მთავარი » ტექნოლოგია » ქუმსიშვილი: რეგიონებში ოპტიკური ინტერნეტის ქსელის მშენებლობა 2018 წლიდან დაიწყება
ქუმსიშვილი: რეგიონებში ოპტიკური ინტერნეტის ქსელის მშენებლობა 2018 წლიდან დაიწყება
16:12 | 20 დეკემბერი, 2017

ქუმსიშვილი: რეგიონებში ოპტიკური ინტერნეტის ქსელის მშენებლობა 2018 წლიდან დაიწყება

კომიტეტების გაერთიანებულ მოსმენაზე საქართველოს მთავრობის პირველი ვიცეპრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი  ქვეყნის ინტერნეტიზაციის თემასაც  შეეხო.

მისი თქმით, ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულება საქართველოში საყოველთაო ინტერნეტიზაციის  განხორციელებაა. ცალკე პროგრამაა "ინტერნეტი განვითარებისთვის", რომელიც კერძო სექტორთან თანამშრომლობით ხორციელდება.

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ინტერნეტიზაციის პროექტი. მომავალი წლიდან   მთავრობა 4 სხვადასხვა მიმართულებით დაიწყებს ქსელის მშენებლობას.  ამ  მიმართულებებში  კერძო სექტორი არ შედის, რადგან ეს ეკონომიკურად არ არის მომგებიანი", - განუცხადა  დეპუტატებს პირველმა ვიცეპრემიერმა.

2018 წელს დაიწყება ოპტიკური ქსელის მშენებლობა რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში. ინტერნეტიზაციის პროგრამა ასევე შეეხება გურიის რეგიონს და დაფარავს ოზურგეთისა და ჩოხატაურის დასახლებული პუნქტების 70%-ს.

მაგისტრალური  მონაკვეთები შეირჩა მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით და ასევე ქსელის უწყვეტობისა და რეგიონების მაქსიმალურად დაფარვის პრინციპით.

სახელმწიფოს მიერ აშენებული ოპტიკური ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს კერძო სექტორს ადგილობრივი ქსელების განვითარებაში, ხოლო ორივე ერთობლივად - მოსახლეობის მაღალსიჩქარიან ინტერნეტსერვისებზე წვდომას.

რაც შეეხება პროგრამას "ინტერნეტი განვითარებისთვის", ის  უზრუნველყოფს რეგიონის მოსახლეობის ჩართულობას ინტერნეტ და საინფორმაციო სივრცეში და ასევე მათ ტრენინგებს,  რათა უზრუნველყონ ამ პლატფორმების ეფექტიანად გამოყენება. გარდა ამისა,  რეგიონში არსებულ მცირე და საშუალო ბიზნესს ექნება შესაძლებლობა გაიარონ ტრენინგები ელექტრონული კომერციის მიმართულებით, დაიწყონ გაყიდვა სხვადასხვა ქართული თუ საერთაშორისო პლატფორმების გამოყენებით და შექმნან საკუთარი ვებ-გვერდები.