მთავარი » ეკონომიკა » თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლის ყოფილ შენობაში 80 ნომრიანი სასტუმრო გაიხსნება
თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლის ყოფილ შენობაში 80 ნომრიანი სასტუმრო გაიხსნება
18:57 | 21 დეკემბერი, 2017

თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლის ყოფილ შენობაში 80 ნომრიანი სასტუმრო გაიხსნება

პროექტის "50 ქონება შენი სასტუმროსთვის" ფარგლებში, თბილისში, ჭონქაძის ქუჩა N21-ში მდებარე სამხატვრო სასწავლებლის ყოფილი შენობა აუქციონზე 12 505 000 ლარად, მაღალი კონკურენციის პირობებში, 861 ბიჯის შედეგად  გაიყიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში შპს „ასტორიამ“ გაიმარჯვა და აუქციონის პირობების მიხედვით,  არანაკლებ 80 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა და სულ მცირე 10 000 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება უნდა უზრუნველყოს.

ბოლო დროს დაფიქსირებულმა ტურისტული ნაკადების ზრდამ კიდევ უფრო საჭირო გახადა ქვეყანაში შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება. სწორედ ამ მიზნით  სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ინვესტორებს სთავაზობს პროექტს „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“, რომელიც მოიცავს ტურისტულად ყველაზე აქტიურ რეგიონებში მდებარე  სახელმწიფო ქონების შეთავაზებას სასტუმრო-ინფრასტრუქტურის მოსაწყობად.

პროექტი წარმატებით მიმდინარეობს და დღეის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით გაყიდულია 26 895 501 ლარის უძრავი ქონება, ხოლო სასტუმროების ასაშენებლად განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა არანაკლებ 59 200 000 ლარს შეადგენს.