მთავარი » ეკონომიკა » ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენლები კორეაში შეხვედრებს მართავენ
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენლები კორეაში შეხვედრებს მართავენ
16:07 | 16 იანვარი, 2018

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენლები კორეაში შეხვედრებს მართავენ

კორეის რესპუბლიკას სამუშაო ვიზიტით ეკონომიკის სამინისტროს  ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დელეგაცია ეწვია, რომელსაც სააგენტოს თავმჯდომარე, გიორგი ზვიადაძე ხელმძღვანელობს.

დელეგაციის წევრებმა შეხვედრა გამართეს კორეის რესპუბლიკის მეცნიერების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და მომავლის დაგეგმვის სამინისტროში, ასევე ინოვაციური ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე კორეის წამყვან კომპანიებსა და ინსტიტუტებში.

ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და კორეის ტექნოპარკების ასოციაციას შორის. ხელმოწერის ცერემონიალი  კორეის ერთ-ერთ უმსხვილეს დეჯონის ტექნოპარკში გაიმართა, რომლის დასრულების შემდგომ მხარეებმა  ინოვაციური ტექნოლოგიების სფეროში ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

ურთიერთგაგების მემორანდუმი შემდეგ მიმართულებებს აერთიანებს: ინოვაციების, ბიოტექნოლოგიების , ICT (საინფორმაციო და კომუნიკაციების ტექნოლოგიები), STEM( მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია და მათემატიკა)  სფეროში გამოცდილების გაზიარება და თანამშრომლობის ხელშეწყობა; ქართველი სტარტაპებისა და ინოვატორების კორეის ბაზარზე შესვლის ხელშეწყობა; ერთობლივი აკადემიური და სამეცნიერო აქტივობების ორგანიზება, როგორიცაა ფორუმები, სემინარები, ინკუბატორები/აქსელერატორები და კონფერენციები; სასწავლო პროგრამების შემუშავება; კორეის ტექნოპარკების ასოციაციის გამოცდილების გაზიარება საქართველოში ტექნოლოგიური გადაცემის ოფისის შექმნის პროცესში;  ალტერნატიულ დაფინანსებაზე წვდომის მიზნით კორეის ენჯელ/ვენჩურულ ინვესტორებსა და ფონდებთან დაკავშირება და ქართველი სტარტაპებისთვის ფიჩინგ  სესიების ორგანიზება.

ვიზიტის ფარგლებში ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენლებისთვის ასევე დაგეგმილია ელექტრომანქანების საჩვენებელი ტური Hyundai-ის ქარხანაში, შეხვედრა კორეის ტექნოლოგიური წინსვლის ინსტიტუტისა და კომპანია SELVAS Healthcare Co-ს დირექტორებთან.