მთავარი » ეკონომიკა » Google ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგულ კამპანიას წარმატებულად აფასებს
Google ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგულ კამპანიას წარმატებულად აფასებს
17:52 | 14 ნოემბერი, 2017

Google ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგულ კამპანიას წარმატებულად აფასებს

კორპორაცია Google ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგულ კამპანიას წარმატებულად აფასებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

კორპორაციასთან მიმდინარე თანამშრომლობის და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე Google-ის წარმომადგენლებს შეხვდა. მათ შორის იყვნენ: დმიტრო შოლომკო Google Ukraine-ის დირექტორი, სერგეი ბრატუსოვი Google Ukraine-ის ბრენდის ხელმძღვანელი და დიმიტრი გოლიკი Google Ireland-ის მენეჯერი. კორპორაცია Google-თან ადმინისტრაცია ორი წელია აქტიურად თანამშრომლობს. მიმდინარე წლის ზაფხულის მარკეტინგული კამპანიის დაგეგმვასა და მონიტორინგში Google აქტიურად მონაწილეობდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 2017-18 წლების ზამთრის კამპანიას Google-თან თანამშრომლობით ატარებს. კამპანია 19 ქვეყანას მოიცავს: გერმანია, იტალია, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, უკრაინა, ბელორუსი, რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ყაზახეთი, თურქეთი, ისრაელი ქუვეითი, ბაჰრეინი, საუდის არაბეთი და არაბეთის გაერთიანებული საამიროები.

Google-თან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ.

"საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უკვე მეორე წელია ძალიან აქტიურად თანამშრომლობს კორპორაცია Google-თან, რაც Google-ის მხრიდან ჩვენი მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვასა, მისი ეფექტურობის გაზრდაზე აისახება. ჩვენი ბოლო კამპანიები Google-მა ძალიან წარმატებულად შეფასა. რეზულტატების გასაცნობად და მომავალი თანამშრომლობის დასაგეგმად ჩვენ დღეს საქართველოში ვმასპინძლობთ Google-ის თანამშრომლებს დუბლინის და კიევის ოფისებიდან", - განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.

საქართველოს ტურიზის ეროვნული ადმინისტრაციის წარმატებულ კამპანიაზე საუბრობს Google Ukraine-ის დირექტორი დმიტრო შოლომკო.

"ვფიქრობ ეს კამპანია ძალიან წარმატებული იყო. შედეგით კმაყოფილები ვართ, ტურისტების რაოდენობა საქართველოში იზრდება და ჩვენ მოწადინებულები ვართ, კიდევ უფრო უკეთესი რეზულტატი ვაჩვენოთ. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ქვეყნის წარმოსაჩენად ნამდვილად ეფექტურ და პროფესიონალურ ინტერნეტ კამპანიას ატარებს. საქართველოს მარკეტინგული კამპანია ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და წარმატებულია მთელ პოსტსაბჭოთა კავშირში და ძალიან სასიამოვნოა, როდესაც თქვენი პროდუქტით უმარავი ადამიანი ინტერესდება", - აცხადებს დმიტრო შოლომკო.