მთავარი » ბანკები » 4 ნოემბერს Tbilisi Event Hall-ში, ქართველი მსმენელის წინაშე ჯო ლოვანო წარდგება
4 ნოემბერს Tbilisi Event Hall-ში, ქართველი მსმენელის წინაშე ჯო ლოვანო წარდგება
18:00 | 3 ნოემბერი, 2017

4 ნოემბერს Tbilisi Event Hall-ში, ქართველი მსმენელის წინაშე ჯო ლოვანო წარდგება

თბილისის მე-20, საიუბილეო ჯაზ-ფესტივალი გრძელდება. 4 ნოემბერს, 20:00 საათზე, Tbilisi Event Hall-ში, ქართველი მსმენელის წინაშე მსოფლიოში აღიარებული საქსაფონისტი, ლეგენდარული ჯო ლოვანო, თავის კვარტეტთან ერთად წარდგება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თიბისი ბანკი ავრცელებს.

თბილისის საიუბილეო ჯაზ-ფესტივალი წელსაც, ტრადიციულად მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსების კონცერტებს მასპინძლობს. ფესტივალის ფარგლებში, 2 ნოემბერს ქართველი მსმენელის წინაშე ჯაზისა და სოულის შემსრულებელი ლენგენდარული ჯგუფი Tower of Power წარდგა.

თბილისის საიუბილეო ჯაზ-ფესტივალის ბოლო დღეს კი, კონცერტს გამართავს ახალგაზრდა ქართველი ჯაზ-შემსრულებელი პაპუნა შარიქაძე, თავის ტრიოსთან ერთად, რომელსაც  სპეციალური სტუმარი - მსოფლიოში აღიარებული  ბასისტი EDDIE GOMEZ (ედი გომესი) ეყოლება. ამავე დღესვე გაიმართება ლეგენდარული სტენლი კლარკისა (STANLEY CLARKE), და მისი ბენდის კონცერტი. აღსანიშნავია, რომ სტენლი კლარკის ბენდის მუდმივი წევრი, უკვე რამდენიმე წელია, ქართველი ჯაზ-შემსრულებელი ბექა გოჩიაშვილია. კონცერტის დაწყებამდე კი, თბილისის საკონცერტო დარბაზის ფოიეში, მოეწყობა ახალგაზრდა ქართველი მხატვრის, ირაკლი ჩიქოვანის მიერ, ჯაზის თემატიკაზე შექმნილი ნახატების გამოფენა სახელწოდებით "ჯაზ- ექსპერიმენტი".

პირველ ჯაზ-ფესტივალს თბილისმა ჯერ კიდევ 1978 წელს უმასპინძლა. ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს შორის, საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი, სადაც მსგავსი ტიპის მასშტაბურ ფესტივალს ჩაეყარა საფუძველი და მას შემდეგ, თბილისი, დღემდე რჩება მსოფლიო დონის ჯაზ-შემსრულებლების შეკრების უცვლელ ადგილად.

რიგით მეორე ფესტივალს თბილისმა 1986 წელს, ხოლო მესამეს - 1989 წელს უმასპინძლა. 2000 წლამდე, თბილისის ჯაზ-ფესტივალი არ ჩატარებულა, თუმცა კომპანია ისთერნ პორმოუშენსმა, ჯაზის მოყვარულებს ალტერნატიული მუსიკალური საღამოები შესთავაზა - სხვადასხვა დროს თბილისს სტუმრობდნენ რეი ჩარლზი, ჯეიმს ბრაუნი, "მანჰეტენ ტრანსფერი" და სხვა. 2000 წლიდან კი, თბილისის საერთაშორისო ფესტივალი კვლავ აღდგა და დღემდე გრძელდება. ფესტივალს, ერთადერთი წყვეტა, 2000 წლის შემდეგ, 2008 წელს ჰქონდა, რისი მიზეზიც აგვისტოს ომი გახდა.