მთავარი » ბიზნესი » "სილქ როუდ ჯგუფის" განცხადება ვარდების მოედნის აღდგენის კონცეფციასთან დაკავშირებით
"სილქ როუდ ჯგუფის" განცხადება ვარდების მოედნის აღდგენის კონცეფციასთან დაკავშირებით
15:11 | 19 დეკემბერი, 2017

"სილქ როუდ ჯგუფის" განცხადება ვარდების მოედნის აღდგენის კონცეფციასთან დაკავშირებით

ბოლო დღეებში სხვადასხვა ვებ საიტების და საინფორმაციო სააგენტოების მეშვეობით ვარდების მოედნის განვითარების პროექტის რენდერები გავრცელდა. მოგეხსენებათ, რომ სასტუმრო რადისონის წინ მდებარე პარკინგის ტერიტორია სიქლ როუდ ჯგუფის საკუთრებაშია.

ამ ტერიტორიის კეთილმოწყობის მიზნით 2015 წლის ბოლოს ჯგუფმა ჩაატარა დახურული კონკურსი, რომელშიც ჯგუფის მოწვევით რამდენიმე უცხოურმა და ქართულმა არქიტექტორულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. კონკურსის მიზანი იყო სასტუმროს წინ მდებარე პარკინგის ტერიტორიას შესძენოდა საზოგადოებრივი დატვირთვა და გამხდარიყო თბილისელების და დედაქალაქის სტუმრების თავშეყრის ადგილი.

წარმოდგენილი ესკიზებიდან გამარჯვებულად გამოცხადდა არქიტექტურული სტუდია "Graft Architects" ის მიერ შემუშავებული ვარიანტი. თუმცა, ხაზგასმით გვინდა განვმარტოთ, რომ ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული ფოტოები არ წარმოადგენს დასრულებულ ესკიზს და ეს არის მხოლოდ და მხოლოდ არტისტული კონცეფციის ერთ-ერთი ვარიანტი, რომელიც მუშაობის პროცესში წარმოადგინა "Graft Architects"-მა.

ამ ეტაპზე სილქ როუდ ჯგუფი აგრძელებს მერიის კეთილმოწყობის სამსახურთან თანამშრომლობას და სხვადასხვა საკითხების შეთანხმებას. მოედნის განვითარების კონცეფცია კვლავაც მდგომარეობს იმაში, რომ მოხდეს მიწისქვეშა ფართების რეაბილიტაცია, მოედნის სრული რეაბილიტაცია, რათა ქალაქის ცენტრში შეიქმნას საზოგადოებრივი სივრცე და თბილისში გაჩნდეს კეთილმოწყობილი მოედანი უფუნქციო სივრცის სანაცვლოდ, შეიქმნას სტუმრების და თბილისელების თავშეყრის ადგილი, სადაც რეკრეაციული ზონა განთავსდება.

აპ ეტაპზე პროექტის დასრულების ვადები და საინვესტიციო თანხა საბოლოოდ განსაზღვრული არ არის. აღნიშნულ პროექტს სილქ როუდ ჯგუფი განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდება, ქალაქისთვისთვის მოედნის მნიშვნელობისა და საზოგადოებრივი ფუნქციის გამო. ამიტომაც, პროექტის საბოლოო ვარიანტის შემუშავების შემდეგ კონცეფცია საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება. მანამდე კი, ვისურვებდით არ მოხდეს დაუსრულებელი ნამუშევრების ტირაჟირება და ასეთი გზით საზოგადოების შეცდომაში შეყვანა.