მთავარი » ბიზნესი » "ანაკლიის განვითარების კონსორციუმი": "ლაპის ლაზული" ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია
"ანაკლიის განვითარების კონსორციუმი": "ლაპის ლაზული" ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია
17:17 | 18 ნოემბერი, 2017

"ანაკლიის განვითარების კონსორციუმი": "ლაპის ლაზული" ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია

2017 წლის 15 ნოემბერს ქალაქ აშხაბადში, საქართველოს, ავღანეთს, თურქმენეთს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის ხელი მოეწერა ავღანეთიდან სამხრეთ კავკასიის გავლით, ევროპის მიმართულებით ახალი სატრანსპორტო დერეფნის "ლაპის ლაზულის" შეთანხმებას.

"ლაპის ლაზულის" დერეფანი ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანსპორტო და სავაჭრო ჰაბის პოზიციონირებას. იგი ქვეყანას წარმოაჩენს, როგორც მნიშვნელოვან სატრანსპორტო და სავაჭრო დერეფანს ევროპასა და აზიას შორის.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, რომლის ინფრასტრუქტურა თანამედროვე ტექნოლოგიებითა და უმაღლესი სტანდარტებით იქმნება, არის მნიშვენლოვანი წინაპირობა საქართველოსთვის, გახდეს კონკურენტუნარიანი  დერეფანი და ეფექტური მოთამაშე "ლაპის ლაზულის" სატრანსპორტო კორიდორში. პორტის გამტარუნარიანობა და შესაძლებლობა, მიიღოს პანამაქსის და პოსტპამანაქსის ტიპის გემები და გაატაროს ტვირთების დიდი რაოდენობა ავღანეთს, სამხრეთ აზიის სხვა  სახელმწიფოებსა და ევროპას შორის, ქვეყანას აქცევს სანდო და ხანგრძლივ პარტნიორად საერთაშორისო  სატრნასპორტო მარშრუტში ჩართული ქვეყნებისთვის.

აღსანიშნავია, რომ სავაჭრო ბრუნვამ ევროპასა და სამხრეთ აზიას შორის ბოლო 16 წლის განმავლობაში დაახლოებით 100 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.  მათ შორის ტვირთების გადაზიდვის დიდი ნაწილი საზღვაო გადაზიდვებით ხორციელდება და ამ მაჩვენებლის კიდევ უფრო გაზრდის პერსპექტივა და გათვლები არსებობს. "ლაპის ლაზულის" მარშრუტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი საზღვაო გადაზიდვების ხანრძლივობის შემცირება იქნება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სტრატეგიული განლაგება კი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია  ზემოაღნიშნული მიზნის განხორციელებისთვის.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ქვეყნის ახალ საერთაშორისო დერეფანში ჩართვა დამატებითი ხელშემწყობი ფაქტორია საერთაშორისო სატრანსპორტო და ლოგისტიკური კომპანიებისა თუ სხვა ბიზნესების დაინტერესებისთივს, რომლებიც ევროპასა და აზიას შორის ტვირთების გადაზიდვაში არიან ჩათულნი და ჩვენს რეგიონში ახალ შესაძლებლობებს ეძებენ.

"ლაპის ლაზული" არის პროექტი, რომელიც ხაზს უსვამს ქვეყანაში თანამედროვე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობას, იმისათვის რომ გავხდეთ სანდო პარტნიორი პროექტის მონაწილე ქვეყნებისთვის და თავი დავიმკვიდროთ, როგორც რეგიონულმა ჰაბმა.

პროექტის აქტუალობა კიდევ ერთხელ გვაჩვენებს ორი - სახელმწიფო და კერძო სექტორის შესაძლებლობების გაერთიანების მნიშვნელობას; კერძოდ კი, საქართველოს მთავრობასა და ისეთ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტს შორის თანამშრომლობას, როგორიც ღრმაწყლოვანი პორტის, ქალაქ ანაკლიისა და თავისუფალი ზონის განვითარებაა. ერთი მხრივ, საქართველოს მთავრობა ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაძლიერების და ახალი მარშრუტების  პროცესშია ჩართული. მეორე მხრივ კი ანაკლიის პორტი  (კერძო ინვესტიცია) არის მნიშვნელოვანი მოთამაშე, რომელიც ქვეყანაში ტვირთს და ახალ ბიზნეს ინვესტიციებს მოიზიდავს. ­