მთავარი » ბიზნესი » ბიორნ ბრანდზეგი: ჩვენი მიზანია რომ ნამახვანი ჰესის მშენებლობა დაიწყოს 2018 წელს
ბიორნ ბრანდზეგი: ჩვენი მიზანია რომ ნამახვანი ჰესის მშენებლობა დაიწყოს 2018 წელს
15:03 | 5 თებერვალი, 2018

ბიორნ ბრანდზეგი: ჩვენი მიზანია რომ ნამახვანი ჰესის მშენებლობა დაიწყოს 2018 წელს

ბიორნ ბრანდზეგის სახელს საქართველოში უმსხვილესი ენერგოპროექტების წარმატებით დაგეგმვა და განხორციელება უკავშირდება. ის ნორვეგიული კომპანია Clean Energy Group-ის დამფუძნებელი პარტნიორი და აღმასრულებელი დირექტორია და ამავდროულად არის კომპანია ქლინ ენერჯი გრუფ ჯორჯიას აღმასრულებელი დირექტორი. ბიორნს აქვს ფინანსური ბაზრების მრჩევლის 15 წლიანი გამოცდილება განახლებადი ენერგიის მიმართულებით. 

ნამახვანი ჰესის პროექტს ნორვეგიული Clean Energy Group-ი საერთაშორისო გამოცდილების მქონე, თურქულ კომპანია ENKA-სთან ერთად განახორციელებს. ნამახვანი ჰესის მშენებლობის დაწყება 2018 წელს იგეგმება. 

433 მეგავატი სიმძლავრის ნამახვანი ჰესი სიდიდით მეორე ჰიდროელექტრო სადგური იქნება საქართველოში.

1. როგორც ცნობილია, ტენდერში გამარჯვებული კომპანია ქლინ ენერჯი გრუფ ჯორჯია, წელს ისტორიული პროექტის, ნამახვანი ჰესის მშენებლობის დაწყებას გეგმავს. რა ეტაპზე ხართ ახლა?

ჩვენი ტექნიკური გუნდი ექვსი თვის განმავლობაში განიხილავდა პროექტის დიზაინს მისი განხორციელებადობის დასადასტურებლად. ამ ეტაპზე დიზაინის განხილვა დასრულებულია და უკვე ვმუშაობთ კომპანია ENKA-სთან ერთად ინჟინერიის, შესყიდვებისა და მშენებლობის კონტრაქტისთვის დოკუმენტების მომზადებაზე, რის შემდეგაც დაიწყება სამშენებლო სამუშაოები. პროექტის ლენდერებმა უკვე დაიწყეს შეფასებების გაკეთება. ჩვენი მიზანია, რომ ნამახვანი ჰესის მშენებლობა დაიწყოს 2018 წელს

2. ენერგოდამოუკიდებლობა საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია, ნამახვანი ჰესს რა წვლილის შეტანა შეუძლია ამ პროცესში?

საქართველოს ენერგო სისტემას უფრო მეტი მოქნილობა და ენერგო რესურსების ათვისება სჭირდება ქვეყნის ელექტროენერგიით უზრუნველსაყოფად, ბოლო წლებში გაზრდილი მოთხოვნის შესაბამისად. ნამახვანი ჰესის პროექტი ერთ-ერთია იმ მცირე ჰიდრო პროექტთაგან, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია დიდი ზომის წყალსაცავის აშენება, რაც უზრუნველყოფს სისტემის მოქნილობასა და ენერგო რესურსების დაგროვებას. ნამახვანი ჰესი უზრუნველყოფს ელექტროენერგიის მიწოდებას საქართველოსთვის ზამთრის თვეებში, როდესაც ქართულ ბაზარზე მოთხოვნა იზრდება, მიწოდება კი შეზღუდულია, ამგვარად, პროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის ენერგო დამოუკიდებლობისკენ სვლის პროცესში.

3. პროექტის განხორციელების პროცესში ვინ არიან კომპანიის პარტნიორები? 

ჩვენი კომპანიის მსოფლმხედველობას წარმოადგენს კომპლექსური ჰიდრო პროექტების შემუშავებისას საუკეთესო ხელმისაწვდომი ექსპერტიზის გამოყენება. ჩვენ გავაფორმეთ მანდატის წერილები საერთაშორისო ფინანსურ კორპორაციასთან ( IFC) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ( EBRD) პროექტის დაფინანსების თაობაზე. პროექტის მფლობელების ინჟინერის რანგში ვიყენებთ შვეიცარიული Stucky-ის მომსახურებას, გარემოს დაცვით საკითხებში ჩვენი მრჩეველია ფრანგული კომპანია SLR, ხოლო იურიდიულ მომსახურებას წამყვანი ბრიტანული, ამერიკული და ქართული იურიდიული კომპანიები გვიწევენ.

4. ნამახვანი ჰესის პროექტი რა სოციალურ-ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს წყალტუბოს და ცაგერის მუნიციპალიტეტებს?

პირველ რიგში მინდა ავღნიშნო, რომ ჩვენი პროექტის შედეგად შეიქმნება 3000-მდე სამუშაო ადგილი, პრიორიტეტი მიენიჭება ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას.
ამასთან ერთად, რეგიონში განახლდება ინფრასტრუქტურა - იგეგმება ახალი 30 კმ-იანი გზის მშენებლობა წყალსაცავების ტერიტორიაზე, რაც ქუთაისიდან სოფლების ტერიტორიაზე მოძრაობას უფრო მარტივს გახდის. გადასახადების სახით, კომპანია ყოველ წელს 20 მილიონ ლარს შეიტანს ბიუჯეტში. ქლინ ენერჯი გრუფ ჯორჯია ასევე განახორციელებს სოციალური ინვესტიციების პროგრამას, პროექტის მშენებლობის ზემოქმედების არეალში მოხვედრილი მოსახლეობისათვის.

5. როცა დიდი ჰესების მშენებლობაზეა საუბარი არასამთავრობო სექტორი და საზოგადოების ნაწილი კრიტიკულ პოზიციას აფიქსირებს მსგავსი პროექტების განხორციელების მიმართ, რამდენად საფუძვლიანად არის შესწავლილი გარემო და მინიმუმამდე შემცირებულია გარემოზე ზემოქმედების რისკები პროექტის განხორციელების პროცესში?

მოგეხსენებათ, რომ ჰესების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია არის იაფი, მოქნილი და განახლებადი. სხვა ბევრი ევროპული ქვეყნისგან განსხვავებით, საქართველოს თავისი რესურსების მცირე ნაწილი აქვს ათვისებული. ჰესებს მართლაც აქვთ გარკვეული უარყოფითი ზემოქმედება, მათ შორის მიწის გამოყენება და შემცირებული წყლის ნაკადი მდინარეში, სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ნეგატიური გავლენების შემსუბუქება შესაბამისი მაკომპენსირებელი ღონისძიებებით. 

ქლინ ენერჯი გრუფ ჯორჯია პროექტს საერთაშორისო ფინანსური კორპორაციის, IFC-ის სტანდარტების მიხედვით ახორციელებს, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით წამყვან სტანდარტად არის აღიარებული მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებული სოციალური და გარემოსდაცვითი საკითხების მოგვარების კუთხით. ჩვენ დავიქირავეთ წამყვანი საერთაშორისო ექსპერტები, რათა უზრუნველყოფილი იქნას პროექტის განხორციელება როგორც ქართული, ისე საერთაშორისო სტანდარტების დაცვით. ჩვენი გარემოსდაცვითი და სოციალური მიდგომა დამოუკიდებლად იქნება შეფასებული, რათა დადასტურდეს მათი შესაბამისობა სტანდარტებთან. 

6. როგორი იქნება ნამახვანი ჰესის სოციალური პოლიტიკა, მშენებლობის პარალელურად რა პროექტების განხორციელებას გეგმავთ. 

ქლინ ენერჯი გრუფ ჯორჯია გეგმავს სოციალური ინვესტირების პროგრამის განხორიცელებას იმ არეალში, რომელშიც პროექტი ხორციელდება. პროგრამის მიზანი იქნება რეგიონში ჯანდაცვის, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისა და ბიზნესის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა. ამასთან ერთად, პროექტის ფარგლებში ბევრი სამუშაო ადგილი შექმნება ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

7. რას ნიშნავს თქვენთვის ენერგო პროექტის წარმატებით განხორციელება? 

პროექტის წარმატებით განხორციელება ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის ნიშნავს ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას და მათ კმაყოფილებას. ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროექტი განხორციელდეს დროულად და მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანოს ქვეყანს.