მთავარი » ბიზნესი » "ბადაგონის" ადვოკატი: ვემიჯნებით მიმდინარე პროცესებს, რადგან სადავოდ სამოქალაქო კატეგორიის დოკუმენტია გამხდარი
"ბადაგონის" ადვოკატი: ვემიჯნებით მიმდინარე პროცესებს, რადგან სადავოდ სამოქალაქო კატეგორიის დოკუმენტია გამხდარი
14:54 | 12 თებერვალი, 2018

"ბადაგონის" ადვოკატი: ვემიჯნებით მიმდინარე პროცესებს, რადგან სადავოდ სამოქალაქო კატეგორიის დოკუმენტია გამხდარი

კომპანია "ბადაგონის" ადვოკატის ირაკლი ყანდაშვილის განცხადებით, კომპანია ემიჯნება იმ პროცესებს, რომელიც დღეს "ბადაგონის" გარშემო მიმდინარეობს და დასძენს, რომ აღნიშნულ საკითხზე დავა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით სასამართლოში უნდა მიმდინარეობდეს.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ირაკლი ყანდაშვილმა განაცხადა, კომპანია "ბადაგონი" მზად არის საჭიროების შემთხვევაში სამოქალაქო საქმის წარმოებაში აქტიურად ჩაერთოს.

"ჩვენ ვემიჯნებით მიმდინარე პროცესებს, არ მიგვაჩნია, რომ ეს არის სწორი, იმის გათვალისწინებით რომ სადავოდ არის გამხდარი სამოქალაქო კატეგორიის დოკუმენტი, წილის ნასყიდობის ხელშეკრულება. აღნიშნულთან დაკავშირებით დავა უნდა მიმდინარეობდეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით სასამართლოში. მაშინ, როდესაც ეს ასე იქნება კომპანია "ბადაგონი" საჭიროების შემთხვევაში მზაობას აფიქსირებს სამოქალაქო საქმის წარმოებაში სრული მოცულობით ჩაერთოს. ამას აქვს თავისი ახსნა, მხოლოდ და მხოლოდ კომპანია "ბადაგონის" ინტერესებშია არ დარჩეს რაიმე პასუხგაუცემელი კითხვა იმის გათვალისწინებით, რომ მიმდინარე პროცესი ზიანს აყენებს კომპანია "ბადაგონის" კეთილ სახელს და საქმიან რეპუტაციას",- აცხადებს ყანდაშვილი.

ადვოკატის თქმით, "ბადაგონმა" დღეს უკვე მიმართა საქართველოს სახალხო დამცველს და საერთაშორისო წარმომადგენლობებს თხოვნით, რომ პროცესში საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ჩაერთონ.

"ჩვენ მივმართეთ საქართველოში მოქმედ ყველა დიპლომატიურ წარმომადგენლობას, ისევე როგორც საერთაშორისო სტრუქტურებს, გარდა იმისა, რომ საქმის კურსში ჩავაყენეთ მიმდინარე მოვლენებზე, ასევე, ვთხოვეთ, რა თქმა უნდა, კომპეტენციის ფარგლებში ჩარევა და საკითხით დაინტერესება. იმედს ვიტოვებთ, რომ ყოველივე მიიღებს იმ სწორ სამართლებრივ ფორმას, რომელიც არის სამართალწარმოება სამოქალაქო წარმოების დავაზე სასამართლო სისტემაში",- განაცხადა ყანდაშვილმა.

ირაკლი ყანდაშვილი აცხადებს, რომ კომპანია "ბადაგონის" 100%-იანი წილის მესაკუთრე, დღეის მდგომარეობით, 2015 წლის 27 იანვრიდან არის გიორგი სალაყაია და მისივე თქმით, სალაყაიას კომპანიაში არაერთი ინვესტიცია აქვს განხორციელებული.

"2015 წლიდან 2018 წლის პირველ იანვრამდე, თუ ჩვენ გადავხედავთ "ბადაგონის" ზრდის ტენდენციას, მათ შორის, როგორც ქვეყნის ტერიტორიაზე, ასევე ექსპორტირებულ პოზიციას, ვნახავთ, რომ "ბადაგონი" არის პირველი კომპანია საქართველოს მასშტაბით. ანუ, ეს ყოველივე, რა თქმა უნდა, არის დაკავშირებული სხვა არავისთან თუ არა დღე მოქმედ მენეჯმენტთან, რომელსაც 2015 წლიდან ხელმძღვანელობს გიორგი სალაყაია. ჩვენ ადვოკატები ვართ და რაიმე ხარვეზი რომ არ დავუშვათ, ფინანსურ საკითხზე შეგიძლიათ კომპანიას გამოკითხოთ, დღეს ეს არ არის სადავო საკითხი. ფაქტია, რომ 2017 წელს კომპანია ცალსახად არის აღიარებული, როგორც ყველაზე დიდი გადამხდელი საქართველოს ბიუჯეტში, როგორც ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი და პირველი, მოწინავე ექსპორტიორი ღვინის ბიზნესში. შესაბამისად, კითხვები იმასთან დაკავშირებით, გიორგი სალაყაია არის თუ არა ინვესტიციების განმხორციელებელი ამ ქვეყანში მოხსნილია ბოლო 3 წლის განმავლობაში",- განაცხადა ყანდაშვილმა.

ასევე, ადვოკატმა კომპანიის მუშაობის შეფერხებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქარხნები დღეის მდგომარეობით სრული დატვირთვით, პრობლემის გარეშე მუშაობს.

"დღეის მდგომარეობით ქარხნები შედის უკვე და იტვირთება სრულად, შესაბამისად, ამ ნაწილაში რაიმე ხარვეზი არ არის. აქ ერთი დეტალია. აქ იყო საუბარი შემდეგზე, რომ კომპანიაში ტექნიკური კუთხით 7 თებერვალს განხორციელებული შესვლით ტექნიკურად შეფერხდა კომპანია და როცა ტექნიკურად ფერხდება სათავო ოფისის ადგილობრივი წარმომადგენლობები ვეღარ ახორციელებენ საქმიანობას, რომელიც დღეს უკვე დაძლეულია",- განაცხადა ყანდაშვილმა.

ცნობისთვის, "ბადაგონში" ფინანსური პოლიცია 7 თებერვალს შევიდა. 10 თებერვალს კი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა "ბადაგონთან" დაკავშირებით განმარტება გააკეთა.

"შპს "ბადაგონის" წილის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ფაქტთან დაკავშირებით, კომპანია "გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედის" წარმომადგენლმა საგამოძებო სამსახურს მომართა განცხადებით, რომლის შესწავლის შემდგომ, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება გამოძიების დაწყების თაობაზე.

გამოძიების მიმდინარეობისას, საქართველოს პროკურატურის შესაბამისი შუამდგომლობების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაიცა განჩინებები, საგამოძიებო მოქმედების - დოკუმენტების ამოღების და ელექტრონული ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე.

მიუხედავად იმისა, რომ განჩინება ითვალისწინებდა შპს "ბადაგონიდან" 2013 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 1 თებერვლამდე პერიოდის სრული დოკუმენტაციის ამოღებას, იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიის საქმიანობა არ შეფერხებულიყო, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, პროცესუალური ნორმების სრული დაცვით, ქალაქ თბილისში მდებარე შპს "ბადაგონის" სათაო ოფისიდან ამოღებულ იქნა მხოლოდ წილის გასხვისებასთან, ინვესტირებასთან, სესხის აღებასთან და აღებული სესხის მიზნობრივ გამოყენებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია (სულ ერთი საქაღალდე), კომპანიის ოფისიდან ასევე გამოთხოვილია ელექტრონული ინფორმაცია, რომელიც ამოღებულ დოკუმენტებთან ერთად, საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილე პირების თანდასწრებით დაილუქა.

ხაზგასმით გვსურს აღვნიშნოთ, რომ შპს "ბადაგონში" არ ჩატარებულა ჩხრეკა, ჩატარდა მხოლოდ საგამოძიებო მოქმედება - ამოღება, ყოველგვარი საპროცესო იძულების ღონისძიებების გამოყენების გარეშე. რა დროსაც კომპანია "ბადაგონის" წარმომადგენლების მიერ ნებაყოფლობით იქნა წარმოდგენილი ზემოაღნიშნული მოთხოვნილი დოკუმენტაცია და ელექტრონული ინფორმაცია. ხსენებულ საგამოძიებო მოქმდებებს არ გამოუწვევია და ვერც გამოიწვევდა, შპს "ბადაგონის"საქმიანობის შეფერხებას ან შეჩერებას. ამასთან, გავრცელებული ინფორმაცია საწარმოდან კომპიუტერული ტექნიკის ამოღების, საქმიანობის შეფერხების და ყადაღის დადების შესახებ სიცრუეა",- ნათქვამია განცხადებაში.