მთავარი » ეკონომიკა » ლაბორატორიაში მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მოსწავლეებისთვის შემეცნებითი ტური ჩატარდა
ლაბორატორიაში მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მოსწავლეებისთვის შემეცნებითი ტური ჩატარდა
17:48 | 12 დეკემბერი, 2017

ლაბორატორიაში მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მოსწავლეებისთვის შემეცნებითი ტური ჩატარდა

სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიამ მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მოსწავლეებისთვის შემეცნებითი ტური ჩაატარა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ლაბორატორიას სოციალური მიმართულების კაბინეტის, გეოეკოლოგიის  კლუბის წევრები ესტუმრნენ და ლაბორატორიის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინეს. შეხვედრის დროს, მოზარდებს წარედგინათ შემეცნებითი პროგრამა, რომელიც მათ მომავალი პროფესიის არჩევაში დაეხმარებათ. სხვადასხვა დაავადებების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, მათ სპეციალურად მოზარდებისთვის შექმნილი ბროშურები და ლაბორატორიის სიმბოლიკიანი სუვენირებიც გადაეცათ.

შეხვედრის დროს, კლუბის წევრებს განემარტათ ბიოუსაფრთხოებისა და  ლაბორატორიულ დანადგარებთან უსაფრთხო მუშაობის პრინციპები. ასევე, მათ შესაძლებლობა ჰქონდათ უახლესი აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორიის მუშაობის სპეციფიკას ადგილზე გასცნობოდნენ და თავადაც ჩართულიყვნენ სხვადასხვა ექსპრეს-ტესტის წარმოებაში. თანამედროვე აპარატურით აღჭურვილ ლაბორატორიულ ბაზაზე დაშვება კი,  შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს მიღებული თეორიული ცოდნა, პრაქტიკაში განიმტკიცონ.

სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია  ცდილობს მაქსიმალურად დაეხმაროს სასწავლო საგანმანათლებლო დაწესებულებებს მომავალი სპეციალისტების აღზრდაში. მსგავსი სახის ღონისძიებების მიზანია საბუნებისმეტყველო და აგრარული მეცნიერებების მიმართულების  პოპულარიზაცია და ახალგაზრდული იდეების ხელშეწყობა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, მხარეებმა სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობა და ერთობლივი სასწავლო-სამეცნიერო პროექტების განხორციელება დაგეგმეს.