Loudspeakers: შესაძლებლობა გვეძლევა ჯეიმს ბლანტთან ერთად კონცერტში მივიღოთ მონაწილეობა

Loudspeakers: შესაძლებლობა გვეძლევა ჯეიმს ბლანტთან ერთად კონცერტში მივიღოთ მონაწილეობა

ცნობილი ბრიტანელი მომღერალი ჯეიმს ბლანტი მსოფლიო ტურნეს "The Afterlove-ის" ფარგლებში  თბილისს, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს ესტუმრება. კონცერტზე, რომელიც  მიხეილ  მესხის სახელობის (ლოკომოტივის) სტადიონზე გაიმართება მომღერალი ფანებს საყვარელი ჰიტების "You’re Beautiful" და "Goodbye My Lover" შესრულებას ჰპირდება.

ცნობილია, რომ ფესტივალზე ასევე მოწვეული ჯგუფია - The Parlotones - როკ ბენდი იოჰანესბურგიდან (სამხრეთ აფრიკა),  რომელიც  სიყვარულსა და ცხოვრებისეულ მოტივებზე შექმნილ სიმღერებს შეასრულებს. ღონისძიებას  მასპინძლობას კი, ენერგიული და ძლიერი როკ ჯგუფები  Young Georgian Lolitaz და Loudspeakers გაუწევენ.

ამ ეტაპზე, ქართული როკ ჯგუფით Loudspeakers დავინტერესდით, რომელმაც უზარმაზარი პოპულარობა Tbilisi Altervision მუსიკალური ფესტივალით მოიპოვა. მათი სავიზიტო მუსიკა World in my eyes გახლავთ, რომელმაც თავის დროზე თაყვანისმცემლების დიდი არმია შემატა ჯგუფს.

როგორ მასპინძლობას გაუწევს ღონისძიებას Loudspeakers, ჯგუფის წევრებს (გიორგი ტეცოშვილი, ლევან მამალაძე, სანდრო წიკლაური და ლევან ლაუდაძე) სარეპეტიციო ოთახში ვესტუმრეთ. ძველი შენობის მეორე თუ მესამე სართულზე (კარგად ვერ მივხვდი, რადგან საკმაოდ დიდი ლაბირინთის გავლა მოგვიწია) გამოყოფილი ოთახი, იქ არსებული თითოეული დეტალი, როგორიცააა სიძველის სუნი, მოძველებული სავარძელი, ოდნავ მბჟუტავი ნათურა,  ჯგუფის ყოველდღიურობას ქმნის. მართალია, მათ კომფორტული სარეპეტიციო დარბაზი არ აქვთ, მაგრამ აქვთ მთავარი - საინტერესო გარემო, სადაც ის მუსიკა იქმნება, რომელიც მრავალ ადამიანს უყვარს, იზიდავ და საკონცერტო დარბაზებში აერთიანებს. განსხვავებული ხმის ტემბრი, საოცარი მუსიკა, შემსრულებლების უშუალობა და მათი ბუნებრივი ღიმილი მათი შეყვარების უამრავ მიზეზს გაძლევთ. ამისთვის უბრალოდ უნდა მოუსმინოთ…

"დამოუკიდებლობის დღეს გამართულ კონცერტზე მონაწილეობა და ჩვენი რეპერტუარის შესრულება ჯგუფისთვის ძალიან დიდი პატივია, რადგან ვფიქრობ, რომ საქართველოს ისტორიაში 26 მაისი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღია. სასიამოვნოა ისიც, რომ შესაძლებლობა გვეძლევა  მსოფლიო დონის მუსიკოსთან - ჯეიმს ბლანთან ერთად, კონცერტში  მივიღოთ მონაწილეობა", - ამბობს  LOUDspeakers - ის სოლისტი ლევან ლაუდაძე.

- ლევან, 26 მაისს, თქვენი რეპერტუარიდან მაინც რომელ სიმღერებს შეასრულებთ?  

- გვინდა რაც შეიძლება მეტი ახალი სიმღერა შევასრულოთ, დარწმუნებული ვარ ჩვენი მსმენელი ჩვენგან მუდმივ სიახლეს ელის, შესაბამისად, დღეს ახალ სიმღერებზეც ვმუშაობთ.

- რა მოლოდინები გაქვთ, ნერვიულობთ? 

- ზოგადად მიმაჩნია, რომ  საკმაოდ კარგი  ტრადიცია დაინერგება - 26 მაისს მსოფლიო დონის  ვარსკვლავების  სტუმრობა ქვეყანაში. ჩვენი მთავარი მიზანი მაინც  ის არის, რომ  ჯგუფი მსმენელის წინაშე მაქსიმალურად მომზადებული წარსდგეს - ახალი რეპერტუარი, ბევრი ახალი მელოდია, რომელიც ტრადიციულად ჰიტად იქცევა. ამასთან,  ჩვენთვის ეს უდიდესი გამოცდილებაა, რადგან მსოფლიო დონის მუსიკოსთან - ჯეიმს ბლანტთან ერთად ჩვენი რეპერტუარის შესრულების შესაძლებლობა მოგვეცა.

- ლევან, როგორ გგონიათ, თქვენი ჯგუფი რატომ შეირჩა?

- თავიდან უბრალოდ ინფორმაცია გვქონდა, რომ 26 მაისს მიძღვნილ ღონისძიებაზე უნდა მიგვეღო მონაწილეობა, შემდეგ გავიგეთ, რომ კონცერტზე მოწვეული იყო ბრიტანელი პოპ ვარსკვლავი - ჯეიმს ბლანტი. ვფიქრობ, ეს ჩვენთვის სტიმულია, და ერთგვარი წახალისება. ვიმედოვნებთ, რომ ჯეიმს ბლანტს ღირსეულ მასპინძლობას გავუწევთ.

- რატომ ივსება მუდმივად თქვენს კონცერტზე დარბაზი?

- ალბათ იმას იღებენ, რასაც ელოდებიან და იმედგაცრუებულები რომ არ რჩებიან.  ფესტივალები, კონცერტები, ეს კი მუსიკოსებისთვის აუცილებელია. გაზრდის შესაძლებლობას იძლევა. 

- 26 მაისამდე  თუ  გაქვთ კონცერტი დაგეგმილი?

- კი, 10 მარტს გვაქვს სოლო-კონცერტი დიღომში, კინო სტუდია ქართული ფილმის პავილიონში. ვმუშაობთ ახალ სიმღერებზე, რომლებსაც შევასრულებთ 10 მარტს და რა თქმა უნდა, 26 მაისსაც. 

- რას პირდებით მსმენელს 26 მაისს ? ჯეიმს ბლანტთან დუეტს ხომ არ გეგმავთ?

- ბოლო წლებია საბედნიეროდ,  ქართულ ჯგუფებს ეძლევათ იმის შესაძლებლობა, რომ მაშტაბურ კონცერტებზე მიიღონ მონაწილეობა. ჩვენ შანსი გვაქვს   ფართო აუდიტორიის წინაშე  მსოფლიო დონის ვარსკვლავთან ერთად ვიმღეროთ.  ფესტივალის დეტალები კი, ჯერჯერობით, საიდუმლოთ დავტოვოთ.

საქართველოს რკინიგზა ახალ სამატარებლო განრიგზე გადადის

საქართველოს რკინიგზა ახალ სამატარებლო განრიგზე გადადის

16 საათის წინ

ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით და გაზრდილი მგზავრთნაკადის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად, საქართველოს რკინიგზა გადადის ახალ სამატარებლო განრიგზე, რაც დამატებითი რეისების დანიშვნას ითვალისწინებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს...