RMG განცხადებას ავრცელებს

RMG განცხადებას ავრცელებს

გვინდა,  გამოვეხმაუროთ საყდრისის ტერიტორიაზე 14  პოლიტიკური პარტიის მიერ დღეს 2018 წლის 19 მარტს მოწყობილ პროვოკაციას და შეშფოთება გამოვთქვათ ბოლო დროს კომპანია RMG- ის გარშემო მიმდინარე პროცესების გამო, - ამის შესახებ განცხადებას "არემჯი" ავრცელებს.

მოგეხსენებათ, პოლიტიკურმა პარტიებმა სოფელ დიდი დმანისის მომიჯნავე  16 ჰექტარი მიწის ნაკვეთის ადგილზე ნახვა გადაწყვიტეს, რომელიც ხვალ  აუქციონის გზით, იჯარით უნდა გაიცეს.

მიუხედავად იმისა, რომ  აღნიშნულ მიწის ნაკვეთამდე მისასვლელი სხვა გზაც არსებობს,  პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა კომპანია RMG -ის კუთვნილი ტერიტორიიდან მოინდომეს შესვლა, რაზეც მათ კომპანიის მხრიდან შრომის უსაფრთხოების გავლის პირობით თანხმობა მიიღეს.  RMG-ის წარმომადგნელებმა  მათ უსაფრთხოების ზომების დაცვით გადაადგილებაში დახმარება შესთავაზეს. შესაბამისად, ოპოზიციის  მიერ გაკეთებული განცხადებები იმის შესახებ, რომ მათ ტერიტორიაზე შესვლაზე უარი ეთქვათ, გახლავთ სრული სიცრუე და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობა.

მიუხედავად კომპანია RMG-ის მზაობისა უსაფრთხოების ზომების დაცვით, საკუთარ ტერიტორიაზე  შეეშვათ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, მათ ღია აგრესია გამოხატეს და  მორიგი პოლიტიკური შოუს მოწყობა სცადეს.

გარდა ამისა, სიმართლეს არ შეესაბამება ოპოზიციის მიერ გაკეთებული განცხადებები კომპანია RMG-ის საქმიანობის შესახებ და ტყუილია თითქოს კომპანია სამუშაოებს  წესების დარღვევით აწარმოებს, რის გამოც  ადგილობრივი მოსახლეობა ზარალდება.

სამწუხაროდ, ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, სახეზეა პოლიტიკური პარტიების  აქტიური ზეწოლა კერძო ბიზნესზე, რაც ყოვლად მიუღებელია. პოლიტიკური პარტიები,  საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, ყველანაირად ცდილობენ კომპანია RMG-ის იმიჯის შელახვას, რისთვისაც ყველანაირ ხერხს მიმართავენ დაწყებული ტყუილიდან დამთავრებული ღია პროვოკაციითა და აგრესიით.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ კომპანიაა RMG ღიაა კონსტრუქციული დიალოგისთვის და თანამშრომლობისთვის. რაც შეეხება ცილისწამებას და პროვოკაციას, კომპანია საკუთარი იმიჯისა და საქმიანობის დასაცავად სამართლებრივ გზებს მიმართავს.