ქუვეითური ავიაკომპანია Jazeera Airways თბილისში რეგულარული რეისების დაწყებას გეგმავს

ქუვეითური ავიაკომპანია Jazeera Airways თბილისში რეგულარული რეისების დაწყებას გეგმავს

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ქუვეითის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის "Jazeera Airways" პრეზიდენტს როჰიტ რამაჩანდრანსა და ვიცე-პრეზიდენტს რაფიკ ბოგდადს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრაზე ქუვეითური ავიაკომპანიის ხელმძღვანელებმა განაცხადეს უახლოეს პერიოდში "Jazeera Airways"-ის მიერ თბილისსა და ელ-ქუვეითს შორის რეგულარული ავიარეისების დაწყების შესახებ. აღინიშნა, რომ ქუვეითის ავიაკომპანია საქართველოს საავიაციო ბაზარს განიხილავს, როგორც პერსპექტიულს შემდგომი საქმიანობის ზრდისა და განვითარებისთვის. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს მიმართ ყურის ქვეყნების დაინტერესების ზრდაზე, როგორც მნიშვნელოვან ტურისტულ მიმართულებაზე.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე და შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" გენერალური დირექტორი ქეთევან ალექსიძე.