ქუმსიშვილი: "ქართული მინერალური მასალების" საწარმო მოამარაგებს "კაპაროლის", "კნაუფსა" და "ჰენკელს"

ქუმსიშვილი: "ქართული მინერალური მასალების" საწარმო მოამარაგებს "კაპაროლის", "კნაუფსა" და "ჰენკელს"

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა შპს "ქართული მინერალური მასალების" ქვიშისა და კირქვის გადამამუშავებელი საწარმო გახსნა. ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
 
საწარმო პირველ ეტაპზე 60, ხოლო  უახლოეს პერიოდში 400-ზე მეტ ადამიანს დაასაქმებს. კომპანიამ "ქართული მინერალური მასალები" საწარმოში 7 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, კომპანიას სამომავლოდ დაგეგმილი აქვს ნედლეულის მომპოვებელი და გადამამუშავებელი საწარმოების დიდი გაერთიანების შექმნა, რაც, რა თქმა უნდა, მისასალმებელია.
 
"ამ საწარმოს გახსნა და მისი წარმატებით ფუნქციონირება კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რამდენად მდიდარია საქართველო სასარგებლო წიაღისეულით, მათ შორის ისეთი რესურსებით, როგორც არის კვარციანი ქვიშები, კირქვა და სხვა სამშენებლო მასალები. აღსანიშნავია, რომ ამ ტიპის რესურსებზე მოთხოვნა უკანასკნელ წლებში მნიშვნელოვნად გაზრდილია.  შესაბამისად, ჩვენ დავიწყეთ  წიაღის მართვის რეფორმა, რომლის  ფარგლებში ვგეგმავთ განვავითაროთ მიმზიდველი საინვესტიციო გარემო, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი ნედლეულის მოპოვება/გადამუშავებას საქართველოს ტერიტორიაზე და  პოზიტიურად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
 
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნედლეულის მოპოვება მოხდება ზემო იმერეთსა და რაჭაში, რაც კიდევ უფრო გაზრდის რეგიონის ეკონომიკურ აქტივობას.
 
გადამუშავებული ნედლეულით "ქართული მინერალური მასალები" მოამარაგებს ისეთ ბრენდებს, როგორიცაა "კაპაროლი", "კნაუფი", "ჰენკელი" და ა.შ. შესაბამისად, ასეთი კომპანიები უკვე საქართველოში ნაწარმოები ხარისხიანი მასალის გამოყენებით შექმნიან საბოლოო პროდუქტებს წებო-ცემენტების, ბათქაშებისა და სხვა მშრალი სამშენებლო ნარევების სახით.
 
კომპანია პირველივე ეტაპზე შეძლებს წლიურად 50 000 ტონა ნედლეულის წარმოებას და  ეს ციფრი შემდგომში გასამმაგდება. 
 
"ეს ნიშნავს, რომ წებო-ცემენტის  მწარმოებლებს მიეცემათ შანსი გამოიყენონ ქართული, ხარისხიანი ნედლეული, რაც შექმნის საფუძველს, რომ საქართველოსთვის საჭირო წებო-ცემენტის იმპორტი ჩანაცვლდეს ადგილობრივად  ნაწარმოები, მაღალხარისხიანი  პროდუქციით", - განაცხადა საწარმოს გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას დიმიტრი ქუმსიშვილმა.
 
პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, მნიშვნელოვანია მოხდეს წიაღისეული რესურსებით კერძო სექტორის დაინტერესება, ამისთვის კი აუცილებელია, რომ  გეოლოგიური ინფორმაცია, რომელიც აქვს სახელმწიფოს სხვადასხვა ტიპის საბადოებთან დაკავშირებით, იყოს ხელმისაწვდომი დაინტერესებული პირებისათვის, რათა გაიზარდოს ლიცენზიის გაცემაზე მომართვიანობა და შესაბამისად, სახელმწიფომ შეძლოს ერთის მხრივ განკარგოს მის საკუთრებაში არსებული რესურსი, გახადოს საინტერესო და მიმზიდველი კერძო სექტორისათვის და მეორეს მხრივ, უზრუნველყოს წიაღის რაციონალური სარგებლობა.
 
"ვფიქრობთ,  ჩვენ მიერ დაწყებული პროცესები გაზრდის ახალი საბადოების გახსნისა და დამუშავების შესაძლებლობას, წიაღისეული რესურსების პოტენციური მოსარგებლეთა დაინტერესებას, შეიქმნება კონკურენტული გარემო და  გაიზრდება სამთო-მოპოვებითი მრეწველობის წილი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდის მაჩვენებელში. ამ მიზნის მიღწევა კერძო სექტორის თანადგომის გარეშე შეუძლებელია", - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ქალაქ რუსთავის ნაწილს 20 აგვისტოს გაზმომარაგება შეუწყდება

ქალაქ რუსთავის ნაწილს 20 აგვისტოს გაზმომარაგება შეუწყდება

17 აგვისტო, 2018

მიმდინარე წლის 20 აგვისტოს დილის 09:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე ქალაქ რუსთავში კერძოდ, VII, VIIა, VIIბ, VIII მიკრორაიონებს, ლომოურის ქუჩას, ლომოურის გასავლელს, შარტავას გამზირის №4-ს, მელიქიშვილის I და VII გასავლელებს გაზმომარაგება შეუწყდება. ამის შესახებ...