მთავარი » ბიზნესი » დიმიტრი ქუმსიშვილი ჩინეთის იმპორტის გამოფენის შესახებ ბიზნესგაერთიანებების ხელმძღვანელებს ხვდება
დიმიტრი ქუმსიშვილი ჩინეთის იმპორტის გამოფენის შესახებ ბიზნესგაერთიანებების ხელმძღვანელებს ხვდება
18:28 | 17 იანვარი, 2018

დიმიტრი ქუმსიშვილი ჩინეთის იმპორტის გამოფენის შესახებ ბიზნესგაერთიანებების ხელმძღვანელებს ხვდება

5-10 ნოემბერს ჩინეთის ქალაქ შანხაიში საერთაშორისო გამოფენა "China International Import Expo" გაიმართება, რომელზეც საქართველო "სტუმარი ქვეყნის" სტატუსითაა მიწვეული. აღნიშნული გამოფენის შესახებ საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოს ბიზნესგაერთიანებების ხელმძღვანელებს დეტალურ ინფორმაციას აცნობს. შეხვედრას ასევე ესწრება ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი.

შანხაის გამოფენაზე ქართულ კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ, საკუთარი პროდუქცია და მომსახურება პოტენციურ ბიზნესპარტნიორებს გააცნონ. მათ შორის, მნიშვნელოვანია თანამშრომლობის გაღრმავება ტურიზმის სფეროში. აღნიშნულ გამოფენაში მონაწილეობა განსაკუთრებით შედეგიანი იქნება საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შემდეგ, რომელიც 2018 წლიდან შევიდა ძალაში. გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ 150 000 ჩინელი და უცხოელი პროფესიონალი შემსყიდველები.

შანხაიში საერთაშორისო იმპორტის ექსპოს გამართვის ინიციატივით 2017 წლის მაისში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე სი ძინპინი პეკინში გამართულ "ერთი სარტყელი - ერთი გზის" ფორუმზე გამოვიდა. გამოფენა წელს პირველად ჩატარდება და ყოველწლიურად გაიმართება. გამოფენის ოფიციალური მასპინძლები არიან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის სამინისტრო და ქ. შანხაის მუნიციპალიტეტის სახალხო მთავრობა. აღნიშნული გამოფენის მხარდაჭერები არიან ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია და გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია.