მთავარი » ბანკები » კოსმოსური ჰაკათონის გამარჯვებულები Space Expo-ს სანახავად გაემგზავრებიან
კოსმოსური ჰაკათონის გამარჯვებულები Space Expo-ს სანახავად გაემგზავრებიან
15:03 | 4 დეკემბერი, 2017

კოსმოსური ჰაკათონის გამარჯვებულები Space Expo-ს სანახავად გაემგზავრებიან

კოსმოსური ჰაკათონის გამარჯვებულები ცნობილია - ჟიურის გადაწყვეტილებით,  პირველ ადგილზე გავიდნენ პირველკურსელები სალომე თათოშვილი და დავით ხუციშვილი. სალომე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენდია, ხოლო დავითი სანდ-დიეგოს სახლემწიფო უნივერსიტეტის ბიოქიმიის ფაკულტეტზე სწავლობს.

ჰაკათონის მთავარი თემა მარსის კოლონიზაცია გახლდათ. მთელი საქართველოს მასშტაბით შერჩეული 15 გუნდი 30 საათის განმავლობაში მუშაობდა. საკუთარი პროექტები მათ ჟიურის წინაშე პრეზენტაციის სახით წარადგინეს.  გამარჯვებული გუნდი თიბისი ბანკის მხარდაჭერით გაემგზავრება ნიდერლანდებში, ევროპის კოსმოსური სააგენტოს მუზეუმის, Space Expo-ს სანახავად.  მეორე და მესამე ადგილის მფლობელები კი მრავალფეროვანი პრიზებით დაჯილდოვდნენ.

ჰაკათონის ჟიურის  ნასას ასტრონავტი ქალი, ჰაიდი ფაიფერი თავმჯდომარეობდა. ის საქართველოში აშშ საელჩოს სპეციალური მოწვევით იმყოფება და ახალგაზრდებისთვის საჯარო ლექციებს მართავს. ჰაიდი ფაიფერს მონაწილეობა აქვს მიღებული 2 კოსმოსურ მისიაში - Atlantis და Endeavour. კოსმოსში გატარებული აქვს 27 დღეზე მეტი, ღია კოსმოსში - 33 საათი.

კოსმოსური ჰაკათონი თბილისში 1-3 დეკემბერს გაიმართა, მისი მთავარი მიზანი კოსმოსთან დაკავშირებული ახალი იდეების და მეცნიერებითა და ტექნოლოგიებით დაინტერესებული ახალგაზრდების წახალისება იყო. კოსმოსური ჰაკათონის ორგანიზატორები არიან  ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში და  არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის ლაბორატორია.