მთავარი » მსოფლიო » EBRD-ის ვიცეპრეზიდენტი: საქართველო ცენტრალურ ევროპაში მეორე ტალღის რეფორმების ლიდერია
EBRD-ის ვიცეპრეზიდენტი: საქართველო ცენტრალურ ევროპაში მეორე ტალღის რეფორმების ლიდერია
14:19 | 28 ნოემბერი, 2017

EBRD-ის ვიცეპრეზიდენტი: საქართველო ცენტრალურ ევროპაში მეორე ტალღის რეფორმების ლიდერია

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ვიცე პრეზიდენტმა ალან პიუმ დადებითად შეაფასა საქართველოს საქმიანობა როგორც საერთაშორისო პროექტებზე მუშაობის, ისე ქვეყნის შიგნით ოთხ-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში განხორციელებული რეფორმების კუთხით.

"საქართველო არის მეორე ტალღის რეფორმების ლიდერი აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში და ეს არის აშკარა პროგრესი. საქართველოს ღიაობა და მზაობა, ვაჭრობისადმი პროგრესული მიდგომა, აქტიური თანამშრომლობა ჩინეთთან და მეორეს მხრივ ევროკავშირთან ღრმა და თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების ფარგლებში, აშკარად მისასალმებელია", - აღნიშნა EBRD-ის ვიცე პრეზიდენტმა.

თავის გამოსვლაში, ალან პიუმ განსაკუთრებით ხაზი გაუსვა საქართველოს პრემიერ მინისტრის აქტიურ ჩართულობას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის და სხვა წამყვან საერთაშორისო და რეგიონალურ ორგანიზაციების მხარდაჭერის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებში.

EBRD-ის ვიცე პრეზიდენტის განცხადებით, ორგანიზაცია მხარს უჭერს აბრეშუმის გზის პროექტით გათვალისწინებულ კონტექსტს და სრულად იზიარებს აღნიშნული ინიციატივის ხედვებს და ამოცანებს. მისი განცხადებით, აღნიშნულს მოწმობს ის ფაქტიც, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის სპონსორია.

ალან პიუმ აგრეთვე ისაუბრა იმ როლზე, რაც შეიძლება ორგანიზაციამ შემდგომში გასწიოს სარტყელი და გზის ინიციატივის ფარგლებში.

"უპირველეს ყოვლისა, ჩვენ გვინდა, უფრო ღრმად ჩავერთოთ პოლიტიკურ რეფორმებში ყველა პარტნიორთან. ასევე ხაზი მინდა გავუსვა კერძო სექტორის მობილიზაციის აუცილებლობას აბრეშუმის გზის კონტექსტში. სახელმწიფოს ყველაფრის გაკეთება არ შეუძლია, კერძო სექტორმა უნდა ჩადოს ფინანსები, კადრები და ძალისხმევა", - განაცხადა EBRD-ის ვიცე პრეზიდენტმა.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ვიცე პრეზიდენტმა ისაუბრა რეგიონალური მნიშვნელობის პროექტებზე და ორგანიზაციის კონტრიბუციაზე ამ მიმართულებით. ალან პიუს თქმით, მსოფლიო ბანკთან, აზიის განვითარების ბანკთან და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებთან კოორდინაციით, EBRD-ს 500 მილიონი დოლარის წვლილი შეაქვს, სამხრეთ გაზის კორიდორის განვითარებაში, რომელიც აკავშირებს აზერბაიჯანს, თურქეთს და დასავლეთ ევროპას საქართველოს მეშვეობით.

"ყარსი-ახალქალაქი-განჯის გზატკეცილი დააკავშირებს მნიშვნელოვან ადგილმდებარეობებს ერთმანეთთან. ეს იქნება სატრანსპორტო განვითარების ერთ-ერთი ნიმუში ამ რეგიონში", - აღნიშნა ალან პიუმ. სტუმარმა ასევე დადებითად შეაფასა საქართველოში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის პროცესი.

დღეს თბილისში აბრეშუმის გზის ფორუმი გაიხსნა, რომელსაც 34 ოფიციალური დელეგაცია და 60-ზე მეტი ქვეყნის 2000-მდე დელეგატი ესწრება. ფურუმში მონაწილეობის მისაღებად თბილისში იმყოფებიან უკრაინის და მოლდოვის პრემიერ მინისტრები, რამდენიმე ქვეყნის ვიცე პრემიერები, სხვა მაღალი თანამდებობის პირები, დიპლომატიური კორპუსების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო რანგის ექსპერტები და ჟურნალისტები.