მთავარი » მსოფლიო » ჰოლოლეი: საქართველო და ევროკავშირი ტრანსპორტის სექტორში მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან
ჰოლოლეი: საქართველო და ევროკავშირი ტრანსპორტის სექტორში მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან
14:32 | 28 ნოემბერი, 2017

ჰოლოლეი: საქართველო და ევროკავშირი ტრანსპორტის სექტორში მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის პანელზე "მაღალი დონის დიალოგი სარტყელი და გზის კავშირი სტაბილურობისათვის" სიტყვით გამოვიდა ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორი ჰენრიკ ჰოლოლეი.
 
ევროკავშირის წარმომადგენლის განცხადებით, საქართველო და ევროკავშირი არიან ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორები ტრანსპორტის სექტორში.
 
"საქართველოს უკავია მართლაც უნიკალური პოზიცია და ძალიან სტრატეგიული ადგილი, რადგან ის არის ქვეყანა, რომელიც ასრულებს ბუნებრივი კარიბჭის როლს რეგიონში და აკავშირებს სატრანსპორტო ჰაბებს ევროპასა და აზიას შორის", - აღნიშნა ჰენრიკ ჰოლოლეიმ.
 
თავის გამოსვლაში ჰოლოლეიმ აგრეთვე ყურადღება გაამახვილა იმ პოზიტიურ დღის წესრიგზე, რომელიც საქართველოს აქვს ევროკავშირთან არსებული ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით.
 
"საქართველო არის ძალიან კარგი მოდელი ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების და რეგულაციების აპროქსიმაციის კუთხით", - განაცხადა სიტყვით  გამოსვლისას ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორმა.
 
ჰოლოელიმ დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები კანონის უზენაესობისა და ბიზნესგარემოს განვითარების მიმართულებით. მისი თქმით, კანონის უზენაესობა და ბიზნესის კეთების საკითხები ერთნაირად  წარმატებით ვითარდება საქართველოში.
 
"დღეს თქვენ უკვე ძალიან სერიოზული ინვესტიციები გაქვთ, გამჭვირვალე პროცედურების დანერგვის კუთხით და არ არის გასაკვირი, რომ საქართველო გახდა მთავარი აქტორი სარტყლისა და გზის ინიციატივაში", - აღნიშნა მან.
 
დღეს თბილისში აბრეშუმის გზის ფორუმი გაიხსნა, რომელსაც 34 ოფიციალური დელეგაცია და 60-ზე მეტი ქვეყნის 2000-მდე დელეგატი ესწრება. ფურუმში მონაწილეობის მისაღებად თბილისში იმყოფებიან უკრაინის და მოლდოვის პრემიერ მინისტრები, რამდენიმე ქვეყნის ვიცე პრემიერები, სხვა მაღალი თანამდებობის პირები, დიპლომატიური კორპუსების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო რანგის ექსპერტები და ჟურნალისტები.