მთავარი » მსოფლიო » გროისმანი: რეგიონში საქართველოს ლიდერობა ხელს შეუწყობს ჩვენს ეკონომიკურ განვითარებას
გროისმანი: რეგიონში საქართველოს ლიდერობა ხელს შეუწყობს ჩვენს ეკონომიკურ განვითარებას
14:15 | 28 ნოემბერი, 2017

გროისმანი: რეგიონში საქართველოს ლიდერობა ხელს შეუწყობს ჩვენს ეკონომიკურ განვითარებას

თბილისში მიმდინარე აბრეშუმის გზის ფორუმზე უკრაინის პრემიერ მინისტრმა ვოლოდიმერ გროისმანმა საქართველო-უკრაინის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"ჩვენ გვიხარია საქართველოს წარმატება და დარწმუნებული ვარ, რეგიონში თქვენი ლიდერობა ხელს შეუწყობს ჩვენს ეკონომიკურ განვითარებას", - განაცხადა უკრაინის პრემიერ მინისტრმა.

ვოლოდიმერ გროისმანმა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნისნა, რომ მისი მეორედ ჩატარება მნიშვნელოვანია და  ხელს უწყობს  ევროპასა და აზიას შორის კავშირების გაუმჯობესებას.  უკრაინის პრემიერ მინისტრმა შავი ზღვის რეგიონში  საბორნე გადაზიდვების ხელშეწყობაზე ისაუბრა.

"ჩვენ  ვგეგმავთ 60%-მდე შევამციროთ ტარიფები საბორნე გადაზიდვაზე. ჩვენი მიზანია, ეს სფერო  კონკურენტუნარიანი გახდეს", - განაცხადა ვოლოდიმერ გროსიმანმა.

უკრაინის პრემიერ მინისტრმა ასევე აქცენტი გააკეტა აღმოსავლეთსა და დასავლეთს  შორის დამაკავშირებელი დერეფნის განვითარების საკითხზე.

"აზიასა და  ევროპას  შორის, ასევე ბალტიის ქვეყნების მიმართულებით  დამაკავშირებელი სერიოზული მიმართულებები არსებობს. ამ დერეფნების თვალსაზრისით, უკრაინას  შეუძლია  იყოს  საკმაოდ სანდო პარტნიორი. რაც ბატონმა კვირიკაშვილმა ბრძანა, ზუსტად ამაზე მსურს თქმა,  რომ ჩვენ  შეგვიძლია შევქმნათ  გაერთიანება:  საქართველო-აზერბაიჯანი-უკრაინა, რკინიგზის და საბორნე მიმოსვლის   გამოყენებით".

ვოლოდიმერ გროისმანმა  უკრაინის ეკონომიკის განვითარების და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ დადებული შეთანხმების შესახებაც ისაუბრა, მან განსაკუთრებული აქცენტი ინფრასტრუქტურის და კომუნიკაციების განვითარებაზე გააკეთა.

დღეს თბილისში აბრეშუმის გზის ფორუმი გაიხსნა, რომელსაც 34 ოფიციალური დელეგაცია და 60-ზე მეტი ქვეყნის 2000-მდე დელეგატი ესწრება. ფურუმში მონაწილეობის მისაღებად თბილისში იმყოფებიან უკრაინის და მოლდოვის პრემიერ მინისტრები, რამდენიმე ქვეყნის ვიცე პრემიერები, სხვა მაღალი თანამდებობის პირები, დიპლომატიური კორპუსების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო რანგის ექსპერტები და ჟურნალისტები.