თბილისის გენგეგმისთვის გამოყოფილი უკონტროლო მილიონ ნახევარი - სად წავიდა ბიუჯეტის ფული?!

თბილისის გენგეგმისთვის გამოყოფილი უკონტროლო მილიონ ნახევარი - სად წავიდა ბიუჯეტის ფული?!

1. გვაქვს თუ არა უფლება მედიას და საზოგადოებას ვაკონტროლოთ ბიუჯეტი და მოვითხოვოთ განმარტებები საბიუჯეტო ხარჯებზე? 2. აქვს თუ არა ვალდებულება საბიუჯეტო ორგანიზაციას ჩაგვაბაროს ანგარიში ბიუჯეტიდან გადახდილი თანხის ხარჯვით ნაწილზე? ორივე შემთხვევაში პასუხი დადებითია: ჩვენ გვაქვს უფლება მოვითხოვოთ, მათ აქვთ ვალდებულება გვიპასუხონ. სწორედ ამიტომ, უკვე რამდენიმე თვეა ვცდილობთ დავადგინოთ, სად წავიდა მერიის ბიუჯეტიდან გენგეგმისთვის გამოყოფილი 2 მილიონი ლარი. რაში გაიწერა ის კონკრეტულად და ნამდვილად იყვნენ თუ არა ჩართულები გენგეგმის შედგენის პროცესში უცხოელი ექსპერტები, როგორც ამას გენგეგმის ავტორი "სითი ინსტიტუტი“ ჰპირდებოდა მოსახლეობას და რისთვისაც მათ კონკურსის სხვა მონაწილეებთან შედარებით უპირატესობა მიენიჭათ.

2015 წლის 21 მაისს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ არქიტექტურის სამსახურისმიერ საპროექტო მომსახურების- დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, გამოცხადდა კონკურსი.

საკონკურსო წინადადებების მიღება დასრულდა 2015 წლის 1 აგვისტოს. აღნიშნული დროისთვის წარდგენილი იქნა 11 საკონკურსო ნაშრომი.

2015 წლის 13 სექტემბერს გამარჯვებულად დასახელდა "სითი ინსტიტუტი საქართველო", რომელიც დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამუშავებისთვის თანამშრომლობს ისეთ იურიდიულ პირებთან, როგორებიცაა: "AS&P-Albert Speer & Partner GmbH", Sarl "Atelier Alfred Peter Paysagiste", Dr. Brenner Ingenieurgesellschaft MbH, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ა(ა)იპ "სენი- კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი" და სხვები.

გამარჯვებული კონკურსანტის მიერ საკონკურსო წინადადებით წარმოდგენილისამუშაოების საერთო ღირებულებამ შეადგინა 2 800 000 (ორი მილიონ რვაასი ათასი) ლარი. პირველ ადგილზე გასულ კომპანიასთან მუნიციპალიტეტი ხელშეკრულებას გააფორმებდა, რომლის საფუძველზეც, მომსახურების ხელშეკრულების ხელმოწერიდან 18 თვეში, კომპანიას უნდა შეესრულებინა და წარმოედგინა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული დოკუმენტი.

ყურადღება მივაქციოთ იმ გარემოებას, რომ პრიორიტეტი "სითი ინსტიტუტს" სწორედ უცხოურ კომპანიებთან კავშირის გამო მიენიჭა. კომისიამ ჩათვალა, რომ საერთაშორისო გამოცდილება თბილისის გენგეგმისთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა..

გენგეგმის პროექტის კოორდინატორი, გოგი აბაშიძე „აიპრესთან“ საუბრისას აცხადებს, რომ გამოყოფილი თანხიდან, ნახევარი, ანუ დაახლოებით მილიონნახევარი უცხოურ კომპანიებზე გაიხარჯა.გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- 2 800 000 იდან, რომელიც გამოიყო ამ დოკუმენტისთვის, რამდენი მოდის უცხოურ კომპანიებზე?

- დაახლოებით ნახევარი არის უცხოურ კომპანიებზე.

- მხოლოდ ამ გერმანულ კომპანიაზე, რომელიც ახსენეთ?

- სულ 7 უცხოური კომპანიაა: შტაინბაისი, ფრანჰოფერი, ალბერტშპერისკომპანია, ალფრედპრეტერის კომპანია, ბრენერი დამარტინანდერსი, რომელიც ეკონომიკაში დაგვეხმარა.

რა ინფორმაციას ფლობს მერია და აქვთ თუ არა მათ დეტალური ხარჯთააღრიცხვა?! აპირებს თუ არა "სითი ინსტუტუტი" გაასაჯაროვოს თუ სად წაიღეს ბიუჯეტის ფული და კონკრეტულად რომელმა უცხოურმა კომპანიამ რა წვლილი შეიტანა თბილისის გენგეგმის საქმეში?

მიუხედავად გენგემის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟისა, დღემდე არავის აქვს ინფორმაცია თბილისის მერიის მიერ გადარიცხული 2 მილიონიდან "სითი ინსტიტუტმა" რა თანა გადაუხადა საერთაშორისო ექსპერტებსა და რა ში გაიხარჯა საქართველოს მოქალაქეების გადახდილი საკმაოდ სოლიდური თანხა.

როგორც "აიპრესთან" თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი განმარტავს, რომ "სითი ინსტიტუტის" მხრიდან გენგეგმის ხარჯების მერიისთვის მიწოდებას კონტრაქტი არ ითვალისწინებს.

რატომ გააფორმა ასეთი სახის კონტრაქტი თბილისის მერიის წინა ხელმძღვანელობამ, ალბათ მოგვიანებით გაირკვევა, თუმცა "სითი ინსტიტუტი საქართველოს" გენერალური დირექტორის მამუკა სალუქვაძის თქმით, არავის საქმე არ არის 2 მილიონი ლარი სად წაიყო და ვის რაში გადაუხადა კომპანიამ.

სალუქვაძე "აიპრესთან" აღნიშნავს, რომ თბილისის მერიამ დაუკვეთა მიწათსარგებლობის გეგმა და მიიღო შესრულებული პროდუქტი, რაც დევს მერიაში. მისი თქმით ამას ითვალისწინებდა კომპანიასა და მერიას შორის დადებული ხელშეკრულება.

- ბატონო მამუკა, თბილისის მერიამ „სითი ინსტიტუტს“ 2 მილიონი ლარი გადაურიცხა. ამ თანხებიდან რამდენი დაიხარჯა უცხოელ ექსპერტებზე და რაში გაიხარჯა ეს თანხები, დეტალურად წარმოადგენთ თუ არა ამ ხარჯთაღრიცხვას?

- რა თქმა უნდა არა! ეს არ არის... მერია კონტრაქტით არ არის დაკავშირებული უცხოელ პარტნიორებთან.

უცხოელ პარტნიორებთან ორი კერძო სუბიექტი ვართ დაკავშირებული, ის ჩემს მიერ მოწვეულია, როგორც კერძო სუბიექტის მიერ და აქედან გამომდინარე, მე უფასოდ გავაკეთებინე თუ მთელი ფული მას მივეცი, როგორ მოვიქეცი ჩემი საქმეა, არავის საქმეა ეგ! აქ მთავარია შესრულდა თუ არა სამუშაო. სამუშაო შეასრულეს და კონტრაქტი დამთავრებულია. ეს იყო ჩემთვის უმნიშვნელოვანესი და ჩვენი სახელით  წარვადგინეთ მერიაში.

- ანუ, თბილისის მერიას ხელშეკრულება...

- ჩემთან არის გაფორმებული. ანუ, „სითი ინსტიტუტი საქართველოსთან“ არის გაფორმებული. მე ვარ თბილისის მერიასთან და თბილისის მერია ჩემთან არის მოპასუხე, ვალდებული ამ თანხების გადარიცხვასთან დაკავშირებით. ვინ შემოვიყვანე, ვის რა დავალება მივეცი და როგორ გავანაწილე, ეს ჩემი, როგორც კერძო სუბიექტის საქმეა.

- ანუ, თუ თქვენი კეთილი ნება იქნება მხოლოდ ამ შემთხევაში იქნება შესაძლებელი ჩაშლილი ხარჯთაღრიცხვის ნახვა?

- მე როგორც კერძო სუბიექტმა, დავიქირავე სხვა კერძო სუბიექტი. რამდენად დავიქირავე, როგორ დავიქირავე, როგორ მოველაპარაკე, ჩემი მეგობრებია არიან და უფასოდ გავაკეთებინე თუ მთელი თანხაზე მოველაპარაკე, ეს ჩემი კერძო საქმეა. ეს ხომ არაფერს უკავშირდება? თანხებს არავინ საჯაროებს და მე რატომ გგონიათ, რომ ამას გავაკეთებ? კერძო სუბიექტები არ ასაჯაროებენ ხოლმე ასეთ რაღაცეებს. ეს არის ჩვენი პირადი მოლაპარაკებისა და კონტრაქტის საფუძველზე.

"პირადი კონტრაქტის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულებით" ჩვენთვის გაურკვეველი რჩება მამუკა სალუქვაძემ ბიუჯეტის მილიონები თავის მეგობარს გადაუხადა თუ ვინმე პროფესიონალ გერმანელ ურბანისტს, რომელსაც თავისი კომპეტენტური რეკომენდაციები უნდა დაედო.

რეკომენდაციები არსებობს თუ არა და მითუმეტს არის თუ არა კომპეტენტური, არც ეს არის ჩვენთვის ცნობილი, რადგან "სითი ინსტიტუტის" წარმომადენლის განცხადებით, ისინი შიდა მოხმარებითვისაა.

შორს დგას კომპეტენტურობისგან ვიცემერის, ირაკლი ხმალაძის პასუხიც, რომელიც თავის პირად ხელფასსა და ბიუჯეტის 2 მილიონს შორის სხვაობას ვერ ხედავს. მეტი სიცხადისთვის ირაკლი ხმალაძესთან ინტერვიუს ამ საკითხზე სრულად გთავაზობთ.

"აიპრესი" : როგორც გარკვა, თბილისის მერიასა და "სითი ინსტიტუტს" შორის დადებული ხელშეკრულების მიხედვით, მერიის მიერ გადარიცხული თანხის 2 000 000-მდე ლარი რაში გაიხარჯა, ამის გასაჯაროება მხოლოდ "სითი ინსტიტუტის" კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.

გასაჯაროება რის?

სად წავიდა თბილისის მერიის მიერ გადარიცხული 2 მილიონამდე ლარი.

რას ლაპარაკობთ ახლა? კერძო კომპანიას თანხა გადავურიცხეთ და კერძო კომპანიამ ფული რაში დახარჯ,ა მაგის გასაჯაროებაზეა ლაპარაკი?!

მამუკა სალუქვაძესაც ვკითხეთ სად წავიდა ბიუჯეტის თანხა, არ გვაქვს ამის უფლება?!

ერთი წამით. ნახეთ როგორ კითხვას სვამთ. ვნახე ეს ინტერვიუ. თქვენ ეკითხებით კომპანიას ფული რომ გადაგიხადეს თქვენს მიერ გაწეული მომსახურეობისთვის რაში დახარჯეთ? არა, ეს როგორ შეიძლება...

დიახ, ვიკითხეთ რაში გაიხარჯა ბიუჯეტის თანხა, რომელიც...

ბიუჯეტის თანხა,  შეგიძლიათ მოიკითხოთ ბიუჯეტიდან... 1 800 000 ლარი გადახდილია "სითი ინსტიტუტზე" იმ სამუშაოებისთვის რაც გასწია, მაგრამ "სითი ინსტიტუტმა" ის  1 800 000 ლარი რაში დახარჯა, რამდენი დივიდენდის სახით წაიღო, მერე ის დივიდენდი ოჯახში ვინ მოიხმარა ეს როგორ უნდა თხოვოთ კომპანიას? საბიუჯეტო თანხის ხარჯვის ნაწილი არის, რომ 1 800 000 ლარი მერიამ გადაურიცხა "სითი ინსტიტუტს". აქ მთავრდება თქვენი ინფორმაციაზე წვდომა.

"სითი ინსტიტუტმა" ფული სად წაიღო არც ჩვენ გვიკითხია და არც თქვენ უნდა კითხოთ მე მგონი.

რატომ? ეს ხომ ბიუჯეტის თანხა იყო?!

ბიუჯეტის თანხა გაიგეთ, რომ გადაირიცხა ამ სამუშაოებზე, მაგრამ კომპანიამ... შეიძლება გკითხოთ, თქვენ თქვენი ხელფასი რაში დახარჯეთ? მე ვიღებ ხელფასს მერიიდან, მაგრამ ხელფასს მე რაში ვხარჯავ შეიძლება მკითხოთ?

ხელფასს რაში ხარჯავს ამაზე არ არის აქ საუბარი, საუბარია ბიუჯეტიდან გადარიცხულ თანხაზე, რომლითაც უნდა მომზადებულიყო პროექტი დედაქალაქისთვის...

რა მნიშვნელობა აქვს?!

ეს არის ბიუჯეტის  ფული, სახელმწიფომ გადაიხადა ეს თანხა...

სახელმწიფომ თანხა გადაიხადა ინტელექტუალურ მომსახურებაში. ახლა იმან ფული რაში დახარჯა ვისი რა საქმეა?

ანუ, ამ თანხის გასაჯაროებას  დეტალურად თბილისის მერია არ აპირებს?

რას ლაპარაკობთ, თანხა გასაჯაროებულია, თბილისის მერია ეს თანხა გადაიხადა და ეს არის საჯარო. მაგრამ, ახლა თქვენ ეკითხებით კერძო კომპანიას 1 800 000 ლარი რაში დახარჯეს, ეს როგორ უნდა გითხრან? ეს იგივე მე მკითხოთ ხელფასი რომ აიღეთ რაში დახარჯეო...

გასაგებია თქვენი პოზიცია...

ხელფასი რომ მაქვს ეს საჯაროა, მაგრამ იმას მე რაში ვხარჯავ, ეს როგორ შეიძლება გითხრათ?

დაუშვათ, მოხდა ისე, რომ „სითი ინსტიტუტის“ ხარვეზ შესწორებული მიწათსარგებლობის გეგმა არ მოგეწონათ... მითუმეტეს კომპანია აცხადებს, რომ მერის ამ პროექტის მხოლოდ ტექნიკური მხარე არ მოწონს და საუბარი არ არის კონცეპტუალურ მხარეზე...

ეს არაფერ შუაში არ არის...

იმიტომ, რომ ბიუჯეტიდან კიდევ გადასახდელი გაქვს კიდე 800 000 ლარი...

მერე რა?

იმ შემთხვევაში თუ არ მიიღებთ?

არ გადავუხდით 800 000 ლარს.

რაც შეეხება თბილისის მერის მოადგილეს, ილია ელოშვილს, ირაკლი ხმალაძისგან განსხვავებით მიაჩნია, რომ აუცილებლად გასარკვევია რამდენად და რაში იყვნენ ჩართულები უცხოური კომპანიები.

ილია ელოშვილი: "მე-6 ეტაპზე, ჩვენ აუცილებლად მოვითხოვთ რამდენად იყვნენ ჩართულები ეს უცხოური კომპანიები, არა იმიტომ რომ ფული გადაუხადეს თუ არ გადაუხადეს, არამედ რამდენად იყვნენ ჩართულები და სად არის მათი ჩართულობა, სად ჩანს ამ დოკუმენტში. რომელიც უნდა იყოს საერთაშორისო სტანდარტების. საერთაშორისო სტანდარტების კი უცხოელების ჩართულობის გარეშე ვერ იქნება. 

ჩვენი მხრიდან თანხის გადახდა ჯერ არ მომხდარა, ჩვენ ყველა კითხვაზე წინასწარ გავცემთ პასუხს და თუ მისაღები იქნება რასაც მოიტანენ მე-6 ეტაპად, მერე გადავუხდით ამ თანხას".

ისევ თბილისის ვიცე მერს, ირაკლი ხმალაძეს და მის კომენტარს რომ მივუბრუნდეთ. კარგი იქნებოდა, მერიის მაღალჩინოსნები კარგად გარკვეულიყვნენ იმ სახელშეკრულებო პირობებში, რომლითაც დედაქალქის უმნიშვნელოვანესი საკითხი წყდება. ასეთ შემთხვევაში მარტივად გასაგები იქნებოდა, რომ უცნაური ჩვენი კითხვები კი არა, მათი პასუხებია.

რადგან: 2015 წლის 15 ოქტომბერს,  ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურსა (შემდგომში შემსყიდველი) და ა(ა)ი პ "სითი ინსტიტუტი საქართველოს (შემდგომში მიმწოდებელი)  შორის გაფორმებული "ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #020" ხელშეკრულების პუნქტი 5.4.2- ის თანახმად, ა(ა)იპ "სითი ინსტიტუტი საქართველო ვალდებული იყო გაეფორმებინა ხელშეკრულება წინასწარ შესაბამისი დანართით განსაზღვრულ უცხოურ კომპანიებთან თუ ფიზიკურ პირებთან . ქვეკონტრაქტორებთან გაფორმებული ხელშეკრულებები კი წარმოედგინა არქიტექტურის სამსახურისათვის ვინაიდან აღნიშნული ქვეკონტრაქტები წარმოადგენს "ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #020“-ის არსებით და განუყოფელ ნაწილს.

შესაბამისად, ჩვენი კითხვა: შეასრულა თუ არა აღნიშნული ვალდებულება სითი ინსტიტუტი საქართველომ და წარმოდგენილი არის თუ არა მათი მხრიდან უცხოელებთან გაფორმებული კონტრაქტები, აბსოლუტურად ლოგიკურია.

კამპანია "სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა" რეგიონებშიც დაიწო

კამპანია "სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა" რეგიონებშიც დაიწო

17 საათის წინ

კამპანიამ "სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა" საგზაო უსაფრთხოების მიმართ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების მიზნით,  სტარტი თბილისში, 17 სექტემბერს აიღო კამპანიის ორგანიზატორები არიან არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდას" მიერ...