"ახალგაზრდა ადვოკატები": "სინოჰიდრო" სამტრედია-გრიგოლეთის გზას ნებართვებისა და ექსპერტიზის დასკვნის გარეშე, უკანონოდ აშენებს

"ახალგაზრდა ადვოკატები": "სინოჰიდრო" სამტრედია-გრიგოლეთის გზას ნებართვებისა და ექსპერტიზის დასკვნის გარეშე, უკანონოდ აშენებს

ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატები" კომპანია "Sinohydro Corporation Limited"-ის მიერ საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესში აღმოჩენილი ახალი დარღვევების თაობაზე მორიგ სამართლებრივ შეფასებას აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, 2016 წლიდან სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის კვ.11+500-კმ.30+000 (ლოტი II) მონაკვეთზე მშენებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სავალდებულო ნებართვებისა და საექსპერტო დასკვნის გარეშე, უკანონოდ მიმდინარეობს.

"ახალგაზრდა ადვოკატების" განცხადებით, კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ტენდერში გამარჯვებულმა შემრულებელმა კომპანიამ სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტი სახელმწიფოს შესაბამის კომპეტენტურ უწყებებთან ნებართვების მიღების გარეშე შეცვალა.

თავდაპირველად, პროექტიც განისაზღვრა, რომ ვინაიდან ტერიტორია წარმოადგენდა ჭაობიან ადგილს, გზა აშენდებოდა ბეტონის ხიმინჯებზე. კომპანიამ პროექტში ცვლილებები მოითხოვა და ტერიტორიაზე ფითილები დამონტაჟდა, თუმცა ფითილების გამოყენებით გზის მშენებლობამ შედეგი არ გამოიღო.

ამჟამად, მივიღეთ შედეგი, როდესაც სამტრედია-გრიგოლეთის მეორე ლოტის მშენებლობა სერიოზული ხარვეზებით მიმდინარეობს. მოკვლევამ უკვე აჩვენა, რომ პროექტზე განსაზღვრულ 254 მილიონი ლარიდან, დახარჯულია 150 მილიონ ლარზე მეტი, ხოლო საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, პროექტში თავის დროზე განხორციელებული ცვლილების სამართლებრივი საფუძვლების შექმნისთვის, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მხოლოდ 2018 წელის 18 იანვარს მიმართა, რაც კანონის უკიდურესი დარღვევაა.

"ახალგაზრდა ადვოკატების" განმარტებით, კომპანია "Sinohydro Corporation Limited"-სა და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ დარღვეულ იქნა "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილება. ეს დადგენილება მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს. კერძოდ, არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს.

იმ შემთხვევაში, როდესაც მშენებლობას ახორციელებს "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მშენებლობის ნებართვა არ გაიცემა და მათ მიერ მშენებლობისათვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესი დგინდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით, ხოლო 2010 წლის 25 მაისის მინისტრის #1-1/842 ბრძანების თანახმად, მშენებლობის თაობაზე შეთანხმების შესახებ გამოიცემა სათანადო ადმინისტრაციული აქტი, რომელიც წარმოადგენს მშენებლობის განხორციელების საფუძველს.

აღსანიშნავია, რომ "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა (თანამდებობის პირთა) ნორმატიული აქტების იურიდიული ძალა განისაზღვრება აღმასრულებელ ხელისუფლებაში ამ ორგანოთა (თანამდებობის პირთა) იერარქიის შესაბამისად.

"ახალგაზრდა ადვოკატების" განმარტებით, საქართველოში საავტომობილო გზები დაყოფილია სამ კატეგორიად. 1-ელ კატეგორიას განეკუთვნება საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზა, მე-2 კატეგორიას განკუთვნება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზა, ხოლო მე-3 კატეგორიას ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზა.  საავტომობილო გზების დაყოფის ერთერთი მთავარი მიზანია გზის მშენებლობის პროცესში მშენებლობის რისკ ჯგუფის შეფასება და მის შესაბამისად სამშენებლო ნებართვის სპეციალური რეგულაციის განსაზღვრა.

მოცემულ შემთხვევაში, "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების თანახმად, 1-ელ კატეგორიას განკუთვნილი საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზა, ასევე ხიდები და გვირაბები განეკუთვნება მე-5 კლასის შენობა-ნაგებობას, რომელიც მიჩნეულია განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებად.

განსახილველ შემთხვევაში, "სინოჰიდროს" მიერ სამტრედია-გრიგოლეთის აშენებული გზა განეკუთვნება 1-ელ კატეგორიას, საერთაშორისო სტატუსის ქვეშ და იმავდროულად, გზაზე არსებული ხიდების გამო, შედის მე-5 კლასის დაცვის განსაკუთრებულ ზონაში. ამდენად, მთავრობის დასახელებული დადგენილების 27-ე მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, კომპანია "სინოჰიდრო" ვალდებული იყო სამშენებლო ობიექტზე სავალდებულო საექსპერტო შეფასება წარმოედგინა.

"პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის" კოდექსის თანახმად, საავტომობილო გზა განეკუთვენება მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტს, ვინაიდან არასწორმა ექსპლუატაციამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. ასეთ შემთხვევაში, სამშენებლო პროექტში განხორცილებული მნიშვნელოვანი ცვლილება საჭიროებს საექსპერტო დასკვნას. საერთაშორისო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულებისას, გათვალისწინებული პროექტის განხორციელების ზედამხედველობაზე ამავე საფინანსო ორგანიზაციასთან შეთანხმებით შერჩეულ უნდა იქნეს კომპანიის სამშენებლო საქმიანობის ექსპერტ/კონსულტანტი.

საქართველოს ეკონომიკური განვითარების 2010 წლის 25 მაისის მინისტრის #1-1/842 ბრძანების მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი საკმაოდ ბუნდოვანია და არ აკონკრეტებს გარემოებებს, თუ როდის უნდა განხორციელდეს ცვლილების შეთანხმება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია გადაწყვეტილებები ფართოდ და მეტი ყურადღებით იქნეს შეფასებული, მაშინ როდესაც საკითხი ეხება მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტს.

კერძოდ, მე-4 ან/და მე-5 კლასის მშენებლობის ნებართვას, რომელიც ითვალისწინებს საავტომობილო გზის მშენებლობას. ვინაიდან სახეზეა არასრული საკანონმდებლო მოწესრიგება, ასეთ შემთხვევაში, გამოყენებულ უნდა იქნეს მსგავსი წესების მარეგულირებელი აქტი - "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილება, რომელიც წარმოდგენილი ბრძანებისგან განსხვავდება მხოლოდ შემსრულებელი სუბიექტით და არა შესასრულებელი სამუშაოს მოცულობით, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ გათვალისწინებულ იქნეს წარმოდგენილი რეგულაციები.

აღნიშნული დადგენილების თანახმად, თუკი ცვლილების შეტანამდე განხორციელებულია მშენებლობა, რომელიც საჭიროებს შესაბამის ნებართვას, ასეთი მშენებლობა ითვლება უკანონოდ. ასეთ შემთხვევაში, უკანონოდ წარმოებული მშენებლობის გასაგრძელებლად, საჭიროა ახალი ნებართვის მოპოვება, რომელსაც უნდა ახლდეს დადებითი საექსპერტო დასკვნა, ამასთან გადახდილი ჯარიმები უკანონოდ წარმოებული მშენებლობისთვის.

ორგანიზაციის შეფასებით, მოცემული რეგულაცია არის ზუსტად იმ შემთხვევის მომწესრიგებელი, რომელსაც არ ითვალისწინებს სპეციალური კანონი. შესაბამისად, ვინაიდან საკითხი ეხება ისეთი ობიექტის მშენებლობას, რომელიც კანონის თანახმად აღიარებულია მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტად და რომლის არასწორმა ექსპლუატაციამ შესაძლოა გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ზიანი ადამიანების უსაფრთხოების კუთხით, უნდა განიმარტოს საჯარო ინტერესიდან გამომდინარე საზოგადოების სასარგებლოდ.

რაც ეხება მინისტრის ბრძანებას, სამინისტროს ან მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მიერ სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის რეგულაცია დასაშვებია ისეთ შემთხვევაში, როდესაც ცვლილება ხორციელდება იმ მშენებლობის დაწყებამდე, რომელიც არ მოიცავს ცვლილებით გათვალისწინებულ მშენებლობას, ხოლო თუკი წარმოებულია უკანონო მშენებლობა, ამ შემთხვევაში, საზოგადოების ინტერესებიდან, სანდოობიდან და უსაფრთხოებიდან გამომდინარე, აუცილებილა დადებითი საექსპერტო დასკვნა.

დღეს არსებული ვითარება შემდეგია: ჩინურ კომპანია "Sinohydro Corporation Limited"-ს არ გააჩნია არც სამხარაულის სახელობის ეროვნული ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა და საქართველოს გზების დეპარტამენტის საბჭოს არც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოში წარუდგენია დადებითი დასკვნა. შესაბამისად, კომპანია "Sinohydro Corporation Limited"-ის მიერ 2016 წლიდან სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მონაკვეთზე მშენებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სავალდებულო ნებართვებისა და საექსპერტო დასკვნის გარეშე, შეიძლება შეფასდეს, როგორც უკანონდ მიმდინარე.

ცნობისთვის: "ახალგაზრდა ადვოკატებმა" კომპანია "Sinohydro Corporation Limited"-ისა და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიმართ, სამართლებრივი დავა 2018 წლის 1 თებერვალს დაიწყო. საქმე ეხება საქართველოში მიმდინარე მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში დაზარალებული მესაკუთრეთა უფლებების დაცვას და სახელმწიფოს უმოქმედობის შეჩერებას.

ორგანიზაცია სწავლობს - შესაძლოა იკვეთებოდეს ტენდერებში მონაწილე კომპანიის არაკეთილსინდისიერი ქმედებები, რაც გამოიხატება გამოცხადებულ სატენდერო კონკურსებში გამარჯვების მიზნით, პროექტის სრულყოფილად განხორციელებისთვის საჭირო რეალურ თანხაზე გაცილებით ნაკლების შეთავაზებით, ამ ფორმით, იოლი გამარჯვებით, ხოლო შემდგომ პროექტისთვის აუცილებელი საკმარისი ფინანსური სახსრების არ არსებობის გამო, მისი მნიშვნელოვანი ხარვეზებით განხორციელებით.

ორგანიზაცია "Sinohydro Corporation Limited"-ს მიმართ საზოგადოებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებული პროექტების მიმართ არსებული მდგომარეობის ანალიზსაც წარმოუდგენს. საკითხზე კვლევა 2018 წლის მარტის ბოლოს გამოქვეყნდება.

20 ივნისს თბილისში საქართველოს მთავარი კრიპტო ღონისძიება ჩატარდება

20 ივნისს თბილისში საქართველოს მთავარი კრიპტო ღონისძიება ჩატარდება

19 ივნისი, 2018

20 ივნისს თბილისში საქართველოს მთავარი კრიპტო ღონისძიება, Blockchain & Bitcoin Conference Georgia 2018, ჩატარდება. კონფერენციის მიზანია, თითოეულ მონაწილეს კომპლექსურად გააცნოს ქვეყანაში არსებული კრიპტო ინდუსტრიის ეკონომიკური და სამართლებრივი...