ქეთევან ალექსიძე: CONNECT2018-ს აქვს რამდენიმე მოკლევადიანი და გრძელვადიანი პოზიტიური შედეგი

ქეთევან ალექსიძე: CONNECT2018-ს აქვს რამდენიმე მოკლევადიანი და გრძელვადიანი პოზიტიური შედეგი

სასტუმრო "ბილტმორში" ევროპის საავიაციო ფორუმი CONNECT2018 გაიხსნა, რომელსაც თბილისი სამი დღის განმავლობაში უმასპინძლებს. რიგით მე-15 საიუბილეო ღონისძიებაში მონაწილეობას 65 ავიაკომპანიისა და 250 აეროპორტის 500-ზე მეტი წარმომადგენელი იღებს. ღონისძიების ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" დირექტორმა ქეთევან ალექსიძემ და საფრანგეთის აეროპორტის სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორ კარენ ბუტომ, რომელიც ღონისძიების ორგანიზატორია, ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

როგორც პრესკონფერენციაზე ითქვა, ფორუმზე დამსწრე დელეგატები განიხილავენ საჰაერო ტრანსპორტის სფეროში არსებულ და მოსალოდნელ გამოწვევებს, ასევე, საფუძველი ჩაეყრება ავიაკომპანიებსა და აეროპორტებს შორის ახალ ავიამიმართულებაზე თანამშრომლობას. ქეთევან ალექსიძის თქმით, ფორუმის მიზანია, რაც შეიძლება მეტი ავიაკომპანია დაინტერესდეს საქართველოს ბაზრით და მას მეტი ავიამიმართულებები დაემატოს.

"ღონისძიებას აქვს რამდენიმე მოკლევადიანი და გრძელვადიანი პოზიტიური შედეგი. პირველ რიგში ის, რომ მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში  6-7 თვის განმავლობაში საავიაციო სექტორში ტრიალებდა საქართველოს რეკლამა, იმასთან დაკავშირებით, რომ CONNECT2018 ტარდება საქართველოში. საუბარი იყო იმაზე, რომ არა მხოლოდ ეს ღონისძიება ტარდება საქართველოში, არამედ იმაზეც, თუ რატომ უნდა დაესწრონ ფორუმს, ასევე რა შესაძლებლობები აქვს საქართველოს და რისი შეთავაზება შეგვიძლია.  ეს არის მყისიერი ცნობადობის ამაღლება საქართველოს შესახებ.

უშუალოდ ღონისძიების ფარგლებში ჩამოვიდა 500-ზე მეტი დელეგატი. ეს არის პრაქტიკულად, ტურიზმში პირდაპირი კონტრიბუცია. დელეგატები ათვალიერებენ საქართველოს, ძალიან ბევრი მათგანი ადრე ჩამოვიდა. მათი დიდი რაოდენობა ფორუმის შემდეგ რჩება და აგრძელებს საქართველოში მოგზაურობას. გუშინ ერთ-ერთმა დელეგატმა აღნიშნა, რომ აღფრთოვანებულია საქართველოთი, ძალიან გაეხარდა, როდესაც ღვინო გადასცეს საპასპორტო კონტროლზე და აღნიშნა, რომ არა ეს ღონისძიება, ის ვერასოდეს მოახერხებდა საქართველოში ჩამოსვლას და იმ ღირშესანიშნაობების დათვალიერებას, რაც ქვეყანას გააჩნია.

აქ იმყოფებიან ადამიანები, რომლებიც უშუალოდ იღებენ გადაწყვეტილებას,   სად უნდა იფრინოს ამა თუ იმ ავიაკომპანიამ. მათთვის იმ შესაძლებლობის მიცემა, რომ ნახონ აეროპორტი, სასტუმროები, ქალაქი, ყველაფერი ის, რაც ტურიზმის კუთხით შეგვიძლია შევთავაზოთ, არის ჩვენთვის ძალიან კარგი შესაძლებლობა.

გრძელვადიან პერსპექტივებს რაც შეეხება, არის ის, რომ იქნება ახალი ავიაკომპანიები, ეს ნიშნავს ახალ მგზავრებს, ეს არის დამატებითი შემოსავალი აეროპორტისთვის და ყველა იმ სექტორისთვის, რასაც კავშირი აქვს ტურიზმთან, რაც პირდაპირ კავშირშია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასთან.

ბოლო პერიოდის სიახლე, რაც ვიზალიბერალიზაციამ მოგვცა - უვიზო მიმოსვლა ევროპის ქვეყნებში, ეს არის ახალი შეთავაზება რაც ჩვენ გვაქვს და ძალიან მომხიბვლელია  ავიაკომპანიებისთვის. ძალიან ბევრი შეხვედრა გვაქვს ჩანიშნული და ვფიქრობთ, რომ უახლოეს მომავალში კონრეტული შედეგები გვექნება", - ქეთევან ალექსიძემ.

CONNECT 2018-ის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე, საფრანგეთის აეროპორტის სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა კარენ ბუტომ, რომელიც ღონისძიების ორგანიზატორია, აღნიშნა, რომ ფორუმი მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს ცნობადობას მსოფლიოში.

"ეს ღონისძიება მნიშვნელოვანია და შესაძლებლობებს იძლევა, გაიგოს საავიაციო საზოგადოებამ, თუ რას წარმოადგენს საქართველო, თბილისი. საავიაციო საზოგადოება დიდია და ეს ღონისძიება ერთგვარი პიარია საქართველოს წარმოსაჩენად, როგორც ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო დანიშნულების ადგილად. ბევრი აეროპორტის და  ავიაკომპანიების წარმომადგენლები ჩამოვიდნენ ევროპიდან ფორუმში მონაწილეობის მისაღებად. გუშინ გვქონდა ფანტასტიური ღვინის ტური კახეთში, დღეს დილიდან კი მათ თბილისი დაათვალიერეს. ვფიქრობთ, რომ ძალიან მაღალი დონის ღონისძიება იქნება", - განაცხადა საფრანგეთის აეროპორტის სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა კარენ ბუტომ.

საქართველოს მთავრობამ რვა თვის წინ გადაწყვიტა CONNECT 2018-ის შერჩევის პროცესში მიეღო მონაწილეობა და საქართველო რიგით მეთხუთმეტე საიუბილეო ფორუმის მასპინძელი გამხდარიყო. მასშტაბური,საერთაშორისო დონის ღონისძიება წელიწადში ერთხელ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში იმართება.

ღონისძიებაზე უკვე დარეგისტრირდნენ ისეთი წამყვანი ავიაკომპანიები, როგორიცაა: Royal Dutch Airlines, Gulf Air, Wizz Air, Ryanair, Ukraine International Airlines, Turkish Airlines, TUI France, Airzena, SAS Scandinavian Airlines, LOT Polish Airlines, British Airways, Ernest Airlines, Transavia, HOP, MIAT Mongolian Airlines, Tajik Air, PTL Airlines, Flybe, Blue Air, SWISS International Airlines, Iberia, Croatia Airlines, Eurowings, Nordica, Meridiana, Pegasus Airlines, Kuwait Airways, Flydubai, Ellinair, Lufthansa, Volotea, Atlas Global, Air France, air Baltic და სხვა.

პაატა მანჯგალაძე: სირცხვილია რუსთაველის ერს ეს ბოროტი მაჯლაჯუნა ამ ფორმით მართავდეს

პაატა მანჯგალაძე: სირცხვილია რუსთაველის ერს ეს ბოროტი მაჯლაჯუნა ამ ფორმით მართავდეს

47 წუთის წინ

"ახალი საქართველოს" პოლიტიკური მდივანი, განცხადებას ავრცელებს. პაატა მანჯგალაძის თქმით, ბიძინა ივანიშივილი პრემიერ-მინისტრებს განტევების ვაცად იყენებს. "ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრებს განტევების ვაცად იყენებს, იმ...