თბილისის გენერალური გეგმა - დაუგეგმავი გაუგებრობა დაგეგმილი თანხებით

თბილისის გენერალური გეგმა - დაუგეგმავი გაუგებრობა დაგეგმილი თანხებით

"ვაცნობიერებთ, რა გენგემის მნიშვნელობას, ჩვენ ვერ მივცემთ საკუთარ თავს უფლებას დავუშვათ შეცდომა. წავიდეთ კომპრომისზე და მივიღოთ არასრულყოფილი დოკუმენტი. ჩვენ ვითვალისწინებთ ფაქტობრივ მოცემულობას და იმ სამუშაოებს, რომელიც გასწია კომპანია “სითი ინსტიტუტმა“. პირადად ჩემთვის, ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანია ამ დოკუმენტის მიღება.

კიდევ ერთხელ ვაძლევთ მათ შესაძლებლობას საკუთარი რესურსების გათვალისწინებით, დღის ბოლომდე წარმოადგინონგონივრული ვადა თუ როგორ და რა ვადებში შეძლებენ ამ დოკუმენტის სრულყოფას.“ - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ 12 იანვარს განაცხადა.

10 დღის თავზე თბილისის მერია თავის პოზიციას გააცნობს საზოგადოებას იმ უმნიშვნელოვანეს დოკუმენტზე, რასაც თბილისის კონსტიტუციასაც კი უწოდებენ.

მერიის ახალი შემადგენლობა აცხადებს, რომ ისინი კომპრომისზე არ წავლენ, დედაქალაქს ან კარგი გენგეგმა ექნება, რისი გაკეთებაც მოუწევს იმ კომპანიას, რომელმაც კონკურსი მოუგო, ანუ „სითი ინსტიტუტს“, ან ამაზე სხვა კომპანიები იზრუნებენ:

თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი: „გენგეგმა ჩვენთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელზეც შეიძლება ვიმუშაოთ. ჩვენ კომპრომისებზე არ წავალთ, გვინდა კომპრომისული დოკუმენტი და თუკი ასეთს ვერ მივიღებთ, მაშინ ჩვენ ჩავრთავთ საერთაშორისო გამოცდილების კომპანიებს, რომელთა მეშვეობითაც ჩვენ საბოლოო ჯამში შეიძლება დაგვიანებით, მაგრამ მაინც მივიღებთ იმ გენგეგმას, რომელიც სჭირდება ქალაქს. ამ ეტაპზე ჩვენ ვართ კონსტრუქციულები, იმედი გვაქვს და ყველანაირად შევუწყობთ ხელს, რომ ამ გეგმის მოდიფიცირება შეძლონ”.

გენგეგმის მოდიფიცირებადე კი მერიამ „სითი ინსტიტუტი“ 140 000 ლარით დააჯარიმა. მიზეზი გენგეგმაში აღმოჩენილი ხარვეზები გახდა, რომლებიც, დედაქალაქის მერის ინფორმაციით, კომპანიამ არ გამოასწორა.

"თბილისის გენერალური გეგმა არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი თითოეული ჩვენგანისთვის, ქალაქის განვითარებისა და, რაც მთავარია, თბილისის სწორად განვითარებისთვის. დაჯარიმება მოხდა არსებული ხელშეკრულების ფარგლებში და მათ გამოსწორებისთვის 10-დღიანი ვადა მიეცათ. იმუშავებენ და წარმოადგენენ", - განაცხადა კახა კალაძემ.

იმ შემთხვევაში, თუ პრობლემა დაჯარიმებითაც ვერ მოგვარდა, შესაძლოა, კომპანიასთან ხელშეკრულება საერთოდ შეწყდეს. ამავე დროს, ბოლოთაშვილი ვარაუდობს, რომ გენგეგმის დაუმტკიცებლობით შესაძლოა, გაგრძელდეს პრობლემა, რაც დღესდღეობით ქალაქშია და რის გამოც თავის დროზე არქიტექტურის სამსახურმა ეს გენგეგმა დაუკვეთა.

"ჩვენ ვაპირებთ კონკრეტული შეზღუდვების დაანონსებას. ვსაუბრობ იმ ტიპის შეზღუდვებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია, გენგეგმის ტექსტში იყოს, მაგრამ მისი დაუმტკიცებლობით საქმე არ უნდა დაშავდეს. ამაზე რამდენიმე დღეში თბილისის მერი თავად ისაუბრებს", - განაცხადა ბოლოთაშვილმა და დასძინა, რომ გენგეგმის პროექტზე მუშაობა იანვრის შუა რიცხვებისთვის უკვე დასრულებული უნდა იყოს.

დაჯარიმებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა "სითი ინსტიტუტი - საქართველოს" არქიტექტორმა, დოკუმენტის ერთ-ერთმა ავტორმა მერაბ ბოლქვაძემ. მან დაადასტურა, რომ თბილისის მერიის მიერ ორგანიზაციისთვის დაკისრებული ჯარიმა, ძირითადად, დოკუმენტის მე-6 ეტაპის ფარგლებში მუშაობას შეეხება.

"გენერალური გეგმის ხუთი ეტაპი შენიშვნების გარეშე დავასრულეთ. მათ არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამთ. არაერთხელ თქვეს, რომ დოკუმენტი მისაღები იყო, გეგმის მე-6 ეტაპზე კი ჰქონდათ გარკვეული შენიშვნები, სადაც ერთ-ერთი მიმართულება ქალაქის ზონირებას ეხება. მათ სურთ, რომ ზონის სახეობები უფრო კონკრეტული საზღვრებით გავაკეთოთ. გენერალური გეგმა, კანონით, უფრო ზოგადი ხასიათის რუკების დამუშავებას ითხოვს. ჩვენ ამ საკითხებზე მერიის ხელმძღვანელობასთან გვექნება შეხვედრა" - განაცხადა მერაბ ბოლქვაძემ.

თუმცა...

თუმცა ის ფაქტი, რომ 5 ეტაპი ისე დაასრულეს, რომ მათთან შენიშვნა არავის ჰქონია, სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან „აიპრესის“ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად „სითი ინსტიტუტი საქართველო“ დავით ნარმანიას დროსაც საკმაოდ სოლიდური თანხით დაჯარიმდა. თანაც, არა ერთხელ, არამედ სამჯერ.

2017 წლის 2 მაისს ამის შესახებ ინფორმაციას სწორედ „აიპრესი“ ავრცელებდა. მაშინ კომპანია 151 200 ლარით დაჯარიმდა.

ინფორმაციას ამის შესახებ "აიპრესთან" მერიის არქიტექტურის სამსახური ადასტურებდა.

როგორც უწყებაში გაგვიმარტეს კომპანია "სითო ინსტიტუტი საქართველო" სამჯერ დაჯარიმდა წარმოდგენილი შესყიდვის ობიექტის ხარისხის მოთხოვნასთან შეუსაბამობის გამო.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურსა და ა(ა)იპ „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ შორის, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების მომსახურების შესყიდვის მიზნით გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად: თუ მიწოდებული შესყიდვის ობიექტის ხარისხი არ შეესაბამება მოთხოვნას, ა(ა)იპ „სითი ინსტიტუტი საქართველო“ ვალდებულია უსასყიდლოდ გამოასწოროს ნაკლი ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით.

"თუ ფაქტი განმეორდება, ა(ა)იპ „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ ნაკლის გამოსწორებასთან ერთად ეკისრება ჯარიმა - ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,2 პროცენტის ოდენობით. მესამედ იგივე შემთხვევა იწვევს ა(ა)იპ „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ დაჯარიმებას ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5 (ხუთი) პროცენტის ოდენობით. ა(ა)იპ „სითი ინსტიტუტი საქართველო“ სამუშაოების შესრულების სხვადასხვა ეტაპზე, წარმოდგენილი შესყიდვის ობიექტის ხარისხის მოთხოვნასთან შეუსაბამობის გამო, ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად დაჯარიმებულ იქნა სამჯერ: 1) მეორე ეტაპის სამუშაოების ჩაბარებისას - 5 600 ლარით; 2) მეოთხე ეტაპის სამუშაოების ჩაბარებისას - 5 600 ლარით; 3) მეოთხე მეოთხე ეტაპის სამუშაოების ჩაბარებისას -140 000 ლარით." - განმარტავენ არქიტექტურის სამსახურში "აიპრესის" კითხვის პასუხად.

აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულების თანახმად: საჯარიმო სანქციის გადახდა არ ათავისუფლებს ა(ა)იპ „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ ძირითადი ვალდებულებების შესრულებისაგან. შესაბამისად, ამ ეტაპზე მიმდინარეობს დახარვეზებული დოკუმენტაციის კორექტირებისა და ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის პროცესი.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს დეპუტატის, მარინა დათუკიშვილის განცხადებით, თბილისის გენერალური გეგმა მეორედ მოსვლასავითაა:

"ეს გენგეგმა მართლა მეორედ მოსვლასავით არის, მოდის, მოდის და აღარ მოდის, წლებია ველოდებით.“ - განაცხადა მარინა დათუკაშვილმა.

მისი მხრიდან აღნიშნული განცხადება აშკარად ტოვებს საქმეში ჩაუხედავი ადამიანის შთაბეჭდილებას, რადგან თბილისის გენგეგმისთვის თანხების ხარჯვა არაფრის სანაცვლოდ, სწორედ იმ პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაიწყო, რომელსაც დღეს მარინა დათუკაშვილი წარმოადგენს. 

რეალურად, თბილისის გენგეგმა ჯერ კიდევ 2004 წლიდან მოყოლებული, გაგრძელებული 2009, 2011 წელს და მოყოლებული დღემდე, იყო გაუგებარი დოკუმენტი, რომელშიც იხარჯებოდა საკმაოდ სოლიდური თანხები ქალაქში ქაოტური მშენებლობების და არქიტექტურული გაუგებრობების სანაცვლოდ.

"აიპრესის" მიერ მოპოვებული ინფორმაციებით და მასალებით ირკვევა, რომ 2008-2009 წლებში  თბილისის მერიას არა ერთი, არამედ ორი გენერალური  გეგმა ჰქონდა - ოპერატიული და პერსპექტიული. ოპერატიულ გენგეგმაზე, ამ წლებში, მერიის წინააღმდეგ სასამართლო დავა მიმდინარეობდა. პროექტის ავტორები, რომლებმაც კონკურსში გაიმარჯვეს, მერიას არაკეთილსინდისიერ ქცევაში ადანაშაულებდნენ. სანამ ოპერატიულ გენგეგმაზე სასამართლო დავა მიმდინარეობდა, მერიაში პერსპექტიულად ასწრებდნენ ახალი გენგეგმის შემუშავებას ახალი ტერიტორიების ასათვისებლად.

საქმე იმაში გახლდათ, რომ მერიამ კონკურსში გამარჯვებული კომპანია თავიდან  მოიცილა და „ეს სარფიანი“ საქმე თავად გადაიბარა ისე, რომ კონკურსი არ გამოაცხადა. თბილისის მერი ამ დროს გახლავთ გიგი უგულავა, ვიცემერი  მამუკა ახვლედიანი, არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი კი მიხეილ ავალიანი.

რა ხდებოდა 2008-2009 წლებში თბილისის გენგეგმასთან დაკავშირებით? იმ გენგეგმასთან, რომლის განახლებაც 2015 წელს „სითი ინსტიტუტმა“ აიღო საკუთარ თავზე, ამის შესახებ "აიპრესთან" ექსკლუზიურად იმ კომპანიის ხელმძღვანელი საუბრობს, რომელსაც მაშინ თბილისის მერიამ კონტრაქტი შეუწყვიტა და რომელმაც 2008 წელს დაწყებული სასამართლო დავა 2016 წლის 8 დეკემბერს დაასრულა

საუბარია კომპანია „ანი არქიტექტორებზე“. მისი ხელმძღვანელი კი ცნობილი არქიტექტორი პავლე ძინძიბაძე გახლდათ.

პავლე ძინძიბაძე:  2007 წელს ქალაქის მერიამ გერმანიის ტექნიკური დახმარების საზოგადოების მხარდაჭერით გამოაცხადა კონკურსი (ტენდერი)  თბილისის მიწათსარგებლობის (ოპერატიულ)  გენგეგმაზე. ამ დოკუმენტის დასახელება მნიშვნელოვანია ჩვენი საუბრის წარმართვისთვის იმდენად, რამდენადაც ტერმინი ოპერატიული არც მანამდე და არც მას შემდეგ არცერთი გენერალურ გეგმის დასახელებაში  არ ფიგურირებს და ამ დოკუმენტის სხვასთან შეცდომით გაიგივების საშუალებას არ მოგვცემს.  კონკურსში გაიმარჯვა ჩვენმა მულტიდისციპლინარულმა ჯგუფმა და საპროექტო დავალების შესაბამისად დაამუშავა  ხსენებული დოკუმენტი. პირველი და მეორე ეტაპები, ანუ სამუშაოთა მთლიანი მოცულობის 70%   დამკვეთის მიერ მიღებული და შეთანხმებული იქნა. მესამე, ბოლო ეტაპის მიღებაზე კი, ჩვენთვის მოულოდნელად მერიამ უარი განაცხადა. ეს გადაწყვეტილება გაფორმდა 2008 წლის 11 აგვისტოს გამოცემული შესაბამისი ადმინისტრაციული აქტით. იქ ეწერა, რომ არ გავითვალისწინეთ მერიის შენიშვნები და რეკომენდაციები.....

ანუ მერიას არც კი მოუცია თქენთვის ეს შენიშვნები?

არა. პასუხი დიდი დაგვიანებით მივიღეთ. და ვინაიდან ეს პროფესიული ღირსების საქმეც გახლდათ,   დავიწყეთ სამართლებრივი დავა.  რვა წელიწადნახევარი და ექვსი სხვადასხვა დონის სასამართლოს გადაწყვეტილება დაჭირდა   ჩვენი სიმართლის დამტკიცებას.

2015 წლის 20 თებერვლის ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის სასამართლოს  მიერ მიღებებული გადაწყვეტილებით სასამართლომ სარჩელი ნაწილობრივ  დააკმაყოფილა. კერძოდ, ბათილად იქნა ცნობილი  ქალაქ თბილისის მთავრობის 10.12.2013 წლის #30.11.1511 დადგენილება, აგრეთვე მერიას დაეკისრა 28 498.77 ლარის გადახდა .

ქალაქ თბილისის მერიამ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა, როგორც სააპელაციო, ასევე უზენაესი სასამართლოს მიმართვის წესით, თუმცა ორივე შემთხვევაში პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა 2016 წლის 8 დეკემბრის განჩინებით.

ანუ: მაშინ, როდესაც თბილისის მერიამ გენგეგმის განახლებაზე 2015 წელს კონკურსი გამოაცხადა, ზუსტად იცოდა, რომ გენგეგმაზე სასამართლო დავა მიმდინარეობდა.  იცოდა ზუსტად და ზედმიწევნით კარგად, რადგან მოპასუხე მხარე სასამართლოზე სწორედ თბილისის მერია გახლდათ.

ამ დავის შესახებ ასევე ზუსტად იცოდნენ კონკურსში გამარჯვებული კომპანიის „სითი ინსტიტუტის“ ხელმძღვანელებმა,მამუკა სალუქვაძემ და მერაბ ბოლქვაძემ, რადგან 2009 წლის გენგეგმის საკითხებში ორივე მათგანი მონაწილეობდა. ამას „აიპრესთან“ ინტერვიუში მამუკა სალუქვაძე ადასტურებს.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

ეს გენგეგმა, რომელსაც თქვენ ახლა აკეთებთ, არის 2009 წლის გენგეგმის განახლება?

დიახ, განახლება ქვია ამ პროცესს.

მაშინ მივუბრუნდეთ 2009 წლის გენგეგმას. 2009 წლის გენგეგმაშიც იყავით ჩართული თქვენ და თქვენი ჯგუფიდან მერაბ ბოლქვაძეც. როგორ შეაფასებდით დღევანდელი გადმოსახედიდან იმ გენგეგმას და რა არსებითი ცვლილებებია იმ გენგემასა და ახალს შორის?

ძალიან კარგი გენგეგმა იყო 2009 წლის... მაგრამ თუ გახსოვს, კონკურსი რაზეც გამოცხადდა, ეს იყო ოპერატიული მიწათსარგებლობის გეგმა. ეს ცვლილება არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენ. ის არ იყო სრული სახით მიწათსარგებლობის გეგმა, ის იყო ოპერატიული, რომლის საფუძველზეც, მაშინ შესაძლებელი იყო ნებართვების გაცემა. ის უფრო აკონკრეტებდა გარკვეულ ზომებს და არ იყო სრული სახით მიწათსარგებლობის გეგმა.

რა თქმა უნდა, ბევრი რამ ჩადებული იყო. ანუ ყველაფერზე ხაზის გადასმა არ გაგვიკეთებია.შევსება და გამდიდრება მოხდა ამ დოკუმენტის, ყველაფერზე ხაზი არ გადაგვისვამს და არ გვითქვამს, რომ ძალიან ცუდია. სიმართლე რომ ვთქვათ, ბევრი ახალი რაღაცაც შემოვიდა, რაღაცები გავაძლიერეთ კიდეც. ჩვენ ქალაქს ვთავაზობთ პრაქტიკულად განვითარების ისეთ მოდელს, რომელიც ერთი ცენტრიდან გადადის მრავალცენტრიან ქალაქზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა პერიფერიის მაცხოვრებელს მივცეთ საშუალება იქ მიიღონ გარკვეული სერვისები, იქ დაკმაყოფილდეს მისი სურვილები და არ მოაჯდეს მანქანას და არ მოდიოდეს ქალაქის ცენტრში. რაც მთავარია, ეს ყველაფერი უნდა იყოს მოწესრიგებული. ქალაქი განვითარდება თანაბრად.

გენგეგმის ამჟამინდელი გუნდიდან რამდენიმე ადამიანი ახსენეთ, რომელიც 2009 წელს მუშაობდა. გენგეგმის კოორდნატორმა, გოგი აბაშიძემაც მითხრა, რომ ახალი გენგეგმის კონცეფციის დიდი ნაწილი გადმოტანილია 2009 წლიდან. სწორედ 2009 წლის გენგეგმას მოჰყვა ეს ქაოტური მშენებლობები სპორტის სასახლის უკან, იპოდრომზე და კიდევ ბევრ სხვა ადგილას. თუ იღებთ პასუხისმგებლობას ამ ყველაფერზე?

მანდ ერთი რაღაცაც უნდა გავითვალისწინოთ, ყველა კურირებს თავის ნაწილს. ყველამ ვიცით, რომ მუშაობდა 70-ზე მეტი ადამიანი, ტრანსპორტის გადაწყვეტილებაზე რატო აიღებს პასუხისმგებლობას სხვა?! ეკონომიკური ნაწილი როგორიც იყო, დაუთვალეს, დაუდეს და ის უნდა გაითვალისწინოს დამგეგმარებელმა.

ცუდის თქმა არ მინდა არავისზე, მაგრამ აქ ცოტა სხვა რამეზეა საუბარი, იმ ძველ გენგეგმაში 800 ჰექტარამდე იყო გარე განვითარება, რომელიც ჩვენ დავიყვანეთ 150 ჰექტარამდე. ჩვენ მთელი ეს მასა გარე განვითარებისა მოვხსენით და პირიქით, უფრო გავაძლიერეთ, თორემ იქაც ეწერა რომ კომპაქტური უნდა ყოფილიყო. გარე განვითარების ელემენტები იქაც იყო. თუმცა არ დაგავიწყდეს, რომ ზომების შეცვლა მიდიოდა, ყოველ ხუთშაბათს იკრიბებოდნენ და ცვლიდნენ ზომებს. მეტსაც გეტყვით, იმ გენგეგმაში, რომელიც დაამტკიცა საკრებულომ 2009-ში, ერთ თვეში შეიკრიბნენ და 51 რეკრეაციულ ტერიტორიას შეუცვალეს ფუნქცია. ეს გააკეთა ზუსტად იმან, ვინც დაამტკიცა გენგეგმა. ამის ნახვა შეიძლება ინტერნეტში სხვათა შორის.

ვინ იყო 2009 წლის გენგეგმაში გამარჯვებული? ვინ მოიგო მაშინ ტენდერი? იცით ეს?

არ ვიცი მე... ეს მგონი უბრალოდ გამოაცხადეს, რომ იმან მოიგოო... ფურცელი შეიქმნა, რომ ამან მოიგო. ის კონკურსი სულ სხვანაირად ჩატარდა, საჯაროდ და გამჭვირვალედ ნამდვილად არა...

თქვენ რა სახით იყავით მაშინ ჩართულები?

მე ვიყავი ურბანული ეკოლოგიის განყოფილების უფროსი. პაპუნა ძიძიგური ხელმძღვანელობდა ამ ყველაფერს.

თქვენს პარტნიორ მერაბ ბოლქვაძეზე გკითხავთ, დიდი სკანდალი იყო ატეხილი მცხეთის გენგეგმასთან დაკავშირებითაც, სადაც სწორედ მერაბ ბოლქვაძეც მონაწილეობდა.

მერაბი კი მუშაობდა მაგაზე, მაგრამ გამოსულია მაგ საქმიდან. რაღაცა ორგანიზაცია ახსენეს, რომელიც არ ვიცი ვისი ორგანიზაცია იყო, შეიძლება ახალგაზრდები არიან. მანდ რაღაცეები მოხდა. არ ამტკიცებდა სხვათაშორის საკრებულო, საკრებულოს ინტერესი ჰქონდა, რომ იქ სახლები აეშენებინა... ნუ იქ მთელი პოლიტიკური ისინი იყო, აღარ გვინდა...

თბილისის გენგეგმა - ქალაქის განვითება თუ ბრძოლა პრესტიჟული ტერიტორიების გადანაწილებისთვის?

თუკი ზემოთ ჩამოთვლილ ფაქტებსა და რესპოდენტების მონათხრობებს გავაანალიზებთ, გამოდის, რომ 2008 წლიდან დაწყებული გენგეგმა არა ქალაქის განვითარებისთვის, არამედ ქალაქის გადანაწილებისთვის იქმნებოდა. ფაქტობრივ მასალებს თავი რომ გავანებოთ, ისმის რიტორიკული და საჭირბოროტო კითხვა: რა ეტყობა დედაქალაქს განვითარებულის?!

რაც შეეხება ფაქტობრივ მასალებს: როგორც კი თბილისის მერიამ თბილისის გენგეგმა თავის განკარგულებაში გადაიბარა, მაშინვე შეუდგა საქმეს და ერთ დღეში, ერთი განმარტებითი ბარათით, 51 რეკრეაციულ ზონას შეუცვალა ფუნქცია. ამ ერთი გადაწყვეტილებით, წყნეთში, კიკეთში, წავკისში, ტაბახმელაში, ლისზე და ასევე თბილისის არაერთ პრესტიჟულ უბანში რეკრეაციული ზონების ნაცვლად, დიდი მშენებლობები დაიწყო.

ამ "დიდი ანტირეკრეაციული" გადაწყვეტილების  პროექტის ავტორი მერიის არქიტექტურის სამსახური იყო, რომელსაც იმ დროისთვის მიხეილ ავალიანი ხელმძღვანელობდა. პროექტის წარმდგენი კი თავად თბილისის მერი,  გიგი უგულავა გახლდათ.ამაზე უფრო დეტალურად, ცალკე სტატიაში მოგახსენებთ.

როგორც მაშინ, თბილისის გენგეგმის საქმეებში ჩართული კომპეტენტური არქიტექტორები და ურბანისტები ჩვენთან საუბრისას ყვებიან, მერიის მიზანი, რომელმაც გენგეგმა გადაიბარა, სწორედ ეს იყო. 

ამ გენგეგმის სამართალმემკვიდრე გახდა 2015 წელს "სითი ინსტიტუტი საქართველო", რომლის ხელმძღვანელი პირები აცხადებენ, რომ 2009 წლის გენგეგმა იყო კარგი და ბევრი რამ სწორედ იქედანაა გადმოტანილი ახალში.

საზოგადოებრივი ორგანიზაცია "სახალხო თვითმმართველობის" თავმჯდომარე, გოგი ლორთქიფანიძე "აიპრესთან" საუბრისას აცხადებს, რომ  ისევე, როგორც "ნაციონალური მოძრაობის" დროს, ახლაც საქმე ეხება კერძო საკუთრებისა და ბიზნესის გადანაწილების სქემებს.

გოგი ლორთქიფანიძე: უმნიშვნელოვანესი ფაქტია, რომ პირველად გასაჯაროებული დოკუმენტი, რომელიც ატვირთული იყო არქიტექტურის სამსახურის საიტზე,  შეგნებულად თუ შეუგნებლად არ იყო წარმოდგენილი სრული სახით და მას აკლდა მთელი რიგი მასალები, რომლებიც  უკვე ფიგურირებს 13 ნოემბრის დოკუმენტში. აღნიშნული მასალები იმდენად დიდი მნიშვნელობის არის, რომ  მათი თავის დროზე  გაუსაჯაროება ბადებს ლეგიტიმურ ეჭვს, რომ არქიტექტურის სამსახურის მესვეურებმა, ვიღაცის მითითებით, ეს შეგნებულად გააკეთეს. საქმე ეხება კერძო საკუთრების და ბიზნესის გადანაწილების სქემებს, რომლებიც ჯერ კიდევ „ნაციონალების“ მმართველობის დროს იყო ჩაფიქრებული და თბილისში სხვადასხვა ჯგუფების ბიზნეს ინტერესების გატარებას ეხება.

ჩვენთვის საინტერესოა თუ რატომ დაუმალეს ეს დოკუმენტი საზოგადოებას და რატომ მიიღეს გადაწყვეტილება  კერძო მესაკუთრესთან შეთანხმების ან თუნდაც ინფორმირებულობის გარეშე სავაჭრო ცენტრის  გადატანის შესახებ და ისიც კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე.

გადამალულ დოკუმენტში მითითებულია  დისლოკაციის ადგილი, სადაც  გენგეგმის ავტორები თავაზობენ „ელიავას ბაზრობას“ გადასვლას.  ეს არის დედაქალაქის ჩრდილოეთის არეალში მდებარე  ელექტრო-ვაგონშემკეთებელი ქარხანის ტერიტორია .

დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ ვითომ ელექტროვაგონშემკეთებელმა ქარხანამ,  თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, 2016 წლის 10 მაისის # 3/27 წერილით, ოფიციალურად დაუფიქსირა, რომ დაინტერესებულია აღნიშნული არეალიდან გასვლაში. ანუ მგგ-ს ავტორების განცხადებით  ქარხნის მეპატრონე თანახმაა დაუთმოს ეს ტერიტორია მერიას. თუმცა მსგავსი არაფერი არ წერია იმ წერილში."

მოკლედ, ასე იყო თუ ისე, ახალი გენგეგმის გეგმას "ელიავას ბაზრობაზე", როგორც ჩანს განხორციელება არ უწერია, რადგან, თბილისის ახალმა მერმა კახა კალაძემ მერიაში შესვლისთანავე განაცხადა, რომ ელიავას ბაზრობა კერძო საკუთრებაა და ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ მესაკუთრეებთან შეთანხმებით მოხდება.

როგორც გოგი ლორთქიფანიძე ამბობს: 4 მილიონ ლარად შექმნილ დოკუმენტში არ წერია თუნდაც ერთი, ყველაზ მცირე პროექტის დაფინანსება რა დაუჯდება ქალაქს და ეს პროექტი როდიდან დაიწყება.

"ისე ცნობისათვის, ამ გენგემით შემოთავაზებული  მეტროს პროექტის განხორციელება (დიდუბე-აეროპორტის გარეშე) ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში იყო დაგეგმილი და მისი საპროექტო ღირებულება 125 მილიონ საბჭოთა მანეთს შეადგენდა, დღევანდელი პირობების გათვალისწინებით კი, ეს თანხა სადღაც 2 მილიარდ დოლარამდეა.

ანუ რა გვრჩება? – სარკაზმად არ ჩამითვალოთ, მაგრამ არაფერი პატივცემულებო, უფრო სწორად, კეთილი სურვილები და მშვენიერი ოცნებები, ოღონდ ყოველგვარი ფინანსური უზრუნველყოფის გარეშე!“ – აცხადებს გოგი ლორთქიფანიძე და დასძენს: „ჩემი თუ არ გჯერათ, თბილისის 2018 წლის ბიუჯეტს ჰკითხეთ და ის გეტყვით!“

რას ეტყვის მერია „სითი ინსტიტუტს“ და რა პასუხს გასცემს მერიას ეს უკანასკნელი?!

45 დღიანი ვადის ათვლა უკვე დაიწყო...

რუსთაველზე აქსის თაუერსის მაკეტი საპატიო სტუმრებმა დაათვალიერეს

რუსთაველზე აქსის თაუერსის მაკეტი საპატიო სტუმრებმა დაათვალიერეს

1 საათის წინ

დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილის საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, სიმბოლური სტენდია განთავსებული, რომელიც ქალაქის განვითარების 100 წელს გამოხატავს. სტენდზე გამორჩეულია აქსის თაუერსის  მაკეტი...