"გადაბარების პროცესთან დაკავშირებით მერიაში მისვლა არ გულისხმობს, რომ "სი-ტი პარკი" წყვეტს რაიმე სახის სამართლებრივ დავას"

"გადაბარების პროცესთან დაკავშირებით მერიაში მისვლა არ გულისხმობს, რომ "სი-ტი პარკი" წყვეტს რაიმე სახის სამართლებრივ დავას"

თბილისის მერის კახა კალაძის გადაწყვეტილებით, შპს „სი-ტი პარკს" ხელშეკრულება 2018 წლის 10 აპრილიდან შეუწყდება და  კონტრაქტის გაუქმების დღიდან, პარკირების ახალი სისტემის ჩამოყალიბებამდე, "სი-ტი პარკის" ფუნქციებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს.

როგორც "სი-ტი პარკში" განაცხადეს, დედაქალაქის მერმა გადაწყვეტილება ისე მიიღო, რომ  ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით მათთვის ცნობილი არ იყო და ამავე დროს, მერის 2017 წლის განკარგულება სასამართლოში გასაჩივრებული იყო. თუმცა თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ხმალაძე აცხადებს, რომ "სი-ტი პარკის" საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლომ წარმოებაში სხვადასხვა მიზეზების გამო არ მიიღო.

კომპანია "სი -ტი პარკის" იურისტი თამარ შუბითიძე კი განმარტავს: "როგორც ჩანს, ბატონ ირაკლის არ ჰქონდა სრულყოფილი ინფორმაცია მიწოდებული სააპელაციო სასამართლოს განჩინებასთან დაკავშირებით.  ჩვენ პრესკონფერენციაზე განვაცხადეთ, იმ პირობებში, როდესაც შპს "სი-ტი პარკი" არ დაეთანხმა თბილისის მთავრობის მიერ ოქტომბრის თვეში მიღებულ გადაწყვეტილებას, დადგენილ ვადაში გაასაჩივრდა თბილისის საქალაქო სასამართლოში. პირველი ინსტანციის სასამართლოს ჯერ არ უმსჯელია და არ დაუდგენია მერიის მიერ გამოცემული აქტი რამდენად კანონიერია".

თბილისის მერიამ განმეორებითი დარღვევებისთვის შეწყვიტა ხელშეკრულება, სწორეს ეს გახლავთ ერთ-ერთი მთავარი საფუძველი და კომპანიას მიაჩნია, რომ თბილისის მერიის გადაწყვეტილება ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.

შპს "სი-ტი პარკმა" თბილისის სააპელაციო სასამართლო გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება კერძო საჩივრით და  სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 26 თებერვლის განჩინებით 3ბ/203-18 (ოქტომბრის განკარგულების თაობაზე), პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ გაუქმდა და სარჩელი განსახილველად დაუბრუნდა თბილისის საქალაქო სასამართლოს. საქმე საქალაქო სასამართლოშია და არსებითი განხილვა ჯერ არ დაწყებულა.

"მინდა დავაკონკრეტო, ეს დავა ეხება თბილისის მერიის მიერ გამოცემულ განკარგულებას, სადაც მერია გვედავებოდა მისამართებთან დაკავშირებით არასათანადო მოწყობას. რაც შეეხება აგვისტოს თვეში გამოცემულ განკარგულებას, ამასთან დაკავშირებითაც შეტანილია სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში. რაც შეეხება, ჩვენს ეხლანდელ შეხვედრას თბილისის მერიაში, ეს  გვევალება, რადგან ხელშეკრულებით ერთ-ერთი მუხლი დევს ამის შესახებ. "სი-ტი პარკი" პატივს სცემს მის მიერ ნაკისრ ვალდებულებას, იმ პირობებს და შეთანხმებებს.

გადაბარების პროცესთან დაკავშირებით მერიაში მისვლა არ გულისხმობს იმას, რომ კომპანია წყვეტს რაიმე სახის სამართლებრივ დავას. "სი-ტი პარკი" გააგრძელებს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მექანიზმს, რითიც შესაძლებელი იქნება დაიცვას მისი უფლებები".

შეგახსენებთ,  თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ხმალაძის განმარტებით:

"განკარგულება, რომლითაც მოხდა კომპანიის გაფრთხილება საპარკინგე ინფრასტრუქტურის მოუწყობლობის გამო, კომპანიამ სასამართლოში გაასაჩივრა, რომელიც სასამართლომ წარმოებაში სხვადასხვა მიზეზების გამო არ მიიღო, მათ შორის დაუდგინეს ხარვეზი. აქედან გამომდინარე, ჩვენი აქტი, რომლის საფუძველზეც გავგზავნეთ შეტყობინება, არც გაუქმებულია და არც შეჩერებული, შესაბამისად, ჩვენი გადაწყვეტილება შეწყვეტასთან დაკავშირებით, არის სრულიად ლეგიტიმური".