მთავარი » ეკონომიკა » სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს
სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს
18:05 | 31 ოქტომბერი, 2017

სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

"აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებულ საკითხებზე მოსახლეობის მხრიდან გამოჩენილი განსაკუთრებული ინტერესის გათვალისწინებით, სურსათის ეროვნული სააგენტო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ აზიური ფაროსანა არ წარმოადგენს საფრთხეს არც ადამიანის და არც ცხოველის/ფრინველის ჯანმრთელობისთვის", - აღნიშნულის შესახებ განცხადებას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მავნებელს არ გადააქვს დაავადებები და ცხოველის/ფრინველის მიერ საკვებად მიღების შემთხვევაში არ არის მომწამვლელი. ცილებით მდიდარი მწერების - კალიის, ხოჭოს, პეპელას მსგავსად, აზიურ ფაროსანასაც ეტანებიან ფრინველები. როგორც ცნობილია, აზიურ ფაროსანას აქვს დამცავი მექანიზმი - იგი სპეციფიკურ სუნს უშვებს. არ არსებობს დადასტურებული კვლევა, რომ ცხოველის/ფრინველის მიერ საკვებად მიღების შემთხვევაში, აღნიშნული სპეციფიკური სუნი ხორცის საგემოვნო თვისებებზე აისახება, თუმცა, ხშირად უსიამოვნო ფსიქოლოგიურ განწყობას ქმნის.

იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ასეთი ფსიქოლოგიური განწყობა, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას სპეციალიზებულ ფერმებში არსებული სტანდარტი, რაც გულისხმობს მოცდის პერიოდს და ცხოველის/ფრინველის დაკვლამდე 10 დღით ადრე საკვები დანამატების (მაგ., თევზის ფქვილი) კვების რაციონიდან ამოღებას.