"აფბა" ავტომაგისტრალების მშენებლობისას შესაძლო დარღვევების კვლევას იწყებს

"აფბა" ავტომაგისტრალების მშენებლობისას შესაძლო დარღვევების კვლევას იწყებს

"ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა" იწყებს კვლევას, რომლის მიზანია  მსხვილი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას გამოცხადებული ტენდერებისა და მათი პირობების ჯეროვნად შესრულების საზოგადოებრივი მონიტორინგი.

ბოლო წლებში საქართველოს ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი ხმარდება ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ამ მხრივ მიმდინარე წელი უპრეცედენტოდ გამორჩეულია. ამ ფონზე სულ უფრო ხშირად ისმის წუხილი პროექტების უხარისხო და არაჯეროვან განხორციელებასთან  დაკავშირებით.

ორგანიზაციის პირველადი დაკვირვებით, შესაძლოა იკვეთებოდეს ტენდერებში მონაწილე კომპანიების არაკეთილსინდისიერი ქმედებები, რაც გამოიხატება გამოცხადებულ სატენდერო კონკურსებში გამარჯვების მიზნით, პროექტის სრულყოფილად განხორციელებისთვის საჭირო რეალურ თანხაზე გაცილებით ნაკლების შეთავაზებით. შედეგად, ტენდერის ძირითადი პრინციპიდან გამომდინარე, იოლი გამარჯვებით, ხოლო შემდგომ პროექტისთვის აუცილებელი საკმარისი ფინანსური სახსრების არ არსებობის გამო, მისი მნიშვნელოვანი ხარვეზებით განხორციელებით. მათ შორის, არ არის სათანადოდ დაცული გარემოზე ზემოქმედების არსებული ნორმები. აღნიშნული ხარვეზების გამოსასწორებლად და სამუშაოების სრულად დასამთავრებლად კვლავ ბიუჯეტს უწევს გაუთვალისწინებებლი ხარჯების გამოყოფა, და პროექტები დროშიც იწელება.

აფბა მიიჩნევს, რომ ეს გარემოებები ბევრი მიმართულებით წარმოშობს პრობლემას. კერძოდ, ირღვევა სამართლიანი კონკურენციის პირობები; კეთილსინდისიერად მოქმედ კომპანიებს არ ეძლევათ პროექტების ეფექტურად განხორციელების შესაძლებლობა; დაუსრულებელი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები აფერხებს საგზაო  მოძრაობას და მოსახლეობაში დიდი უკმაყოფილების და მღელვარების საფუძველია; ბიუჯეტს, საბოლოო ჯამში, ეზრდება ხარჯები; კითხვის ნიშნები ჩნდება სახელმწიფო სტრუქტურებში კორუფციასთან დაკავშირებით და ა.შ.

შესაბამისად, "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა" საწყის ეტაპზე რამოდენიმე მსხვილი საგზაო-ინფრასტრუქტურული პროექტით დაინტერესდა, მათ შორისაა სამტრედია-გრიგოლეთის 18,5 კილომეტრიანი და თბილისი-რუსთავის ჩქაროსნული გზის პროექტები; ქობულეთის შემოვლითი გზა; ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის პროექტი და რიკოთის უღელტეხილთან მისასვლელი გზის პროექტი (ზემო ოსიაური ჩუმათელეთი).

"აფბა"-მ შესაბამისი კითხვებით უკვე მიმართა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს და საზოგადოებას უახლოეს მომავალში წარუდგენს კვლევის პირველად შედეგებს ზემოხსენებული პროექტების რეალიზებასთან დაკავშირებით, ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა:

  • ტენდერების ზოგადი პირობები, მოთხოვნები და ღირებულებები;
  • მონაწილე კომპანიები და მათი გამარჯვების პირობები;
  • გზების მშენებლობისთვის მოთხოვნილი ტექნიკური და ხარისხობრივი დეტალები; ჩატარებული სამუშაოების ჩაბარების წესები და მათი დაცვის ხარისხი;
  • იყო თუ არა მოთხოვნილი კომპანიების მხრიდან პროექტში რაიმე სახის ცვლილებები, რამაც პროექტი, საბოლოო ჯამში, გააძვირა;
  • მშენებლობებისას გარემოზე ზემოქმედების ნორმები და მათი მოიტორინგის ხარისხი;
  • პროექტის რეალიზებასთან დაკავშირებული ფინანსური დოკუმენტაცია და ა.შ.

ამასთან, ორგანიზაციაში არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ დარღვეულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესები გზის მშენებლობის პროექტის და პროექტებში შესული ცვლილებების დამტკიცების დროს. აგრეთვე მშენებლობები, თავდაპირველ პროექტებში შესული ცვლილებების შემდეგ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო ხელშეკრულებების პირობების, საერთაშორისო ნორმების და პროცედურების უხეში დარღვევით. შესაძლოა ასევე პროექტის ცვლილების შემდეგ დოკუმენტი აღარ გადიოდეს კანონით დადგენილ პროცედურებს, ექსპერტიზას და გარემოზე ზემოქმედების შეფასებას. შესაძლოა, საქმე გვქონდეს უკანონო მშენებლობებთან.

მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებაში, სახელმწიფო სტრუქტურებში კორუფციასთან დაკავშირებით და მსგავს მსხვილ და უმნიშვნელოვანეს ინფრასტრუქტურულ ტენდერებში გამარჯვებული კომპანიების მიერ გაწეული სამუშაოების ხარისხთან და ამ კომპანიების ქმედებების კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ არსებობდეს.

კამპანია "სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა" რეგიონებშიც დაიწო

კამპანია "სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა" რეგიონებშიც დაიწო

15 საათის წინ

კამპანიამ "სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა" საგზაო უსაფრთხოების მიმართ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების მიზნით,  სტარტი თბილისში, 17 სექტემბერს აიღო კამპანიის ორგანიზატორები არიან არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდას" მიერ...