუწყოს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას.“ – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს თიბისი ბანკმა გაავრცელა ოფიციალური განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ბანკის სამეთვალყურეო საბჭომ დაუყოვნებლივ დანიშნა თიბისი ბანკის ჯგუფის სამეთვალუყურე საბჭოს თავმჯდომარედ უფროსი დამოუკიდებელი დირექტორი ნიკოლოზ ენუქიძე.

Comments
Loading...