მთავარი » ბიზნესი » RMG-ის მენეჯმენტმა კომპანიის ერთიანი პოლიტიკის დოკუმენტზე მოაწერა ხელი
RMG-ის მენეჯმენტმა კომპანიის ერთიანი პოლიტიკის დოკუმენტზე მოაწერა ხელი
11:07 | 14 თებერვალი, 2018

RMG-ის მენეჯმენტმა კომპანიის ერთიანი პოლიტიკის დოკუმენტზე მოაწერა ხელი

13 თებერვალს, კომპანია RMG-ის დირექტორებმა სს RMG Copper-ის და შპს RMG Gold-ის გარემოს დაცვის, თანამშრომელთა შრომის უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის საკითხების ერთიანი პოლიტიკის სახელმძღვანელო დოკუმენტს მოაწერეს ხელი. ინფორმაციას ამის შესახებ RMG ავრცელებს.

დოკუმენტში წარმოდგენილია კომპანიის ხედვა და პრინციპები, თუ როგორ უნდა განხორციელდეს  გარემოს ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა და კომპანიაში დასაქმებული თანამშრომლების ჯანმრთელობის დაცვის მიზნით შრომის უსაფრთხოების ზომების გამკაცრება.

ამ დოკუმენტით კომპანია  RMG-ი ადასტურებს, რომ უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში განახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს თავის საწარმოებში საერთაშორისო სტანდარტების დასანერგად, რათა ამ დრომდე გარემოსდაცვითი და შრომის უსაფრთხოების სფეროში გამოვლენილი ხარვეზები გამოასწოროს. დოკუმენტი წარმოადგენს სახელმძღვანელოს კომპანიის თითოეული თანამშრომლისთვის.

ამ მიმართულებით კომპანია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა არსებულ რეგულაციას ასრულებს. გარემოს დაცვის, თანამშრომელთა შრომის უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის საკითხების ერთიანი პოლიტიკის სახელმძღვანელო დოკუმენტის ხელმოწერით RMG კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზადყოფნას ამ საკითხებში მეტი ეფექტურობის მისაღწევად მჭიდროდ და ღიად ითანამშრომლოს შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან და საზოგადოებასთან.