მთავარი » ეკონომიკა » FAO-ს ანგარიში პოსტსაბჭოთა ქვეყნების აგროსასურსათო ვაჭრობის ანალიზს წარმოგვიდგენს
FAO-ს ანგარიში პოსტსაბჭოთა ქვეყნების აგროსასურსათო ვაჭრობის ანალიზს წარმოგვიდგენს
16:40 | 4 დეკემბერი, 2017

FAO-ს ანგარიში პოსტსაბჭოთა ქვეყნების აგროსასურსათო ვაჭრობის ანალიზს წარმოგვიდგენს

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO)  გაანალიზა  აგროსასურსათო იმპორტ-ექსპორტის დინამიკა 12 პოსტსაბჭოთა ქვეყანაში: საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელარუსი,  ყაზახეთი, ყირგიზეთი, მოლდოვა, რუსეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი და უკრაინა. ასევე, განხილულ იქნა  ამ ქვეყნების მონაწილეობა სახვადასხვა საერთაშორისო სავაჭრო შეთანხმებებში, ცვლილებები სასოფლო-სამეურნეო სავაჭრო პოლიტიკაში  და სოფლის მეურნეობის მხარდამჭერ პროგრამებში.

კვლევის მიხედვით, სამიზნე ქვეყნებში მაკროეკონომიკური არასტაბილურობა და რთული გეოპოლიტიკური ვითარება -  მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასების შემცირებასთან ერთად - განაპირობებენ აგროსასურსათო ვაჭრობის შეფერხებას და სურსათზე ფასების ზრდას. აგროსასურსათო ვაჭრობა რეგიონში უაღრესად მგრძნობიარეა ნებისმიერი ტიპის საფასო შოკების მიმართ.  ამ კონტექსტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვალუტის გაცვლითი  კურსებისა და ენერგომატარებლებზე საერთაშორისო ფასების ცვალებადობა.

წლიური ანგარიში - პოსტ-საბჭოთა ქვეყნების აგროსასურსათო სავაჭრო პოლიტიკის მიმოხილვა. 2015-2016 წწ., FAO- ს მხარდაჭერით 2014 წელს დაფუძნებული ევროპისა და ცენტრალური აზიის სოფლის მეურნეობის ექსპერტთა ჯუფის  ერთობლივი მუშაობის შედეგია.

კვლევის მიხედვით, რეგიონის ყველა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის ტემპების შემცირების თანმდევი პროცესია ეროვნული ვალუტების დევალვაცია აშშ დოლარისა და ევროს მიმართ. გამომდინარე იქედან, რომ ამ ქვეყნების სასურსათო მოხმარებაში იმპორტის წილი მაღალია, შიდა ბაზრებზე სურსათის ფასები გაიზარდა.

რეგიონში მყიდველუნარიანობისა და აგროსასურსათო პროდუქტებზე მოთხოვნის შემცირებამ განაპირობა როგორც ექსპორტის ისე იმპორტის შემცირება.

სავაჭრო გეოგრაფიის შეცვლა

"ჩვენ ასევე აღმოვაჩინეთ  ცვლილებები რეგიონის სავაჭრო ნაკადების გეოგრაფიაში" განაცხადა ირინა კობუტამ, FAO- ს სავაჭრო ეკონომისტმა და კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა.  "რამდენიმე პოსტსაბჭოთა ქვეყანაში აღინიშნა აგროსასურსათო ექსპორტის ნაკადების გადამისამართება რეგიონის გარეთ".

სამიზნე რეგიონის აგროსასურსათო ექსპორტში რუსეთის, როგორც მომხმარებლის ხვედრითი წილი მცირდება და იზრდება  მსოფლიოს სხვა ქვეყნების (სამიზნე რეგიონის გარეთ) შესაბამისი მაჩვენებელი.  მაგალითად, 2015 წლის განმავლობაში სომხეთის, საქართველოსა და მოლდოვას მთლიან აგროსასურსათო ექსპორტში რუსეთის წილი შემცირდა საშუალოდ 8%ით.  ამავდროულად აზერბაიჯანის აგრო-ექსპორტში  რუსეთის ფედერაციის  წილი 13 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და  52 %-ს მიაღწია.

ასევე დაფიქსირდა მოლდოვას აგროსასურსათო ექსპორტში ევროკავშირის ქვეყნების ხვედრითი წილის ზრდა - 2014 წლის  42%-დან 2015 წელს 54%-მდე.

რეგიონში კვლავაც მოქმედებს სხვადასხვა  სავაჭრო სანქციები. მაგალითად, რუსეთში მთლიანად ან ნაწილობრივ აკრძალულია აგროსასურსათო  იმპორტი რიგი ქვეყნებიდან: ალბანეთი, ავსტრალია, კანადა, ევროკავშირშის ქვეყნები, ისლანდია, ლიხტენშტეინი, მონტენეგრო, ნორვეგია, უკრაინა და აშშ.  აღნიშნული აკრძალვა ძალაში იყო კვლევის პერიოდში და გაგრძელებულ იქნა 2017 წლის 31 დეკემბრამდე.

ქვეყნები - ძირითადი მაჩვენებლები

ანგარიში  მოიცავს 12-ვე სამიზნე ქვეყნის ძირითადი აგროსასურსათო სავაჭრო მაჩვენებლების ინდივიდუალურ მიმოხილვას, როგორიცაა  მონაცამები სავაჭრო ნაკადების შესახებ, იმპორტ/ექსპორტის თანხობრივი მოცულობები და სხვა. გამოვყოფთ რამდენიმე ძირითად მაჩვენებელს:

რეგიონის ყველა სამიზნე ქვეყანაში, გარდა ტაჯიკეთისა და უზბეკეთისა, 2015 წელს  დაფიქსირდა იმპორტისა და ექსპორტის მოცულობის დაღმავალი ტენდენცია. განსაკუთრებით მკვეთრი შემცირება მოხდა ყირგიზეთში, საქართველოში, ყაზახეთში, თურქმენეთსა და ბელარუსში.

ტაჯიკეთში და სომხეთში აგროსურსათის წილი მთლიან იმპორტში განსაკუთრებით დიდია.

2015 წელს სამიზნე ქვეყნების მთლიან ექსპორტსა და იმპორტში აგროსურსათის ხვედრითი წილი  წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. გამონაკლისს წარმოადგენს უკრაინა რომლის  მთლიან ექსპორტში აგროსურსათის წილი 7,3 %-თ გაიზარდა და 38 %-ს მიაღწია.

სომხეთში, საქართველოში, მოლდოვასა და უზბეკეთში, აგროსურსათის ხვედრითი წილი მთლიან ექსპორტში 25%-ზე მეტი იყო, მაშინ როცა ყაზახეთსა და რუსეთში შესაბამისი მაჩვენებელი 5%-ზე ნაკლები იყო.

ტაჯიკეთი ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, სადაც 2015 წელს აგროსასურსათო  ექსპორტის წლიური  ზრდა დაფიქსირდა  - 192-დან 204 მლნ აშშ დოლარამდე, რაც დიდწილად ბამბის ექსპორტის ზრდით იყო გამოწვეული.

რეგიონის სხვა ქვეყნებში აგროსურსათის იმპორტი  ამავე პერიოდში კვლავ აღემატებოდა ექსპორტს. თუმცა, შესაბამისი საგარეო სავაჭრო დეფიციტი ქვეყნების უმეტესობაში შემცირდა.

"ნათელი წერტილი" - სავაჭრო ინტეგრაცია

FAO-ს ანგარიშში მოცემულია ინფორმაცია ტარიფების, არასატარიფო ბარიერების, სავაჭრო შეთანხმებებში მონაწილეობისა და მიმდინარე სავაჭრო მოლაპარაკებების შესახებ.

2015 წლის მეორე ნახევარსა და 2016 წლის დასაწყისში  პოსტ-საბჭოთა ქვეყნების აგროსასურსათო ვაჭრობაში ინტეგრაციული პროცესების გაძლიერება შეინიშნებოდა. მაგალითად, ყაზახეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (WTO) გაწევრიანდა. ყირგიზეთი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი გახდა. საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასათვის ამოქმედდა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA).

ანგარიშის მიხდვით, 2017  წლისათვის   ნავარაუდევია რეგიონში რიგი ახალი  ორმხრივი სავაჭრო შეთანხმებების ამოქმედება.  ასევე,  მოსალოდნელია აგროსასურსათო სავაჭრო პოლიტიკის კუთხით  კოორდნაციის გაუმჯობესება, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრ ქვეყნებს შორის.

FAO-ს სავაჭრო ეკონომისტმა და ანგარიშის ერთ-ერთმა თანაავტორმა, ეკატერინე კრივონოსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მაკროეკონომიკური ფაქტორები რეგიონში კვლავაც  გადამწყვეტ როლს შეასრულებენ. მისი განცხადებით,  "ვალუტის გაცვლითი კურსები და მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები, ისევე, როგორც უმსხვილეს ეკონომიკების  ურთიერთქმედება, როგორიცაა რუსეთი და ევროკავშირი, კვლავაც განსაზღვრავენ  რეგიონში აგროსასურსათო ვაჭრობის მიმართულებებს."

"სავაჭრო პოლიტიკის ცვლილებების შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობა, ხელს უწყობს ქვეყნებს შორის პარტნიორობის გაღრმავებას და სავაჭრო ურთიერთობების ნორმალიზაციას", - განაცხადა მან.