მთავარი » ბიზნესი » პარკინგი - ჩიხი თუ გამოსავალი? - თბილისის მერს პრობლემის მოგვარების რეკომენდაციებით "მენაშენეთა ასოციაცია" მიმართავს
პარკინგი - ჩიხი თუ გამოსავალი? - თბილისის მერს პრობლემის მოგვარების რეკომენდაციებით "მენაშენეთა ასოციაცია" მიმართავს
13:47 | 22 იანვარი, 2018

პარკინგი - ჩიხი თუ გამოსავალი? - თბილისის მერს პრობლემის მოგვარების რეკომენდაციებით "მენაშენეთა ასოციაცია" მიმართავს

თბილისისთვის ერთ-ერთი უმწვავესი პრობლემის, პარკინგის დარეგულირების ინიციატივით დედაქალაქის მერისთვის მიმართვის შემდეგ "მენაშენეთა ასოციაცია" პრიორიტეტულ პუნქტებს აქვეყნებს.

მენაშენეები ინიციატივას კახა კალაძის პროგრამის "შენი იდეა მერს" ფარგლებში წარმოადგენენ.

"მენაშენეთა ასოციაცია" დედაქალაქში პარკინგის პრობლემის წარმოქმნის მიზეზს რამოდენიმე თეზისად აყალიბებს, მათ შორის ერთერთი  90-იანი წლების მწარე გამოცდილებიდან მოდის, რაც მაშინდელ გამოწვევაზე რეაქცია იყო, დღეს (ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარების მკვეთრი გაუმჯობესების ფონზე) ის „თბილისის იერსახის „დაკანონებულ სიმახინჯეებად“ გადაიქცა - საუბარია "რკინის ფარეხებზე".

"მენაშენეთა ასოციაციის" რეკომენდაცია #1 - პარკინგების რეგულაციები მშენებლობაში.

არსებული რეგულაციებით, როდესაც დედაქალაქის ცენტრალურ უბანში კომპანია აშენებს კორპუსს, ყოველ 150 კვადრატულ მეტრ საცხოვრებელ ფართობზე ვალდებულია, 1 პარკინგის ადგილი ააშენოს, ხოლო პერიფერიულ უბნებში ყოველ 180 კვადრატულ მეტრზე - ერთი პარკინგის ადგილია სავალდებულო. 

აღსანიშნავია, რომ არქიტექტურულად, საცხოვრებელი ბინების ოპტიმალური განლაგებისთვის საჭირო კოლონების, სავენტილაციო სისტემების განლაგება ვერ მოდის შესაბამისობაში პარკირებისთვის ოპტიმალური გეგმარების შექმნასთან. ამდენად, ერთი მანქანის ადგილისთვის მშენებელს უწევს არა 18 კვადრატული მეტრის აშენება (3X6 მეტრზე სივრცე), როგორც ამას დილეტანტები ვარაუდობენ, არამედ, 50-დან 80 კვადრატულ მეტრამდე ფართის მშენებლობა. შესაბამისად, დეველოპერებისთვის პარკინგების მშენებლობა წამგებიანია.

მეორე მხრივ, როცა დეველოპერი ბინასთან ერთად ყიდის პარკინგის ადგილს, ეს კონკრეტული ფართი ეკუთვნის მყიდველს და იქ სხვა, მესამე პირების შესვლა ვერ ხერხდება. როდესაც ამ პარკინგის მესაკუთრე მიდის სამსახურში, მთელი დღის განმავლობაში პარკინგის ადგილი უქმად არის.

"ჩვენ მერიას მნიშვნელოვან ინიციატივას ვთავაზობთ - მოვახდინოთ დეველოპერების მიერ ასაშენებელი სავალდებულო პარკინგის ადგილების ოპტიმიზაცია. კერძოდ, დავუტოვოთ დეველოპერს სავალდებულო პარკინგების რაოდენობა, მაგრამ მივცეთ საშუალება, რომ ააშენოს იმდენი, რამდენის სურვილიც მას აქვს. ხოლო, თუ სავალდებულო რაოდენობაზე ნაკლები ააშენა, თითოეულ არაშენებულ პარკინგზე გადავახდევინოთ, პირობითად, "პარკინგის მოსაკრებელი" (შესაძლებელია განსხვავებული თანხა უბნების მიხედვით. თუმცა, ეს შემდგომი დეტალური დამუშავების საგანია). ამ თანხის აკუმულირება მერიის სპეციალურ ფონდში უნდა მოხდეს, რომელიც პარკინგის ინფრასტრუქტურის მშენებლობას მოხმარდება, თუნდაც, კერძო პირებისგან გამოსყიდულ ტერიტორიებზე. ამდენად, დეველოპერისთვის მომგებიანიც კი იქნება პარკინგის შემცირებული რაოდენობის სანაცვლოდ სოლიდური კომპენსაციის გადახდა ე.წ. "პარკინგის ფონდში", - აცხადებენ "მენაშენეთა ასოციაციაში".

მენაშენეების აზრით, "ამით დედაქალაქი მიიღებს დამატებით შემოსავლებს საპარკინგე შენობების ასაშენებლად. საპარკინგე შენობები, რომელიც თავიდანვე და მხოლოდ ამ ფუნქციისთვის იგეგმება, ბევრად ოპტიმალური იქნება გეგმარებით და ხარჯით. შედეგად მივიღებთ საზოგადობერივ საპარკინგე ადგილებს, სადაც ღამის განმავლობაში მანქანებს დააყენებს მოსახლეობა, ხოლო დღის განმავლობაში სამსახურში წასული ადამიანები ისარგებლებენ ამ ადილებით. ანუ, ასეთ პარკინგს ორმაგი ეფექტი მოაქვს".

"მენაშენეთა ასოციაცია" პარკინგის პრობლემის მოგვარების კუთხით რეკომენდაციების, დაახლოებით, 12-პუნქტიან პაკეტზე მუშაობს. თუმცა, ეს არ მიაჩნიათ საკმარისად და ყველა პროფესიონალის ჩართულობის აუცილებლობაზე მიუთითებენ - ურბაანისტები, არქიტექტორები, მეგზევეები, და ა.შ.