მთავარი » ეკონომიკა » პატარიძე "რუსთავი 2"-ზე: ერთი ტელევიზია ცდილობს გაავრცელოს დეზინფორმაცია, რაც არის ყოვლად მიუღებელი
პატარიძე "რუსთავი 2"-ზე: ერთი ტელევიზია ცდილობს გაავრცელოს დეზინფორმაცია, რაც არის ყოვლად მიუღებელი
17:19 | 30 იანვარი, 2018

პატარიძე "რუსთავი 2"-ზე: ერთი ტელევიზია ცდილობს გაავრცელოს დეზინფორმაცია, რაც არის ყოვლად მიუღებელი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარიძე ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ზე გასულ სიუჟეტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს კონკრეტული ტელევიზია დეზინფორმაციას ავრცელებს.

მისი განცხადებით, აჭარიდან გურიაში, დენდროლოგიურ პარკში ხეების გადარგვა კანონიერად მიმდინარეობს.

"მე უბრალოდ უფლება არ მაქვს მკაცრი განცხადება არ გავაკეთო ამ მიმართულებით. ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი. დღეს საქართველოს მედია სივრცეში ერთი ტელევიზია ცდილობს გაავრცელოს დეზინფორმაცია, რაც არის ყოვლად მიუღებელი. ერთი კონკრეტული პარტია ცდილობს გაავრცელოს და მუქ ფერებში აჩვენოს მოსახლეობას მთელი ეს პროცესი და შეიყვანოს შეცდომაში. ნამდვილად ვერ დავეთანხმები ამ მოსაზრებას. ბიძინა ივანიშვილის სახელს უამრავი კარგი საქმე უკავშირდება ჩვენს რეგიონში. ეს არის ის კომპანია, ის ჯგუფი და ის ადამიანი, რომელსაც უყვარს თავისი ქვეყანა და ყველაფერს აკეთებს თავისი ქვეყნის საკეთილდღეოდ.

რაც შეეხება დაბა ჩაქვს და უშუალოდ ხეების გადარგვას, მინდა გითხრათ, რომ იყო შესაბამისი ნებართვა გზის გაფართოებასა და მოწესრიგებასთან დაკავშირებით. უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის კომპანია ხარჯავს სამ მილიონ ლარს. იმისათვის, რომ იქ გზა გაფართოვდეს, საჭირო გახდა 19 ერთეული ხის მოჭრა. თუმცა, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ნაცვლად ამ ხეების მოჭრისა, მოხდება ნაწილის გადატანა დენდროლოგიურ პარკში. მე ვერაფერს ვხედავ აქ საპრობლემოს, შესწავლილი იქნა და განისაზღვრა ხეების საფასური.

ყველა საჭირო პროცედურა გატარდა და ჩვენ გავეცით შესაბამისი ბრძანება. რაც შეეხება შემსრულებელ კომპანიებს, მათ აქვთ ვალდებულება, არამარტო ხეები გადაიტანონ, არამედ მოაწესრიგონ ტერიტორია და პირველადი იერსახე დაუბრუნონ, ასევე მოახდინონ რეკულტივაცია. ამ მიმართულებით ჩვენ აუცილებლად განვახორციელებთ კონტროლს, რომ ყველა ის ლოკაცია, საიდანაც მოხდა ხის გადარგვა, მოწესრიგდეს, მიიღოს პირვანდელი სახე და შესაბამისად, იყოს ტურისტულად მიმზიდველი. დარწმუნებული ვარ ასეც იქნება", - განაცხადა პატარიძემ.