ავეჯის მწარმოებელი კომპანიების ხელშეწყობისთვის კადრების გადამზადების ცენტრის შექმნა იგეგმება

37

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც გიორგი ქობულიასა და ავეჯის მწარმოებელი კომპანიების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე აქტიურად განიხილეს, სექტორში კვალიფიციური კადრების ზრდის ხელშეწყობა და ამისთვის სპეციალური პროგრამების შექმნა იყო. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა ეკონომიკის მინისტრის ინიციატივით შედგა და მოწვეულ სტუმრებს იყვნენ იმ კომპანიების წარმომადგენლებიც, რომლებმაც მინისტრთან შეხვედრა მედიის საშუალებით მოითხოვეს და მათ ამის შესაძლებლობა მიეცათ.

ხის დამამუშავებელთა და ავეჯის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტის, ბორის ივანიშვილის შეფასებით, მინისტრთან შეხვედრა საინტერესო და შედეგიანი იყო.

“ძალიან კარგი შეხვედრა იყო, მინისტრმა მოისმინა ის პრობლემები, რომლებიც აქვს ავეჯის წარმოებას, ხის დამუშავებას და მისგან გარკვეული დაპირებებიც იქნა გაცემული, მათ შორის, მთავარი, რაც დღეს აქვს ავეჯის მწარმოებლებს, არის მენეჯმენტის და პროფესიონალი მუშახელის მომზადება. დაისვა საკითხი, რომ ამისთვის გარკვეული ბაზა შეიქმნას, გაიხსნას სასწავლო ცენტრი, სადაც მოწვეული იქნებიან უცხოელი სპეციალისტები და მოხდეს შესაბამისი განათლების მიღება – აღნიშნა ასოციაციის ხელმძღვანელმა.

კადრების გადამზადების აუცილებლობაზე აკეთებს აქცენტს საზოგადოებრივი კოლეჯის, “სპექტრის” დირექტორი მათე ტაკიძეც. მისი შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, როცა პროფესიულ განათლებასთან მიმართებაში ეკონომიკის მინისტრის ხედვა კონკრეტულად არის ჩამოყალიბებული.

“ავეჯის წარმოებაში დღეს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ადამიანური რესურსი და კვალიფიკაციის ნაკლებობა. პრინციპში, დღეს მოხდა შეთანხმება, რომ მომავალი წლიდან დაიგეგმოს მინიმუმ ორი ათასი ადამიანის გადამზადება, რაც გაზრდის როგორც ქართული წარმოებას, ასევე ხელს შეუწყობს ქვეყანაში ეკონომიკის განვითარებას. ვთვლი, რომ შეხვედრა მინისტრთან, სადაც კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღება, უმნიშვნელოვანესია ბიზნესისთვის”, – განაცხადა ტაკიძემ.

შპს “კასა ვერდეს” დირექტორის, დავით ბაჩილავას თქმით, ავეჯის წარმოება საკმაოდ საინტერესო სექტორია და ის მიდგომა, რომელიც მინისტრს აქვს, საკმაოდ დადებითია.

“მოვიდა ის დრო, რომ სამინისტრო, ზოგადად მთავრობა, მეტად უნდა ჩაერიოს ამ საკითხებში – ჩარევაში ვგულისხმობ მენეჯმენტის განხორციელებაში მხარდაჭერას. მსოფლიო ბაზრისთვის ქართული წარმოება საკმაოდ პატარაა, მოთხოვნა ბაზარზე კი საკმაოდ დიდია, ამას ჩვენ ვერ შევავსებთ, თუმცა, როგორც მცირე, ასევე მსხვილ მეწარმეებსაც უჭირთ ბაზრის მოძიება და ამაში გვჭირდება პირველ რიგში დახმარება. ამის მზაობა არსებობს, როგორც მივხვდი და ეს ძალიან კარგია, რადგან ამაზე კარგ საქმეს ვერაფერს ვერ გავაკეთებთ”, – განაცხადა დავით ბაჩილავამ.

ავეჯის მწარმოებელ კომპანიებთან შეხვედრა სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით თბილისში, “ხელოსნების ქალაქში” გაიმართა, სადაც 200-ზე მეტი საწარმო მუშაობს. კლასტერში 1500-მდე ადამიანია დასაქმებული და ამ ციფრის მნიშვნელოვნად გაზრდა იგეგმება. “ხელოსნების ქალაქი” აერთიანებს მასალის და ფურნიტურის მომწოდებელ კომპანიებს, დიზაინერთა ასოციაციას, მანქანა დანადგარებით მომსახურე ფირმებს, სამღებრო საამქროებს და ა.შ. კლასტერი 80 000 კვ.მ მიწის ფართობზეა გაშენებული და დამფუძნებლების მიერ შემუშავებულია მშენებლობის გენერალური გეგმა კიდევ 40 000 კვ. მ. მიწის ფართობზე. 2017 წელს “ხელოსნების ქალაქს” სოციალური მომსახურების სააგენტოსგან წლის საუკეთესო პარტნიორის სტატუსი მიენიჭა.

Comments
Loading...