ავსტრიის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა კნაისლმა “როსნეფტი” დატოვა

8

ავსტრიის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, კარინ კნაისლმა, რუსული კომპანია “როსნეფტის” დირექტორთა საბჭოს წევრის თანამდებობა დატოვა.

“განცხადებაში მითითებულია, რომ გადაწყვეტილება ძალაში 20 მაისს შევიდა. დოკუმენტი ასევე შეიცავს უარს ქ-ნი კნაისლის დირექტორთა საბჭოში უფლებამოსილების მეორე ვადით გახანგრძლივებაზე”, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 23 მაისს. მიზეზები, რამაც ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილ ხელმძღვანელს ეს ნაბიჯი გადაადგმევინა, არ სახელდება.

კარინ კნაისლი “როსნეფტის” დირექტორთა საბჭოში ერთი წელი იყო. ავსტრიაში მას აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ აგრძელებდა მუშაობას რუსეთის სახელმწიფო კონცერნში, უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის მიუხედავად. 2017 წლიდან 2019 წლამდე იგი მუშაობდა ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრად. 2018 წლის ზაფხულში კნაისლის ქორწილს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დაესწრო. შემდეგ მან მედიას განუცხადა, რომ ქორწილში “სპონტანურად” მიიწვია კოლეგები და პუტინი, რომელიც იმ დროს ავსტრიაში იმყოფებოდა.

20 მაისს ცნობილი გახდა, რომ გერმანიის ყოფილმა კანცლერმა გერჰარდ შროდერმა და ასევე Nord Stream 2 AG-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მათიას ვარნიგმა დატოვეს “როსნეფტის” დირექტორთა საბჭო. შროდერი ამ ორგანოში 2017 წლიდან იყო, ხოლო ვარნიგი, აღმოსავლეთ გერმანიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, რომელიც პუტინის პირად მეგობრად ითვლება – 2011 წლიდან.

Comments
Loading...