აფბა: საქართველოში გზების მშენებლობა, შესაძლოა, დარღვევებით და უკანონოდ ხორციელდებოდეს

აფბა: საქართველოში გზების მშენებლობა, შესაძლოა, დარღვევებით და უკანონოდ ხორციელდებოდეს

საქართველოში მსხვილი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები შესაძლოა მნიშვნელოვანი დარღვევებით ხორციელდებოდეს, ამის შესახებ "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა"-ს ხელმძღვანელმა შოთა გულბანმა, რადიო "კომერსანტთან" ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, უკანასკნელ პერიოდში სულ უფრო ხშირად ისმის ჩივილი და წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ განხორციელებული მსხვილი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები უახრისხოა და მალევე შეკეთებას საჭიროებს, ამას კი თავის მხრივ ბიუჯეტიდან სულ უფრო და უფრო მეტი თანხის მობილიზება სჭირდება - "მიმდინარე წელი ამ მხრივ საკმაოდ გამორჩეულია, დაგეგმილია მნიშვნელოვანი თანხების დახარჯვა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად. სწორედ ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ განვახორციელოთ კვლევა, რომლის მიზანიც არის მსხვილი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას გამოცხადებული ტენდერებისა და მათი პირობების ჯეროვნად შესრულების საზოგადოებრივი მონიტორინგი.

შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი პირველადი დაკვირვებით იკვეთება ტენდერში მონაწილე კომპანიების არაკეთილსინდისიერი ქმედებები - კომპანიები ტენდერში გამარჯვების მიზნით, პროექტის სრულყოფილად განხორციელებისთვის საჭირო თანხაზე გაცილებით ნაკლებს სთავაზობენ სახელმწიფოს, რითაც ტენდერის პირობებიდან გამომდინარე, იოლად იმარჯვებენ; შემდგომში, როდესაც პროექტი ვეღარ ხორციელდება საკმარისი ფინანსური რესურსების არ არსებობის გამო, კომპანია აშენებს უხარისხოდ. ამის გარდა, პროექტის დასასრულებლად ბიუჯეტიდან დამატებითი თანხების მობილიზება ხდება საჭირო.  არსებობს კითხვები გარემოზე ზემოქმედების არსებული ნორმების არაჯეროვან დაცვასთან დაკავშირებით", - აცხადებს გულბანი.

"რეალურად, ეს გარემოებები ბევრი მიმართულებით წარმოშობს პრობლემებს - დაუსრულებელი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები აფერხებს საგზაო  მოძრაობას და მოსახლეობაში უკმაყოფილების საფუძველია; ბიუჯეტს, საბოლოო ჯამში, ეზრდება ხარჯები; კითხვის ნიშნები ჩნდება სახელმწიფო სტრუქტურებში კორუფციასთან დაკავშირებით და არანაკლებ მნიშვნელოვანი გარემობაა რომ ირღვევა სამართლიანი კონკურენციის პირობები და კეთილსინდისიერ კომპანიებს არ ეძლევათ პროექტების სრულყოფილად და ჯეროვნად განხორციელების შესაძლებლობა.

კვლევის პირველ ეტაპზე რამოდენიმე მსხვილი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტით დავინტერესდით, და შესაბამისი კითხვებით უკვე მივმართეთ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს. უახლოეს მომავალში საზოგადოებას წარვუდგენთ კვლევის პირველად შედეგებს.

შემიძლია გითხრათ, რომ დამაფიქრებელია, რუსთავის და ქობულეთის შემოვლითი გზების, ასევე რიკოთის უღელტეხილის ერთ-ერთი მონაკვეთის მშენებელი ჩინური კომპანის საქმიანობა, რომელიც ასევე აშენებს მაგისტრალს სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთზე. საუბარია ჩინურ კომპანია "სინოჰიდროზე".  ეს კომპანია სხვადასხვა ქვეყანაში მხილებულია კორუფციასა და არაკეთილსინდისიერ გარიგებებში. კერძოდ, კომპანიას პრობლემები აქვს სომხეთში, ყირგიზეთში, მალაიზიაში, აფრიკაში და ლამის მსოფლიოს ყველა იმ ქვეყანაში სადაც იგი საქმიანობას ახორციელებს. აფრიკის განვითარების ბანკმა ეს კომპანია თაღლითურ გარიგებაში ამხილა და Transparency International-მა მას კორუფციის მონუმენტი უწოდა", - განაცხადა შოთა გულბანმა რადიო "კომერსანტზე".

მისივე თქმით, აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ლოგიკურად იბადება კითხვები თუ რამდენად სწორად, გამართულად და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში ახორციელებს საქმიანობას, როგორც ჩინური კომპანია "სინოჰიდრო", ასევე სხვა ის კომპანიებიც, რომლებიც საქართველოში გზების მშენებლობის პროცესში არიან ჩართულნი.

შოთა გულბანის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებაში, სახელმწიფო სტრუქტურებში კორუფციასთან დაკავშირებით და მსგავს მსხვილ და უმნიშვნელოვანეს ინფრასტრუქტურულ ტენდერებში გამარჯვებული კომპანიების მიერ გაწეული სამუშაოების ხარისხთან და ამ კომპანიების ქმედებების კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ არსებობდეს. თუ რამდენად რეალურ ფაქტებს და გარემოებებს ეფუძნება ეს კითხვები, ამას უახლოეს მომავალში ორგანიზაცია კვლევის სახით წარუდგენს საზოგადოებას.

20 ივნისს თბილისში საქართველოს მთავარი კრიპტო ღონისძიება ჩატარდება

20 ივნისს თბილისში საქართველოს მთავარი კრიპტო ღონისძიება ჩატარდება

19 ივნისი, 2018

20 ივნისს თბილისში საქართველოს მთავარი კრიპტო ღონისძიება, Blockchain & Bitcoin Conference Georgia 2018, ჩატარდება. კონფერენციის მიზანია, თითოეულ მონაწილეს კომპლექსურად გააცნოს ქვეყანაში არსებული კრიპტო ინდუსტრიის ეკონომიკური და სამართლებრივი...