მთავარი » ბიზნესი » ბალვანერა: წყლის გამოყენების პოტენციალი, საქართველოსგან განსხვავებით, ბევრ ქვეყანას არ აქვს
ბალვანერა: წყლის გამოყენების პოტენციალი, საქართველოსგან განსხვავებით, ბევრ ქვეყანას არ აქვს
14:44 | 28 ნოემბერი, 2017

ბალვანერა: წყლის გამოყენების პოტენციალი, საქართველოსგან განსხვავებით, ბევრ ქვეყანას არ აქვს

"თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე" სიტყვით გამოვიდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დირექტორი სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში  ბრუნო ბალვანერა. მან მონაწილეობა მიიღო პანელში "რეგიონთაშორისი შესაძლებლობები ენერგეტიკის მიმართულებით", სადაც საქართველოსა და რეგიონში განხორციელებული პროექტების შესახებ ისაუბრა.
 
"საქართველოში ჩვენ  394 მეგავატი წყლის ენერგია შევქმენით. პროექტები მოიცავდა "ენგურის", "აჭარისწყალისა" და "ფარავანის" ჰიდროელექტროსადგურებს. ამჯერად ჩვენ ვმუშაობთ უზარმაზარ პროექტზე - "ნენსკრას" ჰიდროელექტროსადგურზე, რომელიც რეგიონში ყველაზე დიდი ჰიდროკონსტრუქცია იქნება.  საუბარია მილიარდობით დოლარის ინვესტიციაზე. ჩვენ გვყავს პროფესიონალების გუნდი, რომელიც უსმენს საზოგადოებას და განიხილავს და უმკლავდება გამოწვევებს", - განაცხადა ბრუნო ბალვანერამ.
 
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორმა  სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში  ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის განხორციელებული პროექტის შესახებ ისაუბრა და თავის გამოსვლაში შახ-დენიზის პროექტი მიმოიხილა. მისი ინფორმაციით, ერთი თვის წინ EBRD-მა ხელი მოაწერა 25 წლის განმავლობაში ყველაზე დიდ ფინანსურ პროექტს.
 
"ეს არის EBRD-ის  უდიდესი წვლილი ამ პროექტში, რომელიც უზრუნველყოფს შახ-დენიზიდან კასპიის ზღვის,  აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით იტალიაში ბუნებრივი აირის  ტრანსპორტირებას.  ეს პროექტი ისტორიაში ყველაზე დიდ ტრანზაქციად აღიარა  კომპანია BP-მ", - აღნიშნავს ბალვანერა.
 
ბრუნო ბალვანერას განცხადებით,  ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისთვის განახლებად ენერგიას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
 
"ჩვენ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში დაწყებული გვაქვს წყლის ენერგიის გამოყენება, რომლის პოტენციალიც საქართველოსგან განსხვავებით ბევრ ქვეყანას არ გააჩნია. ასევე, მნიშვნელოვანია ქარისა და მზის განახლებადი ენერგია", - აცხადებს ბალვანერა.
 
ბრუნო ბალვანერას განცხადებით, ქარის, მზის და წყლის ენერგიის მიმართულებით EBRD-ის პროექტებიდან  პირველი ადგილი უკავია პოლონეთს, მეორე ადგილი-რუმინეთს, მესამე-საქართველოს.
 
დღეს თბილისში აბრეშუმის გზის ფორუმი გაიხსნა, რომელსაც 34 ოფიციალური დელეგაცია და 60-ზე მეტი ქვეყნის 2000-მდე დელეგატი ესწრება. ფურუმში მონაწილეობის მისაღებად თბილისში იმყოფებიან უკრაინის და მოლდოვის პრემიერ მინისტრები, რამდენიმე ქვეყნის ვიცე პრემიერები, სხვა მაღალი თანამდებობის პირები, დიპლომატიური კორპუსების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო რანგის ექსპერტები და ჟურნალისტები.