მთავარი » ბანკები » თიბისი ბანკმა MSME ბიზნესის და ქალი მეწარმეების დასაფინანსებლად 30 მილიონი დოლარი მოიზიდა
თიბისი ბანკმა MSME ბიზნესის და ქალი მეწარმეების დასაფინანსებლად 30 მილიონი დოლარი მოიზიდა
20:19 | 24 ნოემბერი, 2017

თიბისი ბანკმა MSME ბიზნესის და ქალი მეწარმეების დასაფინანსებლად 30 მილიონი დოლარი მოიზიდა

თიბისი ბანკმა ავსტრიის განვითარების ბანკთან Oesterreichische Entwicklungsbank AG (OeEB) 30 მლნ დოლარის ოდენობის სესხის ხელშეკრულება გააფორმა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თიბისი ბანკი ავრცელებს.

თანხები, პირველ რიგში, გამოყენებული იქნება მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების (MSMEs) დასაფინანსებლად, რომლებიც საქმიანობენ ტურიზმის სფეროში, ასევე, ქალი მეწარმეების მხარდასაჭერად.

"მოხარული ვართ, დავიწყოთ თანამშრომლობა OeEB -თან. ეს ჩვენი პირველი  გარიგებაა და იმედი გვაქვს, რომ აღნიშნული ოპერაცია ხელს შეუწყობს წარმატებულ და გრძელვადიან ურთიერთობებს ჩვენს ინსტიტუტებს შორის", - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

"MSME-ის მხარდაჭერა ავსტრიის განვითარების ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. აღნიშნული საკრედიტო ხაზის მეშვეობით შეგვიძლია, ხელი შევუწყოთ გენდერული თანასწორობისა და სოფლის მეურნეობის განვითარებას, ისევე როგორც მზარდი ტურიზმის სექტორის განვითარებას", - განაცხადეს OeEB-ის აღმასრულებელი საბჭოს წევრებმა, ანდრეა ჰაგმანმა და მაიკლ ვანკატამ.

Oesterreichische Entwicklungsbank AG (OeEB), 2008 წლის მარტიდან ფუნქციონირებს, როგორც ავსტრიის განვითარების ბანკი. იგი სპეციალიზირებულია განვითარებად ქვეყნებში  კერძო სექტორის გრძლევადიან დაფინანსებაზე, რაც იძლევა მდგრადი განვითარების შესაძლებლობას.