მთავარი » ბიზნესი » ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2017 წლის III კვარტალში 19,7%-ით გაიზარდა
ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2017 წლის III კვარტალში 19,7%-ით გაიზარდა
12:39 | 4 დეკემბერი, 2017

ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2017 წლის III კვარტალში 19,7%-ით გაიზარდა

ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2017 წლის III კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 19,7%-ით გაიზარდა და 18,6 მილიარდი ლარი შეადგინა.

2017 წლის III კვარტალში მთლიანი ბრუნვის 41,2% მოდის მსხვილ ბიზნესზე, 23,1% - საშუალო, ხოლო 35,7% - მცირე ბიზნესზე ნაწილდება. მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 41,6%, საშუალოზე - 24,7%, ხოლო მცირე ბიზნესზე - 33,7%.

საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 2017 წლის III კვარტალში 13,4 მლრდ. ლარი, ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა - 8,1 მლრდ. ლარი შეადგინა.

2017 წლის III კვარტალში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 643,9 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 6,3%-ით აღემატება.

დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 40,1% ქალია, ხოლო 59,9% - კაცი. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 35,9% მსხვილ ბიზნესზე მოდის, 22,2% - საშუალო, ხოლო დარჩენილი 41,9% - მცირე ბიზნესზე.

დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 611,1 ათასი კაცი შეადგინა. საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე - 2108,1 მლნ. ლარია. 2017 წლის III კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1143.5 ლარს გაუტოლდა, მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა - 837.2 ლარი. საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია:

  •  მსხვილი ბიზნესი - 1178.3 ლარი;
  •  საშუალო ბიზნესი - 1240.7 ლარი;
  •  მცირე ბიზნესი - 1051.5 ლარი.

2017 წლის III კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი - 46,1% მოდის ვაჭრობის დარგზე. მეორე ადგილზეა დამამუშავებელი მრეწველობა - 12,5%-იანი წილით, შემდეგ მოდის მშენებლობა - 10,5%-იანი წილით და ხელოვნება, გართობა და დასვენება 7,1%-იანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყოება 6.8%-იანი წილით, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება 3.4%-იანი წილით, ხოლო დარჩენილი 13,6% კი სხვა დარგებზე ნაწილდება.

2017 წლის III კვარტალში ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვებაში პირველ და მეორე ადგილებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (22,4%) და მშენებლობა (21,6%), შემდეგ მოდის ვაჭრობა (17,0%) და ტრანსპორტი და დასაწყობება - 9,4%-იანი წილით, ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში 29,6 პროცენტიანი წილი უჭირავს.

2017 წლის III კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ბიზნეს სექტორში ვაჭრობის, დამამუშავებელი მრეწველობის, მშენებლობის დარგები ლიდერობენ. თუმცა სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების (10,3%), ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის (8,0%), და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების დარგის საწარმოებზეც (5,3%).

რეგიონების მიხედვით მთლიან ბრუნვაში ლიდერობს ქ. თბილისი და სხვა რეგიონები შემდეგი თანმიმდევრობით:

  •  ქ. თბილისი - 70.2%;
  •  აჭარის ა.რ. - 8.1%;
  •  ქვემო ქართლი - 6.1%;
  •  იმერეთი - 4.6%;
  •  სამეგრელო-ზემო სვანეთი - 3.1%.

რეგიონების მიხედვით პროდუქციის მთლიან გამოშვებაში ლიდერობს კვლავ ქ. თბილისი და სხვა რეგიონები შემდეგი თანმიმდევრობით:

  •  ქ. თბილისი - 65.0%;
  •  აჭარის ა.რ. - 8.9%;
  •  ქვემო ქართლი - 6.9%;
  •  იმერეთი - 5.2%;
  •  სამეგრელო-ზემო სვანეთი - 3.7%.

რაც შეეხება დასაქმებულთა რაოდენობას, რეგიონების მიხედვით აღნიშნული მაჩვენებელი შემდეგნაირად ნაწილდება:

  •  ქ. თბილისი - 64.0%,
  •  აჭარის ა.რ. - 9.3%,
  •  იმერეთი - 7.0%,
  •  ქვემო ქართლი - 5.5%,
  •  სამეგრელო-ზემო სვანეთი - 3.9%.