მთავარი » ეკონომიკა » სამტრედია-გრიგოლეთის 710 მილიონიანი გზის საიდუმლო დეტალები-რას მალავს საგზაო დეპარტამენტი
სამტრედია-გრიგოლეთის 710 მილიონიანი გზის საიდუმლო დეტალები-რას მალავს საგზაო დეპარტამენტი
11:37 | 5 თებერვალი, 2018

სამტრედია-გრიგოლეთის 710 მილიონიანი გზის საიდუმლო დეტალები-რას მალავს საგზაო დეპარტამენტი

არ დარჩენილა მაღალი რანგის არცერთი საჯარო მოხელე, რომელსაც ამ გზის მნიშვნელობისთვის არ გაესვას ხაზი. დაწყებული პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილიდან, გაგრძელებული პრემიერ გიორგი კვირიკაშვილით და დამთავრებული ინფრასტრუქტურის ყველა მინისტრით.

ეს გზა სავიზიტო ბარათი იყო პრემიერ კვირიკაშვილისთვის საპარლამენტო და თვითმმართველობის არჩევნებზე. თავის ყველა გამოსვლაში ის სიამაყით აღნიშნავდა:

"დაწყებულია სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მშენებლობა, რომელიც იქნება ახალი, კომფორტული და უსაფრთხო ევროსტანდარტის გზა. ეს გზა უზრუნველყოფს ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მეტად დატვირთული, საერთაშორისო მნიშვნელობის გზის გამტარუნარიანობას, უსაფრთხო საავტომობილო მგზავრობასა და შეუფერხებელ სატრანზიტო მიმოსვლას.

ასევე იგეგმება გრიგოლეთი–ფოთისა და გრიგოლეთი–ქობულეთის მონაკვეთების მშენებლობა, რომლებიც საშუალებას მოგვცემს სატრანსპორტო ნაკადმა, ჩქაროსნული ავტომაგისტრალით იმოძრაოს, როგორც ფოთის გავლით, ისე პირდაპირ გრიგოლეთი-ქობულეთის გავლით,“ - აღნიშნავდა პრემიერი თავის წინასაარჩევნო გამოსვლებში.

და რაც მთავარია: სამტრედია–გრიგოლეთის შემოვლითი გზა პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივის, 4 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მიმართულების - ქვეყნის სივრცითი განვითარების ნაწილია.

სამტრედია გრიგოლეთის შემოვლითი გზა - პრემიერების სავიზიტო ბარათი, 4 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მიმართულება და რაც მთავარია, ქართველი ხალხის თავზე აღებული პროექტია, რომლის თანხაც ჩვენ უნდა გადავიხადოთ.

710 000 მილიონიან პროექტს ევროპის საინვესტიციო ბანკი სასესხო ვალდებულებით გვიფინანსებს, რაც იმას ნიშნავს, რომ პასუხისმგებლობა ამ გზაზე გვაკისრია ნებისმიერ გადამხდელს, რომლებმაც ეს ვალი უნდა დავფაროთ. ეს კი თავის მხრივ იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს უფლება ვაკონტროლოთ მისი მშენებლობა და მოვითხოვოთ ანგარიში ყველა დეტალზე, რაც ამ პროქტის ფარგლებში ხდება.

ამ პროექტის ფარგლებში კი საკმაოდ ბევრი არა მხოლოდ საინტერესო, საეჭვო ამბებიც ხდება, განსაკუთრებით კი II და IV ლოტებზე, სადაც ორი ჩინური კომპანია „სინოჰიდრო“ და „ჩინეთის რკინიგზა 23“ ასრულებენ სამუშაოებს.

ამ საეჭვო ამბების გარკვევა, პირველ რიგში იმ უწყებაში გადავწყვიტეთ, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობს სამტრედია-გრიგოლეთის შემოვლითი გზის მშენებლობას. ეს გახლავთ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი. თითქმის ერთთვიანი მიმოწერისა და ძალიან მარტივი, ერთი შეხედვით უწყინარი საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შედეგად მივიღეთ - ვერაფერი.

რატომ მიშლის ხელს ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში საგზაო დეპარტამენტი

მე, ჟურნალისტი თამარ ლეფსვერიძე რამდენიმე თვეა ვმუშაობ საგზაო ტენდერების საკითხზე და ერთ-ერთი ნაწილი გახლავთ სამტრედია-გრიგოლეთის შემოვლითი საავტომობილო გზა, რომელსაც ჩინური კომპანია „სინოჰიდრო“ აშენებს.

გზა დაყოფილია ოთხ ლოტად, საიდანაც ორს მე-2, მე-4 აშენებს ჩინური კომპანიები - „სინოჰიდრო“ და „ჩინეთის რკინიგზა 23“ „China Railway 23rd”. პროეტის ღირებულება საერთო ჯამში 710 მილიონი ლარია.

სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მონაკვეთებზე მშენებლობა ხორციელდება ევროპის საინვესტიციო ბანკსა (EIB) და საქართველოს შორის 2012 და 2013 წლებში გაფორმებული ფინანსური ხელშეკრულებების, საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი A/B საფუძველზე (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 ივნისის №6396-Iს და 2014 წლის 20 თებერვლის №2031-IIს დადგენილებით)

(ხელშეკრულება №GEWH/CW/ICB-02 - სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის კმ11+500კმ30+000 (ლოტი II) მონაკვეთის მშენებლობა. ხელშეკრულების გაფორმების თარიღი: 13 ოქტომბერი 2015წ. ხელშეკრულების ღირებულება: 253,979,678.24 ლარი; )

პრობლემის არსი:

ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, მშენებლობის პროცესში აღნიშნულ პროექტში შევიდა ცვლილება, რამაც მეტად მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მასზე, როგორც ფასის, ასევე ხარისხის თვალსაზრისით. მოგეხსენებათ, ნებისმიერი ცვლილება, რომელიც ასეთ მაღალბიუჯეტიან პროექტში შედის, (და არა მხოლოდ მაღალბიუჯეტიანში) ხელახლა გადის სამართლებრივ პროცედურებს, როგორც ფინანსთა სამინისტროში, ასევე ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში, ასევე თავიდან გადის გზშ-საც.

ინფორმაციის დაზუსტების მიზნით, მივმართეთ საქართველოს საგზაო დეპარტამენტს, რათა მოეწოდებინათ ჩვენთვის პროექტი ცვლილებებამდე და ცვლილებების შემდეგ, რაც გარკვეული დეტალების დაზუსტების საშუალებას მოგვცემდა. ჩვენი წერილის ამ ნაწილის პასუხად კი მივიღეთ შემდეგი:

„სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მონაკვეთებზე მშენებლობა ხორციელდება ევროპის საინვესტიციო ბანკსა (EIB) და საქართველოს შორის 2012 და 2013 წლებში გაფორმებული ფინანსური ხელშეკრულებების, საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი A/B საფუძველზე (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 ივნისის №6396-Iს და 2014 წლის 20 თებერვლის №2031-IIს დადგენილებით).

გამომდინარე იქედან, რომ თქვენი განცხადების მე-4 და მე-5 პუნქტებით მოთხოვნილი დოკუმენტაცია დაკავშირებულია ხსენებული ფინანსური ხელშეკრულებების შესრულებასთან, ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოქმედება არ ვრცელდება აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა იმ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია საერთაშორისო ხელშეკრულებების და შეთანხმებების შესრულებასა და საგარეო პოლიტიკის განხორციელებასთან, ზემოხსენებული დაფინანსების ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელებულ/განსახორციელებელ პროექტთან დაკავშირებული ინფორმაცია არ წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ საჯარო ინფორმაციას. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოკლებულია შესაძლებლობას წარმოგიდგინოთ განცხადების მე-4 და მე-5 პუნქტებით მოთხოვნილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია პროექტში განხორციელებული ცვლილების შესახებ.“

მიღებული პასუხი კიდევ ერთხელ აძლიერებს ეჭვს იმის შესახებ, რომ პროექტში ცვლილებები სამართლებრივი ნორმების დარღვევითაა შესული. თუმცა მიღებული პასუხიდან გამომდინარე ვერ ხერხდება ინფორმაციის გადამოწმება და მისი მიწოდება მკითხველისთვის, ასევე დონორი ორგანიზაციის მიერ გამოყოფილი 710 მილიონი ლარის საზოგადოებრივი კონტროლი და საზოგადოებისთვისთვის პროექტის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა", "ახალგაზრდა ადვოკატები" IDFI და "საია" - წამყვანი არასამთავრობოების პასუხი საგზაო დეპარტამენტის პასუხზე.

რატომ მალავს ძალიან მარტივ ინფორმაციას საგზაო დეპარტამენტი და რამდენად კომპეტენტური, ან სამართლებრივად მყარია მათი არგუმენტი იმის შესახებ, რომ საერთაშორისო ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულება კონფიდენციალურია? რატომ აპელირებს მუდმივად ამ ფრაზაზე უწყება, როცა ჩვენ ერთი კონკრეტული ცვლილების ან დადასტურებას ან უარყოფას ვითხოვთ? ამ კითხვით "აიპრესმა" ზემოთ ჩამოთვლილ არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართა. თითოეული მათგანი გვპასუხობს, რომ საგზაო დეპარტამენტის პასუხი მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.

IDFI: თქვენს მიერ მოწოდებული დოკუმენტების მიხედვით ჩანს, რომ ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის ძირითადი მიზეზია ის, რომ ხსენებული ინფორმაცია არ წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას და შესაბამისად, საავტომობილო გზების დეპარტამენტი არაა უფლებამოსილი/ვალდებული გასცეს ეს ინფორმაცია. ამ მოსაზრების გასამყარებლად მოყვანილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი. აღნიშნული მუხლი გულისხმობს, რომ ადმინისტრაციული კოდექსის მოქმედება არ ვრცელდება აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა იმ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია - „საერთაშორისო ხელშეკრულებების და შეთანხმებების შესრულებასა და საგარეო პოლიტიკის განხორციელებასთან“.

თქვენს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემა ამ ნორმით არ უნდა შეიზღუდოს. უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ ზემოთ მოყვანილი მუხლი არის კუმულაციური ხასიათის, ანუ საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები უნდა იყოს დაკავშირებული საგარეო პოლიტიკის განხორციელებასთან, ხოლო ადგილობრივ დონეზე გზების დაგება ვერ ჩაითვლება საგარეო პოლიტიკის განხორციელებად. ამასთანავე, იმისთვის რომ ეს პირობები დამოუკიდებელი ყოფილიყო ერთმანეთისგან, მუხლში უნდა ყოფილიყო გამოყენებული კავშირი “ან“ და არა „და“.

აქვე აღსანიშნავია, რომ ზემოთ მოყვანილი ნორმა არ მოიაზრებს კერძო სამართლებრივი ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულებებს, რომლებიც კონკრეტული საქმიანობის განსახორციელებლად იდება მხარეებს შორის - მაგალითად გზების დაგება ან ხიდების მშენებლობა. ამ შემთხვევაში მოიაზრება საერთაშორისო საჯარო სამართლის საერთაშორისო შეთანხმებები როგორიცაა მაგალითად - ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია.

ამას გარდა, მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება საბიუჯეტო დანახარჯს მოიცავს, იქნება ეს სესხი თუ გრანტი გამოყოფილი კონკრეტული პროექტისთვის, შესაბამისად საბიუჯეტო სახსრების ხარჯვა უნდა იყოს საჯარო. იმ შემთხვევაშიც კი თუ ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტს თქვენს მიერ მოთხოვნილ პროექტზე გავავრცელებთ, მაინც ვერ შეიზღუდება ინფორმაციის გაცემა, რადან ბიუჯეტის ხარჯვის გამჭვირვალობა გარანტირებულია საბიუჯეტო კოდექსით.“

სულხან სალაძე (საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე): "საერთაშორისო ხელშეკრულება ეს არის საქართველოს მიერ უცხო სახელმწიფოსთან (სახელმწიფოებთან) ან საერთაშორისო ორგანიზაციასთან (ორგანიზაციებთან) წერილობითი ფორმით დადებული შეთანხმება, რომელიც რეგულირდება საერთაშორისო სამართლის ნორმებით, განურჩევლად იმისა, წარმოდგენილია იგი ერთი თუ რამდენიმე ერთმანეთთან დაკავშირებული დოკუმენტით და მიუხედავად მისი კონკრეტული სახელწოდებისა.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოქმედება არ ვრცელდება აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა იმ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია საერთაშორისო ხელშეკრულებების და შეთანხმებების შესრულებასა და საგარეო პოლიტიკის განხორციელებასთან.

თუმცა დასმული კითხვები ეხება არა საერთაშორისო ხელშეკრულებების შესრულებას, არამედ საერთაშორისო ტენდერს, რომელიც ჩატარდა საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე.

(საქართველოს კანონი ითვალისწინებს, რომ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს მსოფლიო ბანკის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის და ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ განსაზღვრული შესყიდვების პროცედურები, თუ ეს ორგანიზაციები არიან შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობის მონაწილენი. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ორგანიზაციები არ არიან შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობის მონაწილენი, მათი, აგრეთვე სხვა ორგანიზაციების შესყიდვების პროცედურები შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე.)

სატენდერო პირობების ცვლილება არ წარმოადგენს საერთაშორისო ხელშეკრულების შესრულების თაობაზე ინფორმაციას, ვინაიდან აღნიშნული ტენდერი არ არის საერთაშორისო ხელშეკრულების საგანი. ამასთან სატენდერო პირობები საჯაროა. შესაბამისად, მასში თუნდაც დასრულების შემდგომ განხორციელებული ცვლილებებიც საჯარო უნდა იყოს. აგრეთვე საჯაროა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებების ფასი და მისი ცვლილებაც რა თქმა უნდა, ვერ იქნება დახურული.

თუ სასამართლო დავაზე მივა საქმე, არის დიდი ალბათობა იმისა, რომ საგზაო დეპარტამენტმა ეს საქმე წააგოს. თქვენ რომ ითხოვდეთ უშუალოდ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით დეტალებს, მაგალითად როდის ხდებოდა თანხის გადარიცხვა, კონკრეტულად რომელ დღეს და მსგავსი ტიპის საკითხებს, მაგალითად ვინ იყო იგივე ბანკის მხრიდან ზედამხედველი ამ ხელშეკრულების, გასაგები იქნებოდა რატომაც შეიძლებოდა უარი ეთქვათ. რატომ უნდა იყოს საიდუმლო იმ ტენდერში შესული ცვლილება, რომელიც ღია იყო, არანაირ ლოგიკაში არ ჯდება. ეს ბუნებრივია, არ შეიძლება მივიჩნიოთ იმ კატეგორიის ინფორმაციად, რომლის გასაჯაროებაც რაიმე ზიანს მიაყენებს ხელშეკრულების რომელიმე მხარეს."

"ახალგაზრდა ადვოკატები" - "საინფორმაციო სააგენტო „აიპრესის“ რედაქტორმა საჯარო ინფორმაციის გაცემის მიზნით 2018 წლის 12 იანვარს მიმართა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს. 2018 წლის 24 იანვარს ადმინისტრაციულმა ორგანომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა განმცხადებლის მოთხოვნა, კერძოდ, ინფორმაცია გაიცა კომპანია „Sinohydro Corporation Limites”-ის მიერ საერთაშორისო ტენდერების მონაწილეობის მიღების, ხოლო გაფორმებული ხელშეკრულების და მასში ცვლილებების შეტანის ნაწილში ინფორმაციის გაცემის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

ადმინისტრაციული ორგანოს დასაბუთებით, ხელშეკრულების დადების და განხორციელებული ცვლილებების მიმართ არ მოქმედებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად.

წარმოდგენილი სამართლებრივი რეგულაცია ითვალისწინებს ისეთ შემთხვევებს, როდესაც საერთაშორისო ხელშეკრულებით აქვს საქართველოს ნაკისრი ვალდებულებები და ახორციელებს მის შესრულებას ან ხორციელდება საგარეო პოლიტიკა.

მოცემულ შემთხვევაში უნდა განიმარტოს კომპანია „Sinohydro Corporation Limites”-ის მიერ განხორცილებული სამუშაოები არის თუ არა საერთაშორისო შეთანხმების შესრულება. იმისთვის, რომ მოექცეს წინამდებარე რეგულაციაში.

საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება დადებული აქვს ევროპის საინვესტიციო ბანკთან, რომელიც რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის მიერ 2012 წლის 5 ივნისს და 2014 წლის 20 თებერვალს. წინამდებარე ხელშეკრულების საგანი არის საქართველოს მიერ კრედიტის მიღება. ხოლო კრედიტის მისაღებად დასაბუთებულია ის მიზანი, თუ რაში უნდა დაიხარჯოს აღნიშნული თანხა. რაც არ უნდა იქნეს იმგვარად გაგებული, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკი ავალდებულებს საქართველოს ააშენოს საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი, ვინაიდან საქართველომ მიმართა საინვესტიციო ბანკს კრედიტის მისაღებად ამ პროექტის განხორციელების მიზნით. შესაბამისად საქართველოს ძირითადი ვალდებულებაა უზრუნველყოს კრედიტის გადახდა. შესაბამისად საქართველოსა და კომპანია „Sinohydro Corporation Limites”-ს შორის დადებული ხელშეკრულების მიმართ არ უნდა იქნეს გამოყენებული საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი.

ამასთან მნიშვნელოვანია საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელიც რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის მიერ 2012 წლის 5 ივნისს და 2014 წლის 20 თებერვალს, არსებული რეგულაციები. წინამდებარე ხელშეკრულება მიმართულია არა გასაიდუმლოების მიმართ, არამედ მაქსიმალურად საჯაროდ ინფორმაციის გამოტანის და საზოგადოებისთვის ინფორმირებისთვის. შესაბამისად გაუგებარია საავტომობილო გზების დეპარტამენტის პოზიცია ხელშეკრულებების გასაიდუმლოების ნაწილში, ვინაიდან საერთაშორისო ხელშეკრულების ძირითადი მიზანია საჯაროობა."

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო": "მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 3.4.ვ. მუხლში საუბარია საერთაშორის ხელშეკრულებებზე, მათ შორის ევროპის საინვესტიციო ბანკსა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული ხელშეკრულებების შესრულებაზე, თავად აღნიშნული ხელშეკრულებები რატიფიცირებულია პარლამენტის მიერ და ტექსტი განთავსებულია საქართველოს პარლამენტის ოფიციალურ საიტზე, შესაბამისად, აღნიშნული დოკუმენტი საჯარო სივრცეში თავისუფალი გაცნობისთვის არის ხელმისაწვდომი. მითუმეტეს დაცულ სფეროს ვერ განეკუთვნება აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში არსებული პროექტები და პროექტში შესული ცვლილებები, განსაკუთრებით იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ სატენდერო დოკუმენტაცია და ინფორმაცია თავად ტენდერის შესახებ ასევე ხელმისაწვდომია.

ამასთან, აღნიშნული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში, როგორც სახელმწიფოს გრანტი/ვალი ის ასახულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. საქართველოს კანონის “სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” 4.1.ბ მუხლის შესაბამისად ბიუჯეტის გამჭვირვალობის პრინციპიდან გამომდინარე, აუცილებელია სახელმწიფომ უზრუნველყოს “დამტკიცებული ბიუჯეტებისა და მათი შესრულების შესახებ ანგარიშების გამოქვეყნება; ბიუჯეტის შესახებ ინფორმაციის (გარდა საიდუმლო ინფორმაციისა) ხელმისაწვდომობა ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის.”

აღნიშნულის გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 3.4.ვ. მუხლის დაცვის ქვეშ არსებულ საქმიანობად არ უნდა ჩაითვალოს და აუცილებელია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვის გამჭვირვალობის პრინციპის შესაბამისად, მოხდეს მისი გასაჯაროება/ჩვენთვის გადმოცემა კანონით დადგენილი წესით.

პ.ს პირველი ნაწილის დასასრული... გაგრძელება იქნება...