მთავარი » ეკონომიკა » სამეგრელოს რეგიონში სანერგე მეურნეობების კვალიფიციურობის დადგენა მიმდინარეობს
სამეგრელოს რეგიონში სანერგე მეურნეობების კვალიფიციურობის დადგენა მიმდინარეობს
17:31 | 6 ნოემბერი, 2017

სამეგრელოს რეგიონში სანერგე მეურნეობების კვალიფიციურობის დადგენა მიმდინარეობს

საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, სტანდარტებისა და სერტიფიცირების სამსახურის წარმომადგენლებმა სამეგრელოს რეგიონში სანერგეები დაათვალიერეს. კვალიფიციურობის დადგენის შემდეგ, სანერგე მეურნეობა სერტიფიცირების პროცესში შეძლებს ჩართვას, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევთი ცენტრი უფასოდ ახორციელებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

კვალიფიციურობის დადგენის პროცესში ჩართვის სურვილის შემთხვევაში, სანერგე მეურნეობამ სტანდარტებისა და სერტიფიცირების სამსახურში უნდა გააკეთოს განაცხადი, რის საფუძველზეც სპეციალისტები საველე ინსპექტირებას ჩაატარებენ.  ლაბორატორიული ანალიზებისა (ვირუსი, ნიადაგი)  და საველე ინსპექტირების შედეგებზე დაყრდნობით, გაიცემა სარგავი მასალის ჯიშობრივი ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

სარგავი მასალების სერტიფიცირების პროცესს „სავალდებულო სერტიფიცირებას დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ“ კანონი არეგულირებს, რომელიც სოფლის მეურნეობის სამეცნერიო-კვლევითი ცენტრის მიერ მომზადდა და ძალაში 2017 წლის 1 ივნისს შევიდა.