მთავარი » ბიზნესი » კოტე მჭედლიშვილი: სამტრედია-გრიგოლეთის გზის მშენებლობაზე გამოძიება უნდა დაიწყოს
კოტე მჭედლიშვილი: სამტრედია-გრიგოლეთის გზის მშენებლობაზე გამოძიება უნდა დაიწყოს
15:21 | 4 თებერვალი, 2018

კოტე მჭედლიშვილი: სამტრედია-გრიგოლეთის გზის მშენებლობაზე გამოძიება უნდა დაიწყოს

რამდენად უსაფრთხოა ჩვენი გადაადგილება და რა ხდება გზებზე? რამდენად გამართლებულია ის მოსაზრება, რომ უცხოური კომპანიები გაცილებით ხარისხიანად ასრულებს სამუშაოს, ვიდრე ქართული?
ამის შესახებ „აიპრესი“ პროფესორ კონსტანტინე მჭედლიშვილს ესაუბრა. პროფესორი აცხადებს, რომ უცხოური კომპანიების ბუმი სულაც არ ნიშნავს მაღალ ხარისხს. ხშირ შემთხვევაში კი საქმე იქემდე მიდის, რომ თავიდან ხდება საჭირო გზები დაგება, რაც სახელმწიფოს უზარმაზარ ზარალს აყენებს.

„გაუმართლებლად უზარმაზარი ხარჯები აქვთ უცხოელებს, გინდა საპროექტო სამუშაოებზე, გინდა საზედამხედველოზე, გინდაც კიდევ სამშენებლოზე. ძალიან დიდი თანხები აქვთ წარმოდგენილი, რასაც არავითარი გამართლება არ აქვს. აი მაგალითად ესპანური ფირმები მოღვაწეობენ ჩვენს საგზაო მშენებლობაში, მეტროც ააშენეს. ესპანეთში არაჩვეულებრივად არის აშენებული საგზაო ქსელიც, მეტროპოლიტენიც. ჩვენთან ჩამოდიან ამ ფირმების მეასეხარისხოვანი წარმომადგენლები.

მე ვიცი, მაგალითად, იქაური კვალფიცირებული ინჟინერის ხელფასი არის 3000 ევრო, მეტი არა, უიშვიათესია 5000 ევრო. თვითონ პრემიერი რომ ჰყავთ, ის იღებს 7000 ევროს. აქ ჩამოსული რიგითი ესპანელი კი 7, 8, 10, 15 000 დოლარს იღებს ხელფასის სახით. ჩვენთან ჩრდილოეთ პოლუსია, ანტარქტიდაა თუ საომარი მოქმედებებია?

ჩვენ ვართ ედემის მაგვარ პირობებში, თუ არ ჩავთვლით მაღალმთიან კავკასიას, მაგრამ იქაც არაჩვეულებრივი არაფერია. შეგიძლია 2 საათის განმავლობაში შავი ზღვისპირეთიდან ახვიდე მაღალმთიანში, გააკეთო შენი საქმე და ჩამოხვიდე დასაძინებლად. არავითარი გამართლება ასეთ დანახარაჯებს მათი მოწვევისას არ აქვს. თუ აქაური ჩინოვნიკები გადიან დანაშაულებრივ შეთანხმებაში ამ მოწვეულ ე.წ. სპეციალისტებთან და მერე იმ ზედმეტ ფულს ერთად ინაწილებენ, მაშინ იქნება „გასაგები“.

ქართველი სპეციალისტები მთლიანად იგნორირებულები არიან. შემოჰყავთ რაღაც საეჭვო კვალიფიკაციის და პროფესიული წარსულის ე.წ. სპეციალისტები და მათ შესრულებულ სამუშაოებზე იხარჯება ძალიან დიდი ფული.

გეტყვით აქ კიდევ რა არის ჩადებული. იქ არის მოთხოვნა, რომ ადგილობრივი სპეციალისტი იყოს არანაკლებ 40 პროცენტისა. ეს ჩვენთვის ერთი შეხედვით კარგია, მაგრამ მეორე მხრივ, რა გამოდის: ისინი იწვევენ ჩვენს ქართველ სპეციალისტებს და უცხოური ფირმა აქ პრაქტიკულად მენეჯერის როლს ასრულებს მარტო. შემსრულებლად არიან ქართული ფირმები და ეს ქართული ფირმები მთლიანი სამუშაოს შესრულებაში მაქსიმუმ 20 პროცენტს იღებენ და და დანარჩენ 80-ს იღებს ეს უცხოური ფირმა, რომელიც ალბათ უნაწილებს იმას, ვინც ლობირება გაუკეთა აქ ჩამოყვანაზე.

ჩვენ, ქართველ სპეციალისტებს, შეგვეძლო ეს 50 პროცენტად, ანუ ნახევარ ფასად გაგვეკეთებინა და დანარჩენი ნახევარი დარჩებოდა ბიუჯეტში. დღეს ჩვენი ფირმები ქვეიჯარაზე მუშაობს ყველა.

- ხშირად შემოდიან დემპინგური ფასით და თან ისეთი კომპანიები, რომელთაც პრობლემები აქვთ არა მხოლოდ ხარისხის მხრივ, არამედ ისეთ კომპეტენტურ ორგანიზაციებთან, როგორიც მსოფლიო ბანკია. ასეთ კომპანიებს ჩაბარებული აქვთ სტრატეგიული დანიშნულების ობიექტები, მაგალითად სამტრედია-გრიგოლეთის შემოვლითი გზა, ქობულეთი, რუსთავი. ამაზე რას იტყვით? ამოწმებს მათ ვინმე?

- უაღრესად უპასუხისმგებლოდ იქცევიან ჯერ ერთი, მერე დაბალი კვალიფიციკაცია აქვთ ძალიან და მესამეც, ქვეიჯარაზე ჰყავთ ქართული ფირმები, რომლებსაც ხშირად არაფერს უხდიან და აკოტრებენ.

- კონკრეტულად დაგისახელებთ ასეთ კომპანიებს: მაგალითად ჩინური კომპანია ‘’სინოჰიდრო’’, „ჩინეთის რკინიგზა 23“. რომლებსაც 710 მილიონიანი პროქტი აქვთ ჩაბარებული...
სამტრედია-გრიგოლეთის შემოვლით გზაზე უკვე საკმაოდ დიდი ხარვეზებია, რაც თავად ინფრასტრუქტურის მინისტრმაც დაადასტურა.

- ახლავე აგიხსნით:ხომ არის მადრიდის ,,რეალი’’ განთქმული, მაგრამ აქ ,,რეალის’’ ძირითადი გუნდის შემადგენლობა კი არა, გუნდის მენეჯერების მიერ ქუჩებში მოკრეფილი ბიჭ-ბუჭები რომ ჩამოიყვანონ სათამაშოდ, რა გამოვა? არაფერი! თანაც მასტერკლასის სახით რომ ჩამოიყვანონ... აი ასეთი შეკრებილი ხალხი ჩამოდის ჩვენთან, რომლებსაც მაქსიმუმ აქვთ გავლილი რაღაც ტრენინგის კურსები. ან მათი კვალიფიკაციის დონე ძალიან დაბალია, ან მაღალი კვალიფიციკაცია აქვთ, მაგრამ არ ენაღვლებათ, რა იქნება. განა იმ ჩინელმა არ იცის, რომ მიწის ვაკისი სველი ტალახისგან არ უნდა ააშენოს? მაგრამ არ ენაღვლებათ.

რაც შეეხება სამტრედია-გრიგოლეთის გზას, იქ არის ურთულესი პირობები. ჯერ ერთი, იქ არის კოლხეთის ჭაობები, ეს არის ჭარბტენიანი ზონა. ამ ჭარბტენიან ზონაში დაპროექტების, ექსპლუატაციის და მშენებლობის თავისებური მეთოდებია. თანაც ამ ჭარბტენიან ზონაში თიხნარი გრუნტები გვაქვს კიდევ. იძულებული ვართ, იმ თიხნარი გრუნტებისგან ავაშენოთ, რომლებიც ვერ უძლებენ დატენიანებას და სიმტკიცე არ აქვთ. ამიტომაც გულდასმით უნდა იყოს გამოკვლეული ის ადგილები, გეოლოგია, გრუნტის წყლები, ბუნებრივი პირობები.

შემდეგ, ამ პირობების შესაბამისად უნდა იყოს პროექტი გაკეთებული. რამდენადაც ვიცი, ეს პროექტი გაკეთებულია ქართველი ინჟინრების მიერ და საკმაოდ მაღალ დონეზეა გაკეთებული.

მაგრამ, შემდეგ იწყება მშენებლობა. მშენებელმა უნდა დაიცვას ის საპროექტო პარამეტრები, რომელიც პროექტშია ჩადებული და თუ ნახავს, რომ ის არ ეხამება, მაშინ უნდა დასვას საკითხი, რომ გადავასწოროთო. იქ რაც ახლა ხდება, თვითნებობაა, რომ მერე რა უჭირს, მიდი, აშენდება მაინცო. აი, ასე ააშენეს მგონი ჩინელებმა. ზედამხედველობა კი იყო, მაგრამ ეტყობა ვერ შეძლეს, მათი შეჩერება. ხშირად არ აქცევენ ზედამხედველების დასკვნებს ყურადღებას, ან კიდევ ეუბნებიან, რომ ჩვენ არაფერი არ ვიცით, ჩვენ ჩვენსას ვაკეთებთო.

პასუხისმგებლობა ვის ეკისრება ამ შემთხვევაში? ზედამხედველს თუ საგზაო დეპარტამენტს?

ჯერ ერთი, დავიწყოთ იმით, რატომ აშენებს ჩინელი და რატომ სხვა არა? რატომ არის ქართული სამშენებლო ორგანიზაციები ჩაკლული და გაკოტრებული პრაქტიკულად ჩინელების, ესპანელებისა და სხვათა მიერ. მესამე, რატომ არის, რომ ზედამხედველობასაც უცხოელი ეწევა და მეოთხე, ამ უცხოელ ზედამხედველს და მშენებელს ზემოდან ქართველი რატომ არ ადგას თავზე? და როდესაც ხედავს, რომ ინგრევა და მათი კვალიფიკაცია შესაბამისი არ არის, უნდა შეიცვალოს.

როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, პროექტის პირვანდელ ვერსიაში, რომელიც ქართველმა არქიტექტორებმა გააკეთეს, ეწერა, რომ გზა უნდა გაკეთებულიყო ხიმინჯებით. შემდეგ შეიცვალა ეს პროექტი და პროექტში ხიმინჯები შეცვლილი არის ე.წ. „ფითილებით“, რომელსაც წყალი ამოაქვს.

იქ ვეტიკალური ნაბურღები უნდა შევსებულიყო ხრეშით, ან ქვიშით, იმიტომ, რომ ხრეში და ქვიშა არ იტკეპნება და კარგად იჭერს. დაჯდებოდა მიწის ვაკისი ჭადრაკულად განლაგებულ ვერტიკალურ ხიმინჯებზე, მაგრამ ამათ ეტყობა რაღაც შეცვალეს, რამაც არ გაამართლა და დაინგრა.
მანდ უნდა დაინიშნოს გამოძიება იმის დასადგენად, ვინც ეს დაუშვა. ჯერ ერთი პროექტი უნდა გადამოწმდეს, არ არის აუცილებელი უცხოელების მოყვანა, როცა პროფესიონალი ქართველი სპეციალისტები გვყავს. სამტრედია-გრიგოლეთის შემოვლითი გზის პროექტის პირველი ვერსია გააკეთა ტალიაშვილის ფირმამ, საკმაოდ სოლიდური ფირმაა.

პროექტის მიღების შემდეგ, მშენებლობის პერიოდში, იქ უნდა გაიხსნას ე.წ. დახურული სამუშაოები, რომლებიც არ ჩანს ხოლმე და შემოწმდეს. შეიძლება დაწერეს იმათ, ხიმინჯებზე დავსვითო და პირდაპირ დაყარეს ჭაობზე...

რატო შეცვალეს ხიმინჯები? იმიტომ, რომ ხიმინჯები ძვირია და ამათ გამოიყენეს უფრო იაფი ვარიანტი, თავიანთთვის ხელსაყრელი.

იმ შემთხვევაში, როდესაც პროექტში შედის ცვლილება, როგორ ხდება, ახლიდან არ უნდა ექსპერტიზის გავლა, როცა ცვლილებას აკეთებ და საერთოდ მეთოდს ცვლი?

რა თქმა უნდა, საჭიროა და რომ არ გააკეთეს, იმიტომაც მივიღეთ ეს შედეგი. არ შესრულდა ყველა ის პროცედურა, რომელიც უნდა შესრულებულიყო. თორემ შენ რომ ცვლი ერთს მეორით, მეორე ცვლილება უნდა იყოს პირველზე უკეთესი.

გამოვითხოვეთ ინფორმაცია ცვლილების შესახებ საგზაო დეპარტამენტიდან, სადაც გვპასუხობენ, რომ ეს ბიუჯეტიდან არ ფინანსდება, საერთაშორისო პროექტია და ინფორმაცია კონფიდენციალურია.

როგორ? ქართველმა ერმა თავის თავზე აიღო ამ სესხის გადახდის ვალდებულება და მე არ მაქვს უფლება, ვისგან ვისესხე, რა პირობებით ვისესხე და მერე როგორ გადავიხადო, ვიცოდე? ეს ხომ ისეთი აბსურდია, რომ მაგის მთქმელი პირდაპირ პასუხისგებაშია მისაცემი?

საზგაო დეპარტამენტი ასე ამბობს...

ამისთანა პასუხზე უკვე ძნელია კომენტარის მონახვა. იმიტომ, რომ ამაში ყველაფერია: სიბრიყვე, თავხედობა, არაპროფესიონალიზმი და სურვილი, დაიფაროს მათი არცთუ მისაბაძი საქმიანობა.