აბრეშუმის გზის ფონდი და საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო ერთობლივ სამუშაო ჯგუფს შექმნიან

374

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ შეხვედრა გამართა აბრეშუმის გზის ფონდის ხელმძღვანელ პირებთან. შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და ჩინეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

ფონდის წარმომადგენლებთან საუბრისას გიორგი გახარიამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოსა და ჩინეთს შორის გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების მნიშვნელობას და ისაუბრა იმ ეკონომიკურ სარგებელზე, რასაც თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი მოუტანს ჩინეთსა და საქართველოს ახალი აბრეშუმის გზის ფარგლებში. მინისტრის განცხადებით, საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა და საინვესტიციო გარემო ქვეყანას საშუალებას აძლევს გაზარდოს არსებული პოტენციალი, გახდეს რეგიონალური მნიშვნელობის  სატრანსპორტო და ლოგისტიკური ჰაბი და აზიასა და ევროპას შორის სავაჭრო ტვირთების უმოკლეს დროში ტრანსპორტირებისას შეასრულოს მნიშვნელოვანი ფუნქცია. მინისტრმა ასევე ისაუბრა საქართველოში მიმდინარე იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც განსაკუთრებულ როლს შეიძენს აბრეშუმის გზის სატრანსპორტო კორიდორის სწრაფ განვითარებაში. 

მხარეები მიესალმნენ ჩინეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებას,  რომელიც ხელს შეუწყობს ვაჭრობის განვითარებას და ამ მიმართულებით დამატებითი ბარიერების აღმოფხვრას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია „სარტყელი და გზის“ ინიციატივის განხორციელებისთვის.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აბრეშუმის გზის ფონდის მნიშვნელობაზე "სარტყელი და გზის" პროექტის მონაწილე ქვეყნების ინფრასტრუქტურული და ენერგოდერეფნების განვითარების მიმართულებით. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო, როგორც "სარტყელისა და გზის" ინიციატივის  აქტიურად მონაწილე ქვეყანა, დაინტერესებულია ფონდთან თანამშრომლობით, რათა მისი საშუალებით მოხდეს საქართველოს მიერ სხვადასხვა მიმართულებით განსახორციელებული პროექტების განვითარების ხელშეწყობა, სატრანზიტო პოტენციალისა და "სარტყელისა და გზის" პროექტში საქართველოს როლის გაზრდა.

მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რაზეც მხარები შეთანხმდნენ, იყო  ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელიც კონკრეტული პროექტების განვითარების მიმართულებით იმუშავებს. 

აბრეშუმის გზის ფონდის ხელმძღვანელობას  გიორგი გახარიამ ინფორმაცია მიაწოდა  2017 წლის ნოემბერში საქართველოში დაგეგმილი თბილისის ფორუმის "სარტყელი და გზა" შესახებ და ფონდის წარმომადგენლები ღონისძიებაზე მიიწვია.

აბრეშუმის გზის ფონდი პროექტის "სარტყელი და გზა" ხელშეწყობისთვის ჩინეთის ინიციატივით შეიქმნა და მისი კაპიტალი 40 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა. 14 მაისს პეკინში გამართულ საერთაშორისო ფორუმზე "სარტყელი და გზა" ჩინური მხრიდან ცნობილი გახდა, რომ ფონდს კიდევ 14 მილიარდ დოლარზე მეტი დაემატება.

Comments
Loading...